გამართლებიდან წარმატებამდე | ინტერვიუ მარიამ ჭანტურიასთან

საკუთარ თავს იღბლიანს უწოდებს და ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენა დაეხმარა. თუმცა, ვინ არ იცის, რომ მიზანდასახულობისა და შრომისმოყვარეობის გარეშე, წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

მარიამ ჭანტურია 27 წლისაა, თუმცა მის სახელს უკვე არაერთი წარმატებული პროექტი და ჯილდო უკავშირდება. როგორც თავად ამბობს, მის ცხოვრებაში ჯერ კარიერა შეიქმნა, შემდეგ კი დამსახურებული თავდაჯერებულობა. საკუთარი ძალების რწმენა და გაუტეხლობა ის თვისებებია, რომლის გამოც ღრმად სწამს, რომ შეუძლებელი არაფერია.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება მარკეტინგით?

ვფიქრობ, საკმაოდ ბანალური ისტორია მაქვს. დავამთავრე „კომაროვის“ სკოლა და შემდეგ „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლაში (ESM) ჩავაბარე. სპეციალობის მხრივ არჩევანი ძირითადად მარკეტინგსა და ფინანსებს შორის კეთდებოდა, მალე მივხვდი, რომ მარკეტინგი იყო ის, რაც ძალდატანების გარეშე გამომდიოდა და მსიამოვნებდა. ამიტომ შევცვალე ჩემი დიდი ხნის გადაწყვეტილება გავყოლოდი ფინანსებს და გადავწყვიტე, მარკეტინგი მეცადა.

რა სირთულეები ახლდა თან წარმატებული კარიერის ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებას?

ადრეულ ასაკში, ზოგადად, ნაკლებად თავდაჯერებული ხარ, საქმიან ასპარეზზე საკუთარი თავის რწმენის მოპოვებას წლები სჭირდება. საკმაოდ პატარა, 21 წლის მოვხვდი “McDonald’s“-ში, როგორც მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჩემ ირგვლივ ბევრს უჭირდა დაჯერება, რომ მეოთხე კურსის სტუდენტი ამიყვანეს, თუმცა ასეთი იყო კომპანიის გადაწყვეტილება ‒ მათ სჭირდებოდათ დამწყები კადრი, რომელსაც თავად გაზრდიდნენ. ძალიან გამიმართლა, რომ ისეთ ფანტასტიკურ გუნდთან მომიწია მუშაობა, რომელთან ერთადაც მალე დავიჯერე, რომ მხოლოდ შემთხვევით არაფერი ხდება და ამ „გამართლებასაც“ მოპოვება სჭირდება.

თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს გამართლება თქვენს ცხოვრებაში?

ჩემს უნივერსიტეტში ბავშვები საუკეთესო ქულებით ხვდებიან. თითოეული ჩვენგანი მიჩვეული იყო, რომ თავის სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩემთვის ერთგვარი შოკი იყო, როცა 100 ჩემნაირ და ჩემზე უკეთეს თანატოლთან მოვხვდი. დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ მინდოდა კონკურენტუნარიანი ვყოფილიყავი ‒ ამიტომ სამსახურის ძიება ადრეულ ასაკშივე დავიწყე, რათა პრაქტიკული გამოცდილებაც შემეძინა. ვმუშაობდი სრულიად უხელფასოდ, მინიმალურ ანაზღაურებაზეც, დავდიოდი სტაჟირებებზე… თუმცა ამ პატარ-პატარა გამოცდილებებმა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში თავისი როლი ითამაშეს და დავრწმუნდი, რომ მოძრაობას და მცდელობას ყოველთვის ახალი შესაძლებლობები მოაქვს.

განსაკუთრებით რომელ კომპანიებთან თანამშრომლობამ შეუწყო ხელი თქვენს პროფესიულ ზრდას?

ზოგადად, ჩემი პროფესია დინამიურია და მუდმივად მოითხოვს ცვლილებებს. კარიერული თვალსაზრისით, მადლიერი ვარ, რომ ძლიერ კომპანიებთან მაქვს მუშაობის გამოცდილება ‒ „ლივინსგტონი“, McDonald’s, „მარიოტი“, Mastercard, ‒ ჩემს განვითარებაში ყველას თავისი უნიკალური წვლილი მიუძღვის. მარკეტინგის სფეროში უმოქმედოდ ვერ გაჩერდები, ყოველთვის უნდა განვითარდე, რაღაც ახალს მოერგო, ადაპტირდე ან კიდევ უფრო საინტერესო ‒ შენ თვითონ დასახო ახალი გამოწვევები.

გარდა წარმატებული თანამშრომლობებისა, მქონია უიმედო გამოცდილებებიც, თუმცა მგონია, რომ მათ გარეშე შეუძლებელია და რაღაც მხრივ აუცილებელიც ‒ გიძლიერებს მადლიერების და დაფასების უნარს. იმ კომპანიების წარმატებებისთვის თვალის დევნება, რომლებშიც მიმუშავია, და ჩემი, თუნდაც, ძალიან პატარა წვლილის აღმოჩენა, დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ქალს, შეგექმნათ თუ არა რაიმე სახის დაბრკოლებები საზოგადოებისა თუ დამსაქმებლის მხრიდან?

სამწუხაროდ, კი, ყოფილა ისეთი დაბრკოლებები, რომლებიც ვგრძნობდი, რომ კაცებს არ შეექმნებოდათ. ამ, თითქოს, უხილავი დაბრკოლებების გამო, ქალებს მიზნის მისაღწევად მეტი დრო, ენერგია და რესურსები გვჭირდება, რათა ჩვენს შესაძლებლობებში სხვებიც დარწმუნდნენ. თავიდან ეს რთული იყო, თუმცა გავიაზრე, რომ რეალობა დღეს ასეთია და თავს დათრგუნვისა და დანებების უფლება არ უნდა მივცე.

უსამართლობასთან გამკლავებაში, ალბათ, ყველაზე მეტად რეალური შედეგების დანახვა გვეხმარება ‒ Best Marketing Plan 2018-ში McDonald’s-სა და Forbes 30 Under 30 – 2019-ში საკუთარი სახელის ამოკითხვამ დიდი მოტივაცია შემძინა.

თქვენი აზრით, რა აუცილებელი თვისებები სჭირდება კარგ მარკეტერს, რათა დასაქმების ბაზარზე წარმატებული და კონკურენტუნარიანი იყოს?

უმთავრესად საჭიროა, ყველაფერში აზრის დანახვას ცდილობდე და თავადაც ყველაფერში რასაც აკეთებ, აზრს დებდე. მარკეტოლოგის ერთ-ერთი ფუნქციაა, კრეატიული გადაწყვეტა მოუძებნოს იმ გამოწვევას თუ პრობლემას, რომლის წინაშეც მისი კომპანია დგას. რესურსები ყოველთვის შეზღუდულია, შედეგის მისაღწევად კი მიზნებისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარია აუცილებელი.

ხშირად, ჩვენს პროფესიაში იმდენად შევდივართ ხოლმე რეკლამის, როგორც ხელოვნების, ეშხში, რომ  ცოტა გვერდზე გვრჩება კომპანიის ის მიზანი, რის გამოც კამპანია დაიგეგმა, ამის თავიდან ასაცილებლად თანმიმდევრულობაა საჭირო.

რა რჩევებს მისცემდით ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთაც კარიერის გაგრძელება მარკეტინგის სფეროში სურთ?

ვფიქრობ, ყველაზე მთავარია, არ იყო ზარმაცი და მოერიო ეგოს. საწყის ეტაპზე, შესაძლოა, არაერთი მოსაწყენი საქმე შეგხვდეს, თუმცა აქედანაც შეიძლება რაღაცის სწავლა, განვითარება ‒ მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი თვისებების, როგორიც დისციპლინა და პასუხისმგებლიანობაა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, სად წარმოგიდგენიათ პროფესიული საქმიანობა რამდენიმე წელში?

ჩემი უდიდესი სურვილია, რაღაც ეტაპზე უშუალოდ ქვეყნის მარკეტინგზე ვიმუშაო. მგონია, რომ დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს, თუმცა, მცირე მასშტაბიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რთულია ბუნებრივად პოზიცირება მსოფლიო რუკაზე. საბოლოოდ, ვისურვებდი, დასაქმებულის პოზიციიდან დამსაქმებლის როლში გადავინაცვლო. მინდა, მქონდეს შესაძლებლობა, ნიჭიერ ახალგაზრდებს ხელი შევუწყო.

როგორ შეაფასებდით დღეს მარკეტინგის, როგროც სფეროს მდგომარეობას ქვეყანაში?

მარკეტინგის მთავარი სირთულე იმაშია, რომ ეს არ არის ზუსტი მეცნიერება, განსხვავებით ‒ კვანტური ფიზიკის ან პროგრამირებისგან. თითქოს, მარკეტინგი ყველას ესმის და ბევრად უფრო რთულია ნდობის მოპოვება ‒ გენდონ შენ და არა ‒ საკუთარ აზრს. ბევრი კომპანია უკვე იაზრებს მარკეტინგის საჭიროებას, თუმცა ჯერ კიდევ ხშირად ხდება უხეში ჩარევა და ბიუჯეტის დაზოგვა მარკეტინგის ხარჯზე. იმდენად ნიჭიერი თაობა მოდის ამ სფეროში, რომ მჯერა, შეძლებენ მალე იყოს აღქმული მარკეტინგი როგორც ინვესტიცია და არა ხარჯი.

როგორ უნდა დაგეგმოს კარიერის/განვითარების გზა მარკეტოლოგმა?

ჩემი გადმოსახედიდან, სხვადასხვა აკადემიური ხარისხების მოპოვება მარკეტინგში აზრსმოკლებულია, იმდენად სწრაფად იცვლება გარემო, რომ, თუნდაც, 2 წლის წინ ნასწავლსაც კი, შესაძლოა, დღეს აქტუალურობა დაეკარგოს.

პირადად მე, ჩემი რეცეპტი მაქვს ‒ ვცდილობ, გავეცნო ვიწრო მიმართულებებს. მაგალითად, პოლიტიკურ მარკეტინგს, მოდის მარკეტინგს, პერსონალურ ბრენდინგს და ა.შ. ამ გზით მგონია, რომ ჩარჩოებიდან გამოდიხარ და უფრო არაორდინალურ, თავისუფალ აზროვნებას იწყებ.