საუკუნეების განმავლობაში წერა კაცების პრივილეგიად ითვლებოდა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, საუკეთესო შემთხვევაში, ლიტერატურაში ქალის როლი მკითხველად ყოფნით შემოიფარგლებოდა. დღეს სხვადასხვა სფეროში ქალთა ჩართულობა გაზრდილია, მათ შორის მწერლობაში. შედეგად კი საზოგადოებამ, როგორც იქნა, გაიგო მწერალი ქალების ხმა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არად აგდებდა.
„ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი, თუკი ის მხატვრული ლიტერატურის შექმნას აპირებს.“ – ვირჯინია ვულფი
შემოდგომის მიწურულს თბილისი, ტრადიციულად, წიგნის ფურცლების სურნელში ეხვევა. თბილისის წიგნის დღეებზე მკითხველებს სასურველი წიგნების შეძენა ექსპო ჯორჯიაში 28 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. უცხოელი ავტორების წიგნებთან ერთად მკითხველს თანამედროვე ქართველი მწერლების გაცნობის შესაძლებლობაც აქვს. თბილისის წიგნის დღეებიდან წარმოგიდგენთ სამ ქართველ მწერალ ქალს , რომელთა შემოქმედებაც დაგარწმუნებთ, რომ წერას სქესი არ აქვს; წერა თანაბრადაა როგორც მამაკაცის, ისე ქალის საქმე.
სალომე ბენიძე
სიაში პირველი ქართველი პოეტი და მწერალი სალომე ბენიძეა, რომელსაც განსაკუთრებული აღიარება პროზაულმა კრებულმა „ქალაქი წყალზე“ მოუტანა.
სალომე დაიბადა 1986 წლის 12 ნოემბერს, ქუთაისში. სხვადასხვა დროს სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ვილნიუსის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით და ალექსანდრეს სახელობის თესალონიკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საზოგადოებრივ ურთიერთობებზე.
სანამ პროზის მკითხველთა საყოველთაო სიყვარულს მოიპოვებდა, სალომე ბენიძე უქმად ნამდვილად არ მჯდარა. ის ავტორია ორი პოეტური კრებულისა, რომლებმაც პოეზიის მოყვარულთა აღტაცება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ სალომეს ერთ-ერთი პოეტური კრებული მხოლოდ მკითხველთა ემოციებს არ დასჯერდა; 2012 წელს სალომეს კრებულისთვის „მოხსენებითი ბარათი“ მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში.
2018 წელს გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ სალომესა და ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ერთობლივი ფოტოწიგნი „sHEROes“ გამოსცა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირი ქალების ისტორიებს მოგვითხრობს.
რეკომენდაცია: „ქალაქი წყალზე“
თუ ქალების ძალა ჯერ კიდევ გაეჭვებთ, ე.ი. ამ წიგნის კითხვის ბედნიერება წინ გაქვთ. „ქალაქი წყალზე“ თავბრუდამხვევი სიუჟეტითა და ორიგინალური თხრობის სტილით გამოირჩევა. წიგნი რეალობისა და ფანტაზიის ბეწვისხიდზე გაგატარებთ, გაგაცნობთ ძლიერ, მამაც და გამორჩეულ ქალებს, რომლებიც, მიუხედავად უამრავი განსხვავებისა, ერთმანეთთან უხილავი ძაფებით არიან დაკავშირებული. სალომეს მიერ გამოგონილ ქალაქში ცალკეული ადამიანების ისტორიები ერთმანეთშია გადახლართული და დამოუკიდებელი მოთხრობები ერთ ცოცხალ ორგანიზმს კრავს, რომელიც შესაძლოა წყალზე გაშენებული ქალაქის ქვეშ ბინადრობდეს.
წიგნის გვერდითი მოვლენა: მწერალი ქალის შემოქმედებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ეჭვის გაქარწყლება.
ნატო დავითაშვილი
ფენტეზის ჟანრი ქართველ მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ მათგან არც თუ ისე ბევრს ეცნობა ნატო დავითაშვილის სახელი, რომელიც ლიტერატურულ ასპარეზზე დაახლოებით ათი წლის წინ გამოჩნდა.
ნატო დავითაშვილი ფენტეზის ჟანრში 2000-იანი წლებიდან წერს, თუმცა მისი პირველი წიგნი „ამბავი ლილე იროელისა“ მაღაზიების თაროებზე მხოლოდ 2007 წელს გამოჩნდა.
წერა ქართული მითოლოგიისა და ფენტეზის ჟანრის სიყვარულმა დააწყებინა. მართლაც, ნატო დავითაშვილის წიგნებში გვხვდება ქართულ მითოლოგიაზე დაფუძნებული სამყაროები და პერსონაჟები, ნაცნობი ადგილები და მითოლოგიური არსებები-დევები, ღვთისშვილები და ა.შ.
ნატო დავითაშვილს რომანისთვის „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“ მიღებული აქვს „ოქროს ბუმბულის“ ლიტერატურული პრემია, ხოლო რომანისთვის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ – ლიტერატურული პრემია „გალა“.
რეკომენდაცია: „ამბავი ლილე იროელისა“
თუკი ქართული მითოლოგია მოსაწყენად გეჩვენებათ, ლილე იროელის შესახებ არაფერი გსმენიათ. „ამბავი ლილე იროელისა“ „იროელთა ქრონიკების“ პირველი წიგნია. ამბავი მითოლოგიის, ტრადიციებისა და ავტორის ფანტაზიის ჰარმონიული შერწყმის იდეალური მაგალითია. წიგნი არაა მორიგი უბრალო ისტორია კეთილისა და ბოროტის შესახებ. „ამბავი ლილე იროელისა“ დატვირთულია გეოგრაფიული ლოკაციებით, რასებით, ქართული ტრადიციული ელემენტებით, – ავტორს შესაშური სიზუსტით აქვს დამუშვებული და გათვალისწინებული თითოეული პატარა დეტალი. წიგნის მთავარი გმირი, მამაცი ლილე, თავს ნებისმიერი ასაკის მკითხველს შეაყვარებს. ამბავი არც ძლიერი ქალი პერსონაჟების ნაკლებობას უჩივის: გაიცნობთ დედოფალ თეკლას, თუთასა და კაისას.
„ამბავი ლილე იროელისა“ მსუბუქი და დინამიური თხრობის სტილით, პერსონაჟთა შთამბეჭდავი სახელებითა და სახეებით ფენტეზისთვის დამახასიათებელი ეპიკური სცენებით გამოირჩევა, რაც ნებისმიერი ასაკის, სქესისა და გემოვნების მკითხველს აიძულებს ბოლო ფურცლის ჩამთავრებისთანავე „იროელთა ქრონიკების“ მომდევნო წიგნის საყიდლად თავქუდმოგლეჯილი გაიქცეს.
წიგნის გვერდითი მოვლენა: ნატო დავითაშვილის შემოქმედებამ შესაძლოა საბავშვო ჟანრად წოდებული ფენტეზი შეგაყვაროთ!
მარი ბექაური
თანამედროვე ქართველ ქალ მწერლებზე საუბარი მარი ბექაურის გარეშე წარმოუდგენელია. მიუხედავად მცირე ასაკისა, მარი ერთი მოთხრობების კრებულისა და ოთხი რომანის ავტორია. მარის მოთხრობები რამდენიმე ენაზეა თარგმნილი. ის არის ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ გამარჯვებული ნომინაციაში „ჟიურის სიმპატია“, აგრეთვე, მოთხრობამ „ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია“ მარის ლიტერატურულ კონკურსზე „წერო 2010“ პირველი ადგილი მოუტანა.
ავტორის პირველი რომანი „ბებია, რეი და ამერიკა“ წიგნის თაროებზე 2012 წელს გამოჩნდა. მომდევნო წლებში მას კიდევ ორი – „მეორე მხარე“ და „სამხრეთის უბანი“ მოჰყვა, თუმცა ავტორისთვის ყველაზე წარმატებული „ანას მომენტი“ გამოდგა, რომელიც წიგნების თაროებზე 2017 წელს გამოჩნდა და მალევე დაიმსახურა მკითხველისა და კრიტიკოსების მოწონება.
რეკომენდაცია: „ანას მომენტი“
ანას მომენტი ჟანრობრივად განსხვავებული რომანია – თრილერის, მისტიკისა და დეტექტივის წარმატებული ნაზავი. მარი ბექაური ახერხებს არა მხოლოდ ორიგინალური სიუჟეტის შექმნას, არამედ თანამედროვე ქართულ პროზაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პერსონაჟსაც ხატავს. წიგნის მთავარი გმირი წარმატებული მწერალი ანა ნაკაშიძეა, რომელიც მეხსიერებას კარგავს. ანა ნაკაშიძე მიზანდასახული და წარმატებული ქალია, რომელიც უკან არაფერზე დაიხევს. ის მზადაა, მსოფლიო ყურადღების მისაპყრობად ყველა შესაძლო გზა გამოიყენოს.
ერთი შეხედვით, რომანი ანას პირად ტრაგედიაზეა აგებული, თუმცა ყოველ გადაფურცვლას მკითხველი უფრო შორს მიჰყავს, იქ, საიდანაც საერთო სურათი უკეთ ჩანს და მკითხველი ხვდება, რომ „ანას მომენტი“ არა ქალის პირადი ტრაგედია, არამედ მსოფლიო გულგრილობის რეკვიემია.
წიგნის გვერდითი მოვლენა: შესაძლოა, მეხსიერება დაკარგოთ და წიგნის სიუჟეტის გარდა, ყველაფერი დაგავიწყდეთ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვირჯინია ვულფის ოცნება, ქალებს თავისუფლად წერის შესაძლებლობა ჰქონოდათ, მიუღწეველი აღარაა. ქართველ ქალებს დღეს აქვთ შესაბამისი ნიჭიც, გამბედაობაცა და შესაძლებლობაც, რაშიც აუცილებლად დარწმუნებით თუ ექსპო ჯორჯიადან ქართველი მწერალი ქალების წიგნებით ხელდამშვენებულნი დაბრუნდებით.