ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი

არასრული 2 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი კომპანია, 15 000-ზე მეტი დაზღვეული მომხმარებელი, 8.5 მლნ ლარზე მეტი მოზიდული პრემია – თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე 2019 წლის ზაფხულში შევიდა. დღეს კომპანიაში ფიქრობენ, რომ ამ მოკლე პერიოდისთვის მათი მომხმარებლების რაოდენობა საკმაოდ დიდია, კიდევ უფრო კარგი ის არის, რომ თიბისის ჯანმრთელობის დაზღვევის მიერ დაზღვეული კომპანიების და შესაბამისად, ადამიანთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. კომპანიის ზრდასა და განვითარებაზე, ბაზარზე გამოჩენის დღიდან, საკუთარ გუნდთან ერთად ნინო გაჩეჩილაძე ზრუნავს; ის თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულების ხელმძღვანელია.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ნინო გაჩეჩილაძე საკუთარი გუნდის წარმატების საფუძველს გუნდის წევრებში ხედავს. ნინო გვეუბნება, რომ მის 30-მდე კოლეგას პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება, მიზანდასახულობა და რაც მთავარია, გუნდურობა აერთიანებს. ეს ყველაფერი ერთად კი, მათ საშუალებას აძლევს, რომ საქართველოს მრავალფეროვან და კონკურენტულ სადაზღვევო ბაზარზე წამყვანი პოზიციები დაიკავონ; მერე რა, რომ სამედიცინო სეგმენტში ახლები არიან?!

ვიდრე ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე გამოჩნდებოდნენ, თიბისი დაზღვევა ამისთვის დიდხანს ემზადებოდა, რადგან კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სამედიცინო მიმართულება სადაზღვევო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური საკითხია. 2019 წლამდე თიბისი დაზღვევა მომხმარებელს, ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, ყველა სხვა პროდუქტს სთავაზობდა. სამედიცინო დაზღვევის შეთავაზებით თიბისი დაზღვევამ სადაზღვევო ბაზარი სრულად აითვისა, როგორც ბრენდმა კი საკუთარი თავი ახალი და საინტერესო გამოწვევების წინაშე დააყენა.

აქ მთავარ და ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ქალები აკეთებენ. თიბისი დაზღვევა, თიბისი ჯგუფის მსგავსად, ბაზარზე გენდერული თანასწორობითაც გამოირჩევა. აქ, როგორც ნინო გაჩეჩილაძემ გვიამბო, არ აქვს მნიშვნელობა სქესს, კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის ყველას თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა. ეს მისი მენეჯერული მიდგომების ნაწილია, ასე იყო თავადაც, როგორც ქალს არსად, არასდროს უგრძვნია თავი განსხვავებულად, ამას გამართლებასაც უწოდებს. ახლა კი იმისთვის ზრუნავს, რომ ქალებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენისთვის სტიმული მისცეს.

„პირადად მე, მუდმივად ისეთ გარემოში ვმუშაობდი, სადაც როგორც ქალი არასდროს ვგრძნობდი თავს დაჩაგრულად ან განსხვავებულად. ვიტყოდი, რომ ამ კუთხით ჩემი კარიერის განმავლობაში ნამდვილად მიმართლებდა. თიბისი დაზღვევის მმართველ გუნდში ყოფნა კი ჩემთვის ნამდვილად დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა, ვინაიდან დიდი სურვილი მაქვს სხვა ქალებს დავანახო შესაძლებლობა და მივცე სტიმული რწმენისთვის, რომ ჯანსაღ კომპანიაში ბევრი შრომისა და მონდომების დახმარებით ნამდვილად შესაძლებელია კარიერული წარმატების მიღწევა. ჩემს პასუხისმგებლობას აძლიერებს ის ფაქტორიც, რომ ჩემი გუნდის უდიდესი ნაწილი ქალები არიან, თანაც თითოეული თავისი საქმის პროფესიონალია. შესაბამისად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქალებს შეუძლიათ ყველა საქმის უმაღლესი ხარისხით შესრულება, რაზეც ჩვენი შედეგებიც მეტყველებს“.

როცა გენდერული თანასწორობის საკითხზე ვსაუბრობ, საკითხს კონკრეტული რიცხვებით ვამყარებ. თიბისი დაზღვევაში დასაქმებულთა 57% სწორედ ქალები არიან, აქ ქალები ხელმძღვანელობენ არაერთ დეპარტამენტს, თანაც ყველა მათგანი შესაშური წარმატებით! ნინო გაჩეჩილაძე თამამად აცხადებს, რომ კაცებთან ერთად სწორედ გუნდის წევრი პროფესიონალი ქალების შრომის მონაპოვარია კომპანიის ყოველწლიური განვითარება და საუკეთესო ფინანსური შედეგები.

როცა თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის ბაზარზე შედიოდა პოტენციურ მომხარებლებს დაჰპირდა, რომ კომპანიასთან ურთიერთობა იქნებოდა მარტივი და მათ საჭიროებებს მორგებული. ეს დაპირება, ახლა უკვე რეალობაა და განსაკუთრებით მაშინ, როცა ციფრულმა სამყარომ დისტანციური ურთიერთობების აუცილებლობა მოიტანა. თიბისი დაზღვევას კონკურენტებისგან გამარტივებული პროცესები და გაციფრულებაც გამოარჩევს. ნინო გაჩეჩილაძეს მიაჩნია, რომ კომპანიის წარმატების ერთ-ერთ გადამწყვეტი საფუძველი გაციფრულება და პროცესების სიმარტივეა, რადგან ასეთი მიდგომა დაზღვეულებისთვის უდიდესი კომფორტია, ამას დაზღვევის ერთ-ერთი მომხმარებლის როლიდან ვწერ!

თიბისი დაზღვევასთან კომუნიკაცია შესაძლებელია რამდენიმე ციფრული არხის – მობაილ აპლიკაციის, ვებგვერდის და Facebook Messenger-ში ბი ბოტის დახმარებით. ამ არხების მეშვეობით მომხმარებელს მისთვის საჭირო მომსახურების მიღება მარტივად შეუძლია, იქნება ეს სადაზღვევო ანაზღაურება, ოჯახის ექიმთან ჩაწერა, საგარანტიო წერილის მოთხოვნა თუ რამე სხვა. თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა დაზღვეულებს შესაძლებლობას აძლევს ოჯახის ექიმის მომსახურებითაც დისტანციურად ისარგებლონ, ვიდეო ან აუდიო კონსულტაციის მეშვეობით. ეს სერვისი განსაკუთრებით საჭირო პანდემიის პირობებში აღმოჩნდა.

თიბისი დაზღვევის დაზღვეულებს თანხის ანაზღაურება ვებგვერდის, მობილურის აპლიკაციითა და ბოტის მეშვეობით შეუძლიათ, სხვა არსებული სერვისებისგან განსხვავებით, მათ თანხობრივი ლიმიტი არა აქვთ. 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მყისიერად – იმავე დღეს ხდება, ხოლო 500 ლარს ზემოთ – მაქსიმუმ სამ სამუშაო დღეში. კომპანია კლიენტს პროვაიდერების არჩევის თავისუფლების საშუალებასაც აძლევს. მაგალითად, სამედიცინო ანაზღაურების მიღება კლიენტს საქართველოში არსებული ნებისმიერი კლინიკით სარგებლობის შემთხვევაში შეუძლია.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

„ვფიქრობ, კომპანიის ერთ-ერთი უპირატესობა ასევე არის პროვაიდერი კლინიკების ფართო ქსელი – 300-ზე მეტი პროვაიდერი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორისაა რეიმანი, რომელიც არის მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა დაკომპლექტებული გამოცდილი, პროფესიონალი ექიმებით. ასევე, ჩვენი პარტნიორია საქართველოში ექიმების პირველი ციფრული პლატფორმა – REDMED-ი. დაზღვეულებზე მაქსიმალური ორიენტაცია და მათ კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა არის ის, რაც ჩვენ განსაკუთრებით გამოგვარჩევს ბაზარზე. სხვადასხვა მეთოდისა და კვლევის დახმარებით ჩვენ მუდმივად ვზომავთ დაზღვეულების კმაყოფილების მაჩვენებელს ბრენდთან შეხების თითოეულ წერტილში. ეს საშუალებას გვაძლევს მუდმივად განვითარებადი მომსახურებები და სერვისი შევთავაზოთ მათ და, რაც მთავარია, აუცილებლად ვითვალისწინებთ მომხმარებლის უკუკავშირს და სადაც საჭიროა სრულვყოფთ მომსახურებას. საბოლოოდ, ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ პუნქტთან ერთად თიბისი დაზღვევის წარმატების გასაღები არის სწორედ გუნდი და თითოეული წევრის პროფესიონალიზმი. რომ არა მათი თავდადება, ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე შესვლა მართლაც ძალიან რთული იქნებოდა“.

რადგან კომპანიის სტრატეგია დისტანციური მომსახურების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზეა აგებული, თიბისი დაზღვევისთვის კოვიდრეალობასთან ადაპტაცია ტექნიკურად რთული არ აღმოჩნდა, ეს მაშინ, როცა, ზოგადად, პანდემია მათთვისაც, ისევე როგორც სხვა კომპანიებისთვის, სერიოზული გამოწვევა იყო. თიბისი დაზღვევა, ახალ რეალობაზე რამდენიმე დღეში გადაეწყო და ყველა სერვისი დისტანციური გახადა.

„რეალური გამოწვევა, ცხადია, ამ რთულ პერიოდში ჩვენი დაზღვეულებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა იყო. სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღვევის ნებისმიერ დაზღვეულს, ვისაც დაუდასტურდა COVID-19 და სახლის პირობებში მკურნალობს, სრულ პატრონაჟს უწევენ ჩვენი სპეციალურად გადამზადებული ოჯახის ექიმები. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ეკონტაქტებიან დაზღვეულებს და უწევენ მათ სრულ სამედიცინო მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში, ამისამართებენ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სპეციალურ კლინიკებში უფასო ტესტირებისა და კვლევების ჩასატარებლად. დღეს ჩვენს დაზღვეულებს არა მხოლოდ COVID-19-ის სამედიცინო დირექტივებით მართვა სჭირდებათ, არამედ მორალური მხარდაჭერაც, რაც დიდ როლს თამაშობს დღევანდელ არც თუ ისე მარტივ გარემოში. სხვათა შორის, ჩვენი ოჯახის ექიმების აბსოლუტური უმრავლესობა ქალია. ქალებს კი განსაკუთრებული მზრუნველობა გვახასიათებს, რაც დღეს ასეთ სტრესულ გარემოში ნამდვილად ფასდაუდებელია“.

რთული წლის მიწურულს, თიბისი დაზღვევის სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ 2021 წელს ამბიციური გეგმები აქვთ. კომპანია აპირებს, რომ ქვეყნის მასშტაბით კორპორაციულ ბაზარზე საკუთარი წილი კიდევ უფრო გაზარდოს. ნინო გაჩეჩილაძის თქმით, კომპანია ახლა საშუალო და პრემიუმ სეგმენტზეა წარმოდგენილი, მომსახურება მაღალი ხარისხისაა და პროდუქტი საუკეთესო პირობებით გამოირჩევა. საუკეთესო პირობები და ხარისხი მომავალ წელსაც თიბისი დაზღვევის სტრატეგიის ნაწილი და სტანდარტი იქნება!

„გვსურს უფრო გავაქტიურდეთ რეგიონებშიც და თბილისის გარეთაც, მაქსიმალურად ყველა წერტილში შევთავაზოთ კომპანიებს ჩვენი მომსახურება. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულად გავართმევთ თავს ჩვენს მიზნებს. პანდემიამ ჩვენი ყველა პროცესი, მათ შორის, გაყიდვებიც კი, დისტანციური გახადა. ფაქტობრივად, ჩვენთვის არანაირი დაბრკოლება აღარ არსებობს დაზღვეულებისათვის ნებიმისმიერი ტიპის მომსახურების მიწოდებისას. ადაპტაციის სწრაფი უნარი არის 21-ე საუკუნეში ყველა კომპანიისთვის წარმატების ერთერთი მთავარი გარანტი. თიბისი დაზღვევამ ეს გამოცდა საუკეთესოდ ჩააბარა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა თავის დაზღვეულებს, რომ რთულ პერიოდშიც კი შეუძლია უმაღლესი და უწყვეტი მომსახურების მიწოდება“.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia
ნინო ნუცუბიძე

ხარისხის მართვის უფროსი სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით

„არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების როლი კოვიდინფიცირებულებისთვის სერვისების ორგანიზების, ბინაზე მეთვალყურეობისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, ჩვენს დაზღვეულებთან ერთად, ოპერატიულად და მარტივად ვადაპტირდით ახალ რეალობასთან, ყოველდღიურად ვხვდებით ახალ გამოწვევებს და ვქმნით ისეთ სერვისებს, რომლებიც დაზღვეულს დაუზოგავს დროს და იქნება მოქნილი და მარტივი“.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia
ხატია გაბრიაძე

ანდერაიტერი

„ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელს დაზღვეულებთან ერთად, ოპერატიულად და მარტივად ვადაპტირდით ახალ რეალობასთან. ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად კი რჩება მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტების მომსახურების შეთავაზება“.