თავის დროზე, ბანკი ფულისა და სხვა ღირებული აქტივების შესანახად განკუთვნილი დაცული ადგილი იყო. ბანკის ძირეული ფუნქცია დღესაც უცვლელია, თუმცა დიდი ხანია, რაც ის მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი აღარ არის, მით უფრო ტექნოლოგიურად განვითარებულ დინამიურ სამყაროში, სადაც პირადი ბანკირები, ციფრული პროდუქტების დახმარებით, მომხმარებლების მრჩევლები და პარტნიორები არიან.
დაგროვილი კაპიტალის მართვის კუთხით, თიბისი საქართველოს წამყვანი ბანკია, რომელიც 2700-მდე ქართველ და უცხოელ მომხმარებელს ემსახურება და ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გარდა, მათ ფულის სხვადასხვა ალტერნატიულ საინვესტიციო პროდუქტებში დაბანდების შესაძლებლობას აძლევს.
მაღალშემოსავლიანი სეგმენტის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული მომსახურების, გასულ წელს ჩატარებული რებრენდინგისა და თიბისის ამ მიმართულების სამომავლო გეგმების შესახებ, თიბისის დაგროვილი კაპიტალის მართვის (Wealth Management) განყოფილების ხელმძღვანელს, ნინო სტურუას ვესაუბრეთ.
ნინო, ნებისმიერი საქმიანობის წარმატებას დიდწილად ხელმძღვანელის კომპეტენცია და პირადი გამოცდილება განაპირობებს. მოგვიყევით თქვენი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ.
ვფიქრობ, ნებისმიერი მიმართულების წარმატებას, დიდწილად, მაინც გუნდი განაპირობებს ‒ მე კი, ძალიან გამიმართლა, რადგან განსაკუთრებული გუნდი მყავს, რომელთან ერთადაც, მონდომებით, შემართებითა და ბევრი შრომით მივაღწიეთ იმას, რომ დღეს, თიბისის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულება ასეთი წარმატებულია.
რაც შეეხება ჩემს განათლებას, თავდაპირველად, European School of Management (ESM) დავამთავრე, რის შემდეგაც სხვადასხვა კურსი გავიარე, როგორც ლონდონის ბიზნეს სკოლაში, ასევე ლუქსემბურგისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. 17 წელიწადზე მეტია, რაც საბანკო სფეროში ვმუშაობ და სხვათა შორის, ჩემი პირველი სამსახურიც თიბისის უკავშირდება ‒ აქ ჯერ კიდევ სტუდენტობისას დავსაქმდი. მას შემდეგ, კარიერა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ბანკში, HSBC-ში გავაგრძელე, 2011 წელს კი, კვლავ თიბისიში დავბრუნდი. იმ დროს, მსხვილი მოცულობის შემოსავლის მქონე არარეზიდენტი კლიენტების მოზიდვაზე ვმუშაობდით. შედეგად, ისრაელის წარმომადგენლობითი ოფისი გავხსენით. ეს მიმართულება რომ ჩავიბარე, პორტფელის ჯამური მოცულობა სულ რაღაც 10 მილიონ ლარს შეადგენდა. მას მერე დიდი დრო გავიდა და გუნდმა ბევრ წარმატებას მივაღწიეთ.
როდის და რა მიზნით გაჩნდა დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულება თიბისის პერსონალური საბანკო მიმართულების ფარგლებში?
ამ მიმართულების გაჩენის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ქართული ეკონომიკის სწრაფი განვითარება და ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ სულ უფრო მზარდი ინტერესი გახდა, რის შედეგადაც, წარმატებულ ადამიანებს პერსონალური საბანკო მომსახურების დამატებითი პირობების საჭიროება გაუჩნდათ, ასევე მოთხოვნა ‒ საკუთარი ფინანსების სწორად მართვისთვის პროფესიონალური მხარდაჭერა მიეღოთ.
21-ე საუკუნის მუდმივად ცვალებად გარემოში და ცხოვრების აჩქარებულ ტემპში, ყველაზე პრიორიტეტული დრო და სიმარტივე გახდა. სწორედ თანამედროვე ადამიანის ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა თიბისის დაგროვილი კაპიტალის მართვის მომსახურება, რომელიც სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან ‒ გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება; აქ, ახლა შესთავაზოს მათ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც პირადი თუ საქმიანი მიზნების განსახორციელებლად სჭირდებათ.
15 წლით ადრე, თიბისის VIP-კლიენტების მომსახურების მიმართულება არსებობდა, რომელსაც 2011 წელს არარეზიდენტი მომხმარებლების მიმართულებაც დაემატა. 2019 წელს კი, ეს ორი მიმართულება ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა.
კონკრეტულად რა პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ადგილობრივ და უცხოელ ფიზიკურ პირებს მათზე მორგებულ ინდივიდუალურ საბანკო მომსახურებას, ასევე საინვესტიციო და სადაზღვევო პროდუქტებს ვთავაზობთ. გარდა ამისა, მათ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციასა და ჩვენთან ერთად დასახული მიზნების მიღწევაში ვეხმარებით. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს დაგროვილი კაპიტალის გაზრდაში დავეხმაროთ.
მოკლე თუ გრძელვადიანი ლიკვიდობა, უძრავი ქონების შეძენა, სესხის რეფინანსირება თუ საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენა ‒ ფინანსურ გადაწყვეტებს კლიენტის კონკრეტულ საჭიროებებს ვარგებთ და მას ფინანსური მიზნების მიღწევაში ვეხმარებით.
ჩვენი მომსახურება სანდოობას, ოპერატიულობას, სიზუსტესა და მუდმივობას ეფუძნება ‒ ამ ღირებულებების შესანარჩუნებლად 24/7-ზე ვმუშაობთ. ჩვენი წარმატების უკან ჩვენი მომსახურების ფუნდამენტი ‒ პირადი ბანკირების გუნდი დგას.
პირადი ბანკირების პარალელურად, მომხმარებლებს სერვისს მაღალგანვითარებული დისტანციური არხების ‒ ინტერნეტბანკისა და მობაილბანკის საშუალებით ვაწვდით.
WM მომხმარებლებს არაერთი უპირატესობისა და ექსკლუზიური შეთავაზების მქონე ბარათებს ვთავაზობთ, რომელთა ჩამონათვალს წელს Visa-ს უმაღლესი კატეგორიის ბარათი ‒ Visa Infinite დავამატეთ. ამასთანავე, ჩამოვაყალიბეთ ბიზნესის განვითარებისა და კლიენტებისთვის ღირებულების შექმნის გუნდი, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს ახალ პროდუქტებზე. პარალელურად, ფოკუსი გავზარდეთ ე.წ. “Lifestyle” მიმართულებაზე, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა ასაკის მომხმარებლებს, ახალი ინტერესებისა და გამოცდილებების აღმოსაჩენად, უნიკალურ შესაძლებლობებსა და ღონისძიებებს ვთავაზობთ.
როგორც ვხვდები, ახალი პლასტიკური ბარათები და სერვისები იმ რებრენდინგის ნაწილია, რომელიც თქვენმა განყოფილებამ 2021 წელს განიცადა. მოგვიყევით ახალი ფორმატისა და სტრუქტურის შესახებ, რომელიც მიიღეთ.
თიბისის VIP მიმართულება Wealth Management-ის ბრენდად ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორებისთვის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების მიზნით ჩამოყალიბდა.
თიბისის ფინანსურ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ყველა ძირითადი პარამეტრის მიხედვით, რეგიონში ლიდერი კომპანია ვართ. ჩვენი მიზანია, ადამიანებს ცხოვრება გავუმარტივოთ, მათ კომფორტსა და კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ, ვიფიქროთ ინოვაციურად და მომხმარებლებს საუკეთესო პროდუქტი შევთავაზოთ.
თიბისის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულება სწორედ ამ მიზნით შექმნილი ფორმატია, რომელიც მოიცავს, როგორც პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის მომსახურებას, ასევე საბანკო, სადაზღვევო და საინვესტიციო პროდუქტების ფართო სპექტრს, მომსახურების კომფორტულ გარემოს, ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ შეთავაზებებსა და ტარიფიკაციას. ამ ფორმატით, მომხმარებელთა ყველა საჭიროებას ვპასუხობთ, მათ მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით და საკუთარი მიზნების მიღწევაში ვეხმარებით.
რამდენი მომხმარებელი გყავთ და რა წილი უჭირავთ არარეზიდენტ მომხმარებლებს, როგორც რაოდენობრივად, ასევე ფინანსურად?
ფინანსური მონაცემების მიხედვით, ჩვენი მიმართულება საქართველოში წამყვანია ‒ ჩვენ 2700-მდე კლიენტი გვყავს, რომელთა პორტფელის ჯამურმა მოცულობამ 2,9 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მომხმარებლები მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან გვყავს, რომლებსაც ერთი რამ ‒ წარმატება აერთიანებთ.
წლების განმავლობაში, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება პრესტიჟული, საერთაშორისო გამოცემების – The Banker-ისა და Global Finance-ის ჯილდოების მფლობელი არაერთხელ გამხდარა.
ჩემთვის, ეს პოზიცია ერთგვარი ცხოვრებისეული MBA-ია, რადგან მუდმივად ვსწავლობ, ვვითარდები და ჩვენი მომხმარებლებისგან ინსპირაციას ვიღებ. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ ყოველდღე, ასეთ საინტერესო და წარმატებულ ადამიანებთან ვურთიერთობ.
ნინო, მოდი, იმ ადამიანებზე ვისაუბროთ, რომლებიც თიბისის დაგროვილი კაპიტალის მართვის მომსახურებას ქმნიან. ვინ არიან ისინი და რა პრინციპები აერთიანებთ მათ?
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თიბისის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების უკან საოცარი გუნდი დგას, რომლის დამსახურებაცაა ჩვენი ასეთი წარმატება. ჩვენი მომსახურების მთავარი კომპონენტი სწორედ ადამიანური ფაქტორია ‒ ურთიერთობა პირად ბანკირსა და მომხმარებელს შორის, რომლის ხარისხიც ბანკის მიმართ მომხმარებლის ნდობასა და კმაყოფილებას განსაზღვრავს. პირადი ბანკირი ერთგვარი გამტარი რგოლია მომხმარებელსა და ბანკს შორის, რომელიც ამასთანავე, მომხმარებლის სანდო პარტნიორი და მრჩეველიცაა.
თიბისი WM-ის პირადი ბანკირები მომხმარებლების პარტნიორები არიან ყველა ეტაპზე ‒ ყოველდღიური საბანკო ოპერაციების შესრულებიდან, გრძელვადიანი საინვესტიციო მიზნების მიღწევამდე. საშუალოდ 11 წლიანი საბანკო გამოცდილებისა და კვალიფიციური ცოდნის დახმარებით ‒ როგორც ფინანსების, ასევე რამდენიმე უცხო ენის მიმართულებით, ჩვენი თითოეული პირადი ბანკირი უმაღლესი ხარისხის მომსახურების გარანტია.
ზოგადად, გაციფრულების ეპოქაშიც კი, ადამიანურ ურთიერთობაზე დაფუძნებული საქმიანობა, რომელიც ბანკსა და მომხმარებელს შორის ყალიბდება ‒ ჩვენი სფეროს ქვაკუთხედად რჩება.
რატომ არის საინტერესო დანაზოგის შენახვა და ინვესტირება საქართველოში?
მაშინ, როდესაც კაპიტალის დაგროვების ტედენცია და შესაბამისად, მიმართულება გაჩნდა, დეპოზიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთი მაღალი იყო, რის შედეგადაც, ამ სფეროს მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამასთანავე, საბანკო პროდუქტებზე არსებული პირობები, ტარიფები და განაკვეთები საქართველოში უფრო სარფიანია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში.
რაც შეეხება კონკრეტულად თიბისისთან ერთად ინვესტირებას, აქ მთავარი ფაქტორებია თიბისის მოწინავე პოზიცია, ფინანსური სტაბილურობა და სანდოობა. დროთა განმავლობაში, მომხმარებლებმა ჩვენი მომსახურების ხარისხი და მოქნილობა გამოსცადეს, რამაც ჩვენ შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავა. ყველა მომხმარებელი უნიკალურია და თითოეულ მათგანს, მის საჭიროებებზე მორგებულ ინდივიდუალურ მომსახურებას ვთავაზობთ.
ნინო, დაგროვილი კაპიტალის მართვის კუთხით, რა ტენდენციები დაგროვდა მსოფლიოში და როგორ უწყობს ამ ტრენდებს ფეხს თიბისი და საქართველო?
მთავარი ტენდენცია, დივერსიფიკაციასა და ალტერნატიულ საინვესტიციო პროდუქტებს უკავშირდება ‒ აღნიშნული მიმართულება საქართველოში ფეხს ახლა იდგამს. ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა სულ უფრო მეტად ანაცვლებს ტრადიციულ საბანკო პროდუქტების გამოყენებით შექმნილ დანაზოგებს. დეპოზიტებზე დაწეული საპროცენტო განაკვეთის ფონზე, ეს პროცესი საქართველოში წელს განსაკუთრებით დაჩქარდა.
საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებით, თიბისის შვილობილი კომპანიის ‒ თიბისი კაპიტალის დახმარებით, თიბისი WM-ის მომხმარებლებს წვდომა აქვთ ბროკერებისა და ანალიტიკოსების გამოცდილ გუნდთან, რომელიც მათი მიზნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ისეთი საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება, როგორებიცაა: პერსონალური საკონსულტაციო მომსახურება, ფასიანი ქაღალდების შერჩევა, თუ პორტფელის შექმნა.
კიდევ ერთი საინტერესო გლობალური ტენდენცია, რომელიც ფეხს ჩვენთანაც აქტიურად იკიდებს ‒ ხელოვნებაში ინვესტირებაა. ამ მხრივ, თიბისი გამოცდილი პარტნიორია, ვინაიდან წლებია, რაც ხელოვნებასა და ხელოვანებს უჭერს მხარს. ჩვენს მომხმარებლებს, რომელთაც ინვესტიციის დაბანდება ხელოვნების ნიმუშებში სურთ, პროფესიონალი არტ-კურატორის კონსულტაციის საფუძველზე, საკუთარი კოლექციის შექმნაში შეგვიძლია დავეხმაროთ.
რა ტრენდებს ელოდებით საერთაშორისო ბაზრებზე დაგროვილი კაპიტალის მართვის კუთხით მომავალში?
ერთ-ერთი გამოკვეთილი ტენდენცია ‒ გაციფრულებაა, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის პირობებში. ამ ტრენდს თიბისიში მომზადებულები ვხვდებით, ვინაიდან თიბისი არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანიაა, რომლის სტრატეგიაც დიჯიტალიზაციაა. ეს არის ბრენდის გრძელვადიანი სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც ციფრული სერვისებითა და პროდუქტებით ადამიანების ცხოვრების გამარტივებას გულისხმობს. სწორედ ამ სტრატეგიას ეხმიანება ის ჯილდოც, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღეთ: Global Finance-მა თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა.
ამასთანავე, მზარდი ტენდენციაა დაგროვილი კაპიტალის მართვის მომხმარებელთა გეოგრაფიული და დემოგრაფიული დივერსიფიკაციაც, რის შედეგადაც, ეს მიმართულება სულ უფრო აქტუალური გახდება ქალბატონებისთვის და მილენიალებისთვისაც.
მინდა კიდევ ერთი ტენდენცია გამოვყო ‒ ბიზნესების პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. განვითარებულ ქვეყნებში სულ უფრო აქტულურია ESG ‒ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის ფაქტორების ჩართვა დაგროვილი კაპიტალის მართვის მომხმარებელთა პორტფელებში. ძალიან მნიშვნელოვანია ე. წ. Sustainable investing offerings, რაც მოიცავს მწვანე და ეთიკურ ინვესტიციებს. მსგავსი გამოცდილება ჩვენც გვქონდა, როდესაც საქართველოში, თიბისი კაპიტალის დახმარებით, მწვანე ბონდები გამოვუშვით, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენს მომხმარებლებში.
ზოგადად, თიბისისთვის ESG ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკში ESG სტრატეგია მოქმედებს, რომლის დახმარებითაც ვზომავთ რამდენად კეთილდღეობის მომტანია ჩვენი თითოეული ნაბიჯი მომხმარებლებისთვის, გარემოსა და საზოგადოებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელებიც გავხდით ‒ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის თიბისი BARTA 2021-ის გამარჯვებული გახდა.
ნინო, თქვენი გამოცდილება უნიკალურია. რა რჩევას მისცემდით ქალბატონებს, რომლებიც თქვენს მსგავსად, საკუთარ მომავალს ფინანსურ ინდუსტრიაში ხედავენ?
ჩემი აზრით, წარმატებისთვის სამი რამაა საჭირო: უნდა გაინტერესებდეს და გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ ‒ ყველაფერი ამით იწყება. გირჩევთ, მაქსიმალურად ბევრი გამოცდილება დააგროვოთ, რისთვისაც დეტალებში ჩაღრმავებასა და ბევრი შეკითხვის დასმას არ უნდა შეუშინდეთ. ნებისმიერი გამოცდილება აუცილებლად წინ დაგხვდებათ, დაგეხმარებათ სურათს გლობალურად შეხედოთ და შესაძლებლობა იქ დაინახოთ, სადაც სხვა მხოლოდ გამოწვევას ხედავს.
მას მერე, რაც აღმოაჩენთ საქმეს, რომელიც გიყვართ და გაინტერესებთ, წარმატებაში ხელს ვერაფერი შეგიშლით ‒ მთავარია, მონდომება და შრომა არ დააკლოთ. წარმატების კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი კი გუნდია ‒ თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანები, რომელთა ერთადაც მუშაობა გიხარიათ.
ვფიქრობ, რომ საბანკო სფეროში ქალბატონებს განსაკუთრებული როლი გვაქვს და შესაბამისად, მონდომებული ახალგაზრდებისთვის, დღეს უამრავი შესაძლებლობა არსებობს.