TBC Capital: როგორ გავლენას ახდენს კორონავირუსი ბიზნესგარემოზე

თიბისი კაპიტალმა ბიზნესგარემოზე COVID-19-ის გავლენა შეაფასა და შესაბამისი ანალიტიკური დოკუმენტი ბიზნეს-სექტორის 250-მდე წარმომადგენელს ციფრული პლატფორმით გააცნო.

თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, ახალმა კორონავირუსმა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე იმოქმედა, თუმცა არის მიმართულებები, რომლებზეც ვირუსმა ძლიერი ნეგატიური ზეგავლება მოახდინა.

დოკუმენტის მიხედვით, COVID-19-მა ყველაზე მეტად ტურიზმი, ავიაციები, კაფე -რესტორნები, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის მწარმოებლები და უძრავი ქონების სექტორი დააზარალა.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შემცირებული აქტივობის შესაბამისად, ზარალი მიადგა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის სექტორსაც. კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა მაქსიმალურად ერიდება ხალხმრავალ ადგილებში ( მაღაზიები, ბაზრობები) მოძრაობას.

COVID-19-ის ზეგავლენის ქვეშ მოექცა დეველოპმენტიც. დანაზოგის შენარჩუნების სურვილი და ახალი ვალდებულებებისგან თავშეკავება დეველოპმენტზე ნეგატიურად აისახება, რაც დამატებით ლარის გაუფასურებამ შეიძლება გააძლიეროს.

თიბისი კაპიტალმა გამოყო სექტორები, რომლებიც ამ პირობებში შედარებით ნაკლებად ზარალდება. მათ რიგებშია სასაქონლე ინდუსტრია. ის პროდუქტების საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული, თუმცა ფასები ახლა მეტ-ნაკლებად სტაბილური.

მას მოჰყვება სწრაფად ბრუნვადი საქონელი, რომელზე მოთხოვნა არ შემცირდება გაზრდილი საშინაო მოხმარების გამო, თუმცა გასათვალისწინებელია ლოჯისტიკაში შეფერხების რისკი.

რაც შეეხება ტელეკომუნიკაციებს – სექტორისთვის დისტანციურ კომუნიკაციაზე მოთხოვნის ზრდა პოზიტიურია, თუმცა დოლარის კაპიტალური ხარჯების გამო სექტორი კურსის მიმართ მგრძნობიარეა. პოზიტიური შედეგი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ზრდისა და დაჩქარების კუთხითაც, თუმცა ვირუსის გამო მიწოდების ჯაჭვში სავარაუდო შეფერხებების რისკი მნიშვნელოვანია.

COVID-19-ის პირობებში ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე მიმართულებად ჯანდაცვის სექტორი ითვლება. ანალიტიკური დოკუმენტის თანახმად, მოსალოდნელია ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ზრდა, თუმცა ნავარაუდევია გეგმიური მიმართვიანობის შემცირება.