www.findouttbilisi.com – ის ახალი პორტალია, რომელიც ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. იდეის ორგანიზატორი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს, თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ, გაავრცელა.
პლატფორმა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის ეკონომიკურად გააქტიურებას, მათი ცნობადობისა და, შესაბამისად, შემოსავლების გაზრდასა და შიდა ტურიზმის განვითებას.
“აღნიშნული პორტალის მეშვეობით ისინი საკუთარი სერვისების გაყიდვას პირველ ეტაპზე შიდა, ხოლო შემდეგში, უკვე საერთაშორისო ტურისტებზე შეძლებენ. საერთაშორისო ქსელებზე სერვისების კატალოგს სწორედ ჩვენი პარტნიორი ქალაქების მეშვეობით გავავრცელებთ, რაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია ანდრია ბასილაიას განცხადებაში.
ვებგვერდი თბილისში რეგისტრირებულ კომპანიებს (ტურისტული გიდები, საკვები ობიექტები, ღვინის ბარები, კონცეპტუალური მაღაზიები და ა.შ.) საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაცია უფასოდ განათავსონ, როგორც ქართულ, ისე – ინგლისურ ენებზე.
გამომდინარე იქიდან, რომ, ძირითად, საინფორმაციო პორტალებზე ინფორმაცია ხშირად ძველი ან არაზუსტია, www.findouttbilisi.com-ის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ბაზა სრულიად განახლებული მონაცემებითაა აღჭურვილი.