ESG პრინციპების ერთგულება განვითარებისთვის | ინტერვიუ მაკა ბოჭორიშვილთან

გარემოს დაცვის საკითხები, სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება, ეფექტიანი და სამართლიანი მართვის პრინციპები – ამ ინიციატივებს ალბათ ყველა ორგანიზაციის საქმიანობაში ვიპოვით. თუმცა, ბიზნესის ზრდასთან ერთად აღნიშნული მიმართულებები გამოწვევად და ამასთან, წარმატების ძირითად წინაპირობად იქცევა.

თანამედროვე ბიზნესსამყაროში ESG ყველასთვის ნაცნობი ტერმინია და ის სწორედ ამ სამი პრინციპის ერთგულებას აღწერს – გარემოს დაცვა, სოციალური პასუხისმგებლობა და კორპორაციული მართვა. ამასთან, ESG ბიზნესსაქმიანობისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა არაა და მჭიდროდ არის კავშირში კორპორაციის წარმატებასთან.

სწორედ ამ პრინციპების კიდევ უფრო გაძლიერებასა და სტრუქტურირებას ისახავს მიზნად თიბისის ახალი პროექტი „ESG ელჩი“ და ამ მიმართულების სათავეში მყოფი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც თიბისის გუნდს გამოწვევებით სავსე პანდემიურ პერიოდში შეუერთდა.

მაკა, კორპორაციულ სამყაროში ESG ყველასთვის ცნობილი ტერმინია – როგორ განუმარტავდით ამ მიმართულებას ჩვენს მკითხველს?

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ESG მიმართულება  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ნაწილია. სინამდვილეში,  ამ პრინციპების ქვეშ ბევრად უფრო ფართო და მრავლისმომცველი კონცეფცია მოიაზრება.  ამ პრინციპების ერთგულება გულისხმობს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი პრინციპების ყოველდღიურ საქმიანობასა და გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვაში ასახვას იმ მიზნით, რომ მივაღწიოთ როგორც კომპანიის, ასევე საზოგადოების მდგრად განვითარებას – მოკლედ რომ ვთქვათ, ამ პრინციპების ერთგული უნდა ვიყოთ ყველა, ყველგან და ყოველთვის.

ჩვენი მიზანია, ჩვენ მიერ დასახულ ამოცანებსა და სამიზნე ნიშნულებს იცნობდნენ და იზიარებდნენ ჩვენი თანამშრომლები, მომხმარებლები, ბიზნესპარტნიორები თუ აქციონერები. ეს მიმართულებები მრავალმხრივია – თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი განვითარება, მომხმარებლებთან პარტნიორული ურთიერთობა და მათი მონაცემების დაცვა, ეთიკური ბიზნესპარტნიორობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ყველა დაინტერესებული მხარის მიმართ. ეს მიმართულებები იმდენად ურთიერთდამოკიდებულია, რომ ESG პრინციპების და სამიზნე ნიშნულების მიღწევა რომელიმეს უგულებელყოფით შეუძლებელიც კია.

უფრო კონკრეტულად თუკი ვისაუბრებთ, თიბისი ტექნოლოგიური კომპანია და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული საფინანსო ინსტიტუტია. შესაბამისად, ამ პრინციპების გავლენას თქვენ იპოვით ჩვენს ყველა ძირითად სერვისსა თუ საფინანსო ინსტრუმენტში. მაგალითად, დაკრედიტებისას ჩვენ ვითვალისწინებთ გარემოსდაცვით ასპექტებს – ვაფასებთ ბიზნესების გავლენას ამ მიმართულებით, ხოლო მწვანე ბიზნესებს წავახალისებთ, რათა ისინი სხვებისთვის მოტივაციის წყაროდ იქცნენ. ეს ბიზნესსაქმიანობის თვალსაზრისითაც მომგებიან შედეგებში ითარგმნება – დანახარჯების ოპტიმიზაცია, მრავალფეროვანი გუნდის მრავალფეროვანი და ინოვაციური ინიციატივები და ა.შ.

ვისაუბროთ თიბისის უახლეს ინიციატივაზეც – როგორ ეხმიანება ESG ელჩის პროექტი კომპანიის მიზნებსა და სტრატეგიას?

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ თიბისიში წარმატებას მხოლოდ ფინანსური შედეგებით არ ვზომავთ. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოვიწყეთ ESG  ელჩების სახით, რადგან ამ ღირებულებების კომპანიის მასშტაბით  გავრცელება და კულტურაში დანერგვა ESG მიზნების უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ თანამშრომლები, რომლებიც ჩართულნი არიან საერთო კეთილდღეობის შექმნაში.

რაც შეეხება თავად პროექტს – ESG ელჩი თიბისის უნიკალური ინიციატივაა, რომლის მიზანიც  გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრუქტურების გაძლიერება და ამ მიმართულებით  თიბისელების ჩართულობის გაზრდაა. პროექტში ჩართვა ნებისმიერ თიბისელს შეუძლია – ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივად დასახული მიზნების შესრულებასა და ინიციატივების განხორციელებაში,  მათი ფილიალის, განყოფილების, ქალაქის, რეგიონის ან საქმიანობის ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან, ESG ელჩები გაიღრმავებენ ცოდნას გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სფეროებში და წვლილს შეიტანენ მომხმარებლების, ორგანიზაციისა და საზოგადოების მდგრადობის ხარისხის ამაღლებაში.  დარწმუნებული ვარ,  საერთო მიზნების განხორციელებას ბევრი თიბისელი შემოუერთდება და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებაში ამ ფორმითაც შევიტანთ წვლილს.

ზოგადად, ამ ფორმატით პროექტის განხორციელება ემყარება ჩვენს რწმენას, რომ ნებისმიერი ინიციატივა თუ პრინციპი, რომლის მიღწევასა და განხორციელებაზეც ჩვენმა გუნდმა უნდა იმუშაოს, უნდა იყოს თანამონაწილეობითი პროცესის შედეგი – ცენტრალიზებულად შეთავაზებული ან შემუშავებული იდეები ხშირად ვერ აღწევს იმ მასშტაბს და ეფექტიანობას, როგორსაც ჩვენ ფართო ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებებისგან ველით.

მაკა, როდის გადაწყვიტა თიბისიმ ESG პრინციპების დანერგვა და რა შედეგები გაქვთ დღეს?

რთული იქნება კონკრეტული თარიღის დასახელება, ESG მიმართულება და ეს პრინციპები, რაზეც ვისაუბრეთ, მრავალი წელია თიბისის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ის ისეთ თემებს, საკითხებსა და სფეროებს აერთიანებს, რომლებზეც კომპანიას პირდაპირი თუ ირიბი ზეგავლენა აქვს.

თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, მნიშვნელოვნად განაპირობებს საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. მისი საქმიანობის პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენით ჩვენ ხელს ვუწყობთ მეწარმეობის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი პროფესიების წარმოქმნას ქვეყანაში, ტექნოლოგიებში განათლების ხელმისაწვდომობას, გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკების პოპულარიზაციას, ინოვაციური ორგანიზაციული პროცესებისა და პროდუქტების დანერგვას, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სხვა.

ახლა კი გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი ერთ ჩარჩოში მოვაქციოთ, რათა პრინციპები უფრო მკაფიო და საყოველთაოდ გაზიარებული იყოს. ყველა მხარისთვის უნდა იყოს ნათელი, რა დაპირებას იძლევა თიბისი და რა ვალდებულებებს იღებს აქ, ახლა და რას გეგმავს მომავალში.

მოკლედ რომ შევაჯამო, ვსაუბრობთ ახალ, მრავლისმომცველ მიდგომაზე, რომელიც კომპანიის ყველა ოპერაციულ საფეხურზე უნდა იგრძნობოდეს.

შედეგები მრავალფეროვანია – ჩვენი მდგრადი განვითარების პორტფელი ექვსასი მილიონი ლარია – ეს მოიცავს განახლებადი ენერგიის დაფინანსებას, ენერგეოეფექტურობის სესხებს, ახალგაზრდებისა და ქალთა მიერ დაფუძნებული და მართული ბიზნესების დაფინანსებას. ზოგიერთი მიმართულებით თიბისი ლიდერია ქვეყანაში. მაგალითად, ჩვენი სასესხო პორტფელის ნახევარი შეფასებულია გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მიმართ. ჩვენ გვაქვს საქმიანობების ჩამონათვალი, რომელსაც საერთოდ არ ვაფინანსებთ – იქნება ეს ზიანის მომტანი თუ არაეთიკური საქმიანობები. ასევე, დიდი ხანია ვაფასებთ კლიენტების შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, შრომის უსაფრთხოების პრაქტიკებს ორგანიზაციაში და ა.შ. ამჟამად ვმუშაობთ მწვანე სესხების ჩარჩოს დანერგვაზე, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ხარჯების ოპტიმიზაცია და, ამავდროულად, საკუთარი საქმიანობით გამოწვეული მავნე გამოფრქვევების შემცირება სურთ.

უკვე ბევრჯერ ვახსენეთ, რომ ESG მრავლისმომცველია. ცხადია, ყველა მიმართულებაზე თანაბრად ვერ იმუშავებს ორგანიზაცია – რომელია ის მიმართულებები, რომელიც თიბისის განსაკუთრებული ინტერესის საგანია?

თიბისის დაფუძნებიდან მოყოლებული მისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო ისეთი აქტივობების მხარდაჭერა, რომელიც მიზნად საზოგადოებისა და მეწარმეობის განვითარებას, განათლებისა და კულტურის გაძლიერებას ისახავდა. პრინციპში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრიორიტეტები ESG პრინციპების ნაწილშიც გადმოვიდა.

მაგალითად, ჩვენთვის პრიორიტეტულ ტექნოლოგიების მიმართულებაში გაერთიანდა ბევრი ასპექტი – ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერა, ახალგაზრდებისა და ქალების გადამზადება და გაძლიერება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ახალი პროფესიების განვითარების მხარდაჭერა, შესაბამისი ტრენინგები და თიბისის აკადემიის ინტენსიური პროგრამები.

პრიორიტეტულია ჩვენთვის ხელოვნების მიმართულებაც. ვცდილობთ ეს სფერო დავაკავშიროთ ბიზნესთან და ავითვისოთ კომერციალიზაციის პოტენციალი, რომელიც ქართულ სახელოვნებო სფეროშია. ერთ-ერთი ასეთი აქტივობა გახლდათ ქართული ქსოვილების პოპულარიზაციისა და კომერციალიზაციის პროექტი.

უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს მმართველობითი პრინციპების განვითარებასაც – ჩვენთან პრიორიტეტული მიმართულებაა ქალთა გაძლიერება და მათი წახალისება, რათა ისინი დასაქმდნენ ისეთ არატრადიციულ მიმართულებებში, როგორც არის, მაგალითად საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიები, და, შესაბამისად, მაღალანაზღაურებად პროფესიებს დაეუფლონ. ჩვენთან, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების დიდი ნაწილი ასევე ქალია და ზოგადად, აქტიურად ვუჭერთ მხარს გაეროს ქალთა გაძლიერების (WEPs) პრინციპებს.

მაკა, განვავრცოთ განათლების მიმართულება – რა აქტივობებს აერთიანებს თიბისის პასუხისმგებლობა ამ ნაწილში?

გარდა იმ ზოგადი მიმართულებებისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, თიბისი აქტიურად ავითარებს ბიზნესის საგანმანათლებლო პროგრამებს. ჩვენი ერთადერთი საქმიანობა არ გახლავთ სესხის გაცემა – ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ისეთი სასწავლო კურსები ბიზნესებისთვის, რომელიც დაეხმარება მათ ეფექტიანად წარმართონ ოპერაციული და განვითარების პროცესები. ვეხმარებით მათ ექსპერტული ცოდნით, კერძოდ თიბისი კაპიტალი რეგულარულად ამზადებს ანალიტიკურ ანგარიშებს სხვადასხვა სექტორისათვის, რაც უმარტივებს ბიზნესებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას.

უნდა შევეხოთ გარემოს დაცვის კომპონენტსაც – როგორია ამ მიმართულებით თიბისის გეგმები და სამიზნე ნიშნულები?

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ არაპირდაპირ ზეგავლენაზე, რომელსაც თიბისი დაკრედიტებისას ან ბიზნესების წახალისებისას იყენებს და, მეორეა, რას აკეთებს თავად თიბისი ამ მიმართულებით. ჩვენი გარემოსდაცვითი სისტემა სერტიფიცირებულია ISO 14001:2015 სტანდარტების შესაბამისად და ეს მიდგომა შენარჩუნებული იქნება მომავალშიც.

საგულისხმოა, რომ ჩვენი ახალი სათავო ოფისის პროექტი  გარემოსდაცვითი თვალსაზრისით შეფასებულია, როგორც ენერგოეფექტური და მწვანე შენობა. წინასწარი შეფასებით, ახალ შენობას შვიდჯერ ნაკლები რესურსი დასჭირდება, ვიდრე საქართველოს საბაზისო მაჩვენებელებით დაანგარიშებული გახარჯვაა.

ჩვენ ასევე ყურადღებით ვმართავთ და გვაქვს მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმები ქაღალდის, წყლისა თუ ელექტროენერგიის ხარჯვის ნაწილში. გარდა ამისა, ჩვენს კონტრაქტორ ფირმას ვაწვდით ჩვენ მიერ განადგურებულ დოკუმენტაციას; შემდეგ გამოყენებული ქაღალდისგან, მისი გადამუშავების გზით საყოფაცხოვრებო ქაღალდი მზადდება.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გარემოზე ზემოქმედება  შევამციროთ. მაგალითად, ჩვენი ავტოპარკი ძირითადად ჰიბრიდული ავტომობილებით არის დაკომპლექტებული.

მაკა, აქ.ახლა, ყველა განხორციელებულ თუ მიმდინარე პროექტზე ვისაუბრეთ. რა იქნება შემდეგ?

თიბისი 2012 წლიდან გაეროს გლობალური შეთანხმების წევრია. ასევე, ვართ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი ორგანიზაცია. გვაქვს ხელშესახები და მნიშვნელოვანი შედეგები ამ მიმართულებებით, თუმცა, აქ არ ვჩერდებით. წელს, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრატეგიის ფარგლებში სხვადასხვა მიზნები განვსაზღვრეთ, რომელთა განხორციელების შესახებ ფართო საზოგადოებას რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას. უკვე 2 წელია, თიბისი გლობალური რეპორტინგის ინიციატივის (GRI) სტანდარტებზე დაფუძნებულ მდგრადი განვითარების ანგარიშს აქვეყნებს, სადაც დეტალურად არის ESG მიმართულებები აღწერილი. წელს ამ ანგარიშმა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტით დაფუძნებული BARTA-ს მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშის ჯილდო მიიღო. ESG სტრატეგიით განსაზღვრული მიზნები ეხება სოციალური კრიტერიუმებით შესყიდვების განხორციელებას, მდგრადი დაფინანსების, ტექნოლოგიებში ქალ დასაქმებულთა წილისა და ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას, და გარემოზე ჩვენი ზეგავლენის მნიშვნელოვნად შემცირებას. გვსურს, მომავალში ჩვენი შედეგები გავზომოთ პარიზის შეთანხმებასთან მიმართებაში და 2030 წლისთვის მივაღწიოთ Net Zero შედეგს, რაც გულისხმობს ბალანსს ჩვენ მიერ დაგენერირებული და დაფინანსებული სათბური აირების გამოფრქვევებსა და ატმოსფეროში ჩვენი საქმიანობით შემცირებულ მოცულობას შორის. დამეთანხმებით, ეს ძალიან ამბიციური გეგმაა, თუმცა, ვთვლით, რომ ჩვენი საერთაშორისო და მზარდი გუნდი ამ  გამოწვევის მისაღებად  მზად არის.