საბანკო ინდუსტრიაში 17 წლიანი გამოცდილება და, ფაქტობრივად, მთელი კარიერის მანძილზე ზრუნვა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. ამ საქმეს ნათია ვაჭარაძე უკვე 14 წელია თიბისის გუნდის წევრის სტატუსით აკეთებს. ბიზნეს სეგმენტის მართვის ლიდერისთვის მსოფლიო პანდემიამ პასუხისმგებლობა გააორმაგა, მათ შორის იმიტომაც, რომ თიბისიმ ეპიდემიის დასაწყისშივე მიზნად დაისახა გამოწვევის შესაძლებლობად ქცევა!
ნათია ამბობს, რომ თიბისის ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება გავლენას არა მხოლოდ მათ მომხმარებლებზე, არამედ იმ ადამიანებზე ახდენს, რომლებიც დასაქმებულები არიან ბიზნესში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მათი წილი სოლიდურია, ზოგადად, დასაქმების მაჩვენებელში. თიბისიში მიიჩნევენ, რომ გამოწვევების დროს მათი მთავარი როლია დაეხმაროს ბიზნესს ფუნქციონირება მინიმალური დანაკარგებით განაგრძოს, შეინარჩუნოს თანამშრომლები. როცა პანდემიას „ლოქდაუნამდე“ მივყავართ, როცა სხვადასხვა სფეროს საქმიანობა დროებით ჩერდება, ბიზნესი ფინანსური პრობლემების წინაშე დგება, მათ შორის ერთი საბანკო სესხების მომსახურებაა. ნათია ვაჭარაძე გვეუბნება, რომ ეს მიმართულება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო და ამიტომაც თიბისიმ ბიზნესს გადავადების შესაძლებლობა მისცა, თანაც რამდენიმე ეტაპად.
„ვფიქრობ, მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, თიბისიმ შეძლო ბიზნესის მხარდაჭერა და ყველაზე კრიტიკულ პერიოდში მათ გვერდით დგომა. ჩვენ შეზღუდვების პერიოდშიც კი არ შეგვიწყვეტია მათი ფინანსირება, პირიქით, ახალი სასესხო პროდუქტებიც კი შევთავაზეთ მომხმარებელს ‒ სტარტაპ საწარმოს სახით, აგრეთვე უგირავნო სესხების ლიმიტი 250,000 ლარამდე ავწიეთ. ამავე პერიოდში არაფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით არაერთი ინიციატივა განხორციელდა, 3 000-ზე მეტი ბიზნესი ონლაინ კურსებს დაესწრო, ჩატარდა ბიზნეს აპლიკაციების კონკურსი და ბიზნესდაჯილდოება“.
რთული წლის ბოლოს, თიბისის ბიზნეს სეგმენტის ლიდერი მიიჩნევს, რომ მათ მსოფლიო გამოწვევა შესაძლებლობად აქციეს. პანდემიამ ფინანსური ინსტიტუტი იმაშიც დაარწმუნა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია, პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაცია და გამარტივება დღევანდელ რეალობაში წარმატების მიღწევის ერთადერთი სწორი გზაა. როცა ნათია ამას ამბობს, კონკრეტულ პროექტებს და მის შედეგებს ეყრდნობა. ერთ-ერთი ასეთი და პირველი ინიციატივა, რომელიც თიბისიმ ახალი რეალობის დადგომისთანავე გაუშვა ონლაინ მაღაზიას ეხება. უკვე დღეს ნათია ვაჭარაძე გვეუბნება, რომ „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ წარმატებული გამოდგა, მიზეზს სწორ დროს სწორ მხარდაჭერაში ხედავს.
„უეცრად ბიზნესი დიდი გამოწვევის წინაშე სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა, როგორც ტექნოლოგიურად, ისე ფინანსური რესურსების თვალსაზრისით. ჩვენი პროექტი კი ბიზნესს ონლაინ მაღაზიის შექმნას უმოკლეს დროში სთავაზობდა, საჭირო ფოტო მასალის შექმნა და ვებ გვერდის მომსახურება 6 თვის მანძილზე სრულად დაფინანსებულია თიბისისა და VISA-ს მიერ. ჯამში პირველ ეტაპზე პროექტის საშუალებით 200 ონლაინ მაღაზია დაფინანსდა. ამჟამად კი, პროექტში კომპანიების მეორე ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომლებსაც ასევე, თიბისის და ვიზას მხარდაჭერით დაუმზადდებათ ონლაინ მაღაზია“.
თიბისიმ საჭიროებების კვლევის შედეგად დაინახა, რომ კომპანიების გაყიდვებს დიდწილად ციფრული მარკეტინგი განსაზღვრავდა. სწორედ ამიტომ „ეფსესთან“ და საკომუნიკაციო სააგენტო „ვინდფორსთან“ პარტნიორობით, 100 კომპანიისთვის ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადების პროექტი წამოიწყო. შედეგად ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია 33 კომპანიას უკვე აქვს. ბიზნესის მეორე ნაკადისთვის ამჟამად 9 სხვადასხვა სააგენტო მუშაობს, ხოლო ბოლო, მესამე ტალღაზე განცხადების მიღება დეკემბრის შუა რიცხვებში გამოცხადდა. შესაბამისად, 100 კომპანია 2021 წელს ახალი საკომუნიკაციო გეგმით დაიწყებს.
სულ რამდენიმე კვირის წინ გაეშვა და მომხმარებლის ინტერესი უკვე მაღალია თიბისის „ბიზნეს კლუბის“ ანუ მხარდაჭერის ახალი პლატფორმის მიმართ. ეს თიბისის განაცხადია, რომ ის კლუბის წევრების მხარდაჭერაზე, განვითარებასა და სოციალიზაციაზე იზრუნებს. ბიზნეს კლუბის შექმნით თიბისი მომხმარებლებს უმარტივებს ბიზნესის კეთებას, უზრუნველყოფს მათ ინფორმირებულობას, ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საკითხზე, ზრუნავს რომ დაამყარონ კავშირები პოტენციურ პარტნიორებსა თუ მომხმარებლებთან.
„ბიზნეს კლუბის შექმნის იდეა ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი, ეს არის საბანკო მიმართულებით ინოვაციური ე.წ. გამოწერის მოდელი, რომელიც მომხმარებელს უმარტივებს ძირითადი საბანკო მომსახურების მიღებას საბანკო ნაკრებების გამოწერის საშუალებით. მეორე, ეს არის არასაბანკო სერვისების მიმართულებით ბოლო წლების მანძილზე ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები, რომლებმაც ნათლად აჩვენა რამდენად დიდია ინფორმაციის გაცვლის, სოციალიზაციის, განათლების და სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერის საჭიროება. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ორი სერვისი გაგვეერთიანებინა კლუბის კონცეფციაში, სადაც მომხმარებელი საბანკო სერვისების გამოწერის საშუალებით გახდებოდა ერთგვარი ბიზნეს სოციუმის წევრი, და ამასთან მიიღებდა ექსკლუზიურად კლუბის წევრებისთვის განკუთვნილ ისეთ ბენეფიტებს, როგორიც არის სხვადასხვა კურსები, ე.წ. Q&A სესიები, ფორუმები, სპეციალური შეთავაზებები საკონსულტაციო კომპანიებისგან, საკომუნიკაციო სააგენტოებისგან, ქეშბექი ციფრულ მარკეტინგში დახარჯულ თანხაზე და ა.შ.“.
პანდემიამ დისტანციურ ცხოვრებასთან შეგუების წინაშე დაგვაყენა, თიბისი აქაც მოწინავე აღმოჩნდა. იმდენად, რომ მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემის ‒ Global Finance-ის 21-ე დაჯილდოებაზე, თიბისი კორპორაციული ციფრული ბანკების კატეგორიაში 2020 წლის საუკეთესოდ დასახელდა. ასევე, კომპანიამ მსოფლიოში საუკეთესო ბანკის ტიტული, როგორც აღნიშნული მიმართულებებით მომხმარებელზე სრულად ორიენტირებულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, მოიპოვა. ნათია ამბობს, რომ ციფრული არხების განვითარების მიმართულებით თიბისის ბოლო წლების სტრატეგიამ განაპირობა ის, რომ პანდემიის მიუხედავად მან მომხმარებლების შეუფერხებლად მომსახურება უზრუნველყო. პრიორიტეტი უცვლელი იყო ეპიდემიამდეც ‒ თიბისის მომხმარებლებს მაქსიმალურად მარტივი და გაციფრულებული სერვისებით უნდა ესარგებლათ.
„რამდენიმე თვის წინ გავუშვით ბიზნეს აპი ‒ მობილური აპლიკაცია შექმნილი სპეციალურად ბიზნეს მომხმარებლებისთვის, რომელიც მათთვის კიდევ უფრო გაამარტივებს საბანკო და არა მხოლოდ საბანკო სერვისების მიღების პროცესს. ახალი ბიზნეს აპი გაეშვა საკვანძო ფუნქციონალით, რაც მომხმარებლებს ბიზნეს დავალებების შესრულებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. თუმცა განსაკუთრებული აქ არის მიდგომა, რაც გულისხმობს აპლიკაციაში ახალი ფუნქციონალის დამატებას ან არსებულის ცვლილებას მომხმარებლების საჭიროებების ანალიზის საფუძველზე“.
ერთია ბიზნესის მხარდაჭერისთვის ზრუნვა, მეორე მათი დაფასება და წარმატების აღიარება. რთული წლის მიუხედავად, თიბისიში არავის გასჩენია კითხვა ტრადიციული დაჯილდოების ჩატარების თაობაზე. მას შემდეგ, რაც ფინანსურმა ინსტიტუტმა ბიზნესების მხრიდან ვითარებასთან ადაპტაციის, კრეატიული გადაწყვეტების თუ სწრაფი ტრანსფორმაციის მაგალითები დაინახა, რიგით მეხუთე დაჯილდოებას სპეციალური ნომინაცია ‒ „ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის“ დაემატა.
წელს თიბისის დაჯილდოებას 400 მონაწილე ჰყავს, ნათია ამბობს, რომ მათ შორის ბევრია ისეთი, რომელთა წარმატების გაზიარებაც სხვებისთვის შეიძლება სტიმულიც გახდეს.
წლის ბოლოს რეალობა აჩვენებს, რომ არც 2021 წელი იქნება მარტივი. თიბისიში შემართებით არიან, მათმა მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით არაერთი საინტერესო სიახლე ელოდებათ, რაც, როგორც თიბისის ბიზნეს სეგმენტის ლიდერი გვეუბნება, მათ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. თიბისი იზრუნებს, რომ მომხმარებელს განათლებასა და ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით ახალი ფორმატებიც შესთავაზოს. როგორც ნათია ვაჭარაძე აანონსებს, განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო ინიციატივები ბანკს ბიზნეს კლუბის წევრებისთვის ექნება.