თბილისის იუსტიციის სახლის მომსახურების სივრცეში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მინის დამცავი ბარიერები დამონტაჟდა. შესაბამისი სამუშაოები იუსტიციის სახლში შაბათ-კვირას მიმდინარეობდა.
ბარიერების მონტაჟი უკვე დასრულებულია უცხოენოვანი მომხმარებლის მომსახურებისთვის განკუთვნილ და საკონსულტაციო სივრცეებში, ჯამში 180 მაგიდაზე. დღის ბოლოსთვის მონტაჟი მთლიანად დასრულდება ხანგრძლივი სივრცის მომსახურების მაგიდებზე. ჯამში, თბილისის იუსტიციის სახლში მინის დამცავი ბარიერი 328 მაგიდაზე დამონტაჟდება.
ამასთანავე, მომხმარებელსა და ოპერატორს შორის დისტანციის გაზრდის მიზნით, ყველა მაგიდა კლავიატურის დაგრძელებული სადგამით აღიჭურვება, რაც სრულად უზრუნველყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ 1 მეტრიან დისტანციას.
რაც შეეხება სწრაფი მომსახურების სივრცეს, რომელსაც მომხმარებელი მზა დოკუმენტის გასატანად მიმართავდა, 13 მარტს გამოქვეყნებული შეზღუდვების თანახმად, დროებით გაუქმებულია და მზა დოკუმენტების გატანა თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებელს მხოლოდ „ჯასთ დრაივის“ სარკმლებიდან შეეძლება, რომელიც იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა ფლიგელზე, ავტოსადგომის მხარეს მდებარეობს.
პირველ აპრილამდე დისტანციურ რეჟიმზე იმუშავებს იუსტიციის სახლის ადმინისტრაციული ნაწილი, ე.წ. ბექ-ოფისიც. საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის 108 თანამშრომლიდან დისტანციურად იმუშავებს 55 პირი. რაც შეეხება წინა ხაზის თანამშრომლებს, მათი სამუშაო განრიგი შეიცვალა, ხოლო სამუშაო საათების რაოდენობა შემცირდა.
წყარო: იუსტიციის სახლი