თიბისი კაპიტალმა გამოაქვეყნა ყოველკვირეული კვლევა COVID-19-ის შემდგომი აღდგენის დინამიკის შესახებ.
კვლევის მიხედვით, ეკონომიკის აღდგენის დადებითი დინამიკა აღინიშნება ტურიზმის სფეროში. ივლისის თვის მიმდინარე ჯავშნების მიხედვით ბათუმში სასტუმროების დატვირთულობა 9%-ია, რეგიონებში 14%, თბილისში კი მხოლოდ 4%-ია. აღსანიშნავია, რომ 3-4 ივლისის უქმეებზე რეგიონების დატვირთულობის საშუალო მაჩვენებელმა 40%-ს მიაღწია, აქედან ზოგიერთ სასტუმროში ნიშნული 65%-დან 85%-მდე მერყეობდა. ამავდროულად, ბათუმში დატვირთულობის ნიშნულმა 20%-მდე აიწია. თბილისის დატვირთულობა წინა კვირებთან შედარებით სტაბილურია და 3-5%-ს შორის მერყეობს. წინა კვირასთან შედარებით ბათუმში დატვირთულობა 4%-ითაა გაზრდილი, რეგიონებში კი 3%-ით.
ივლისში რეგიონის სასტუმროებზე მაღალი მოთხოვნა შესაძლოა საშუალო დღიური ფასის 50%-მდე შემცირებით იყოს გამოწვეული. ბათუმის სასტუმროებში კი შედარებით მცირე ფასდაკლებები ფიქსირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ივლისთან შედარებით, აგვისტოსა და სექტემბრის თვეში ბათუმისა და რეგიონების სასტუმროებში გაზრდილია უცხოელი ტურისტების ჯავშნებიც, რაც ეკონომიკის აღდგენის დინამიკის დადებით ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს.
ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე, მიმდინარე კვირაში სასტუმროებში უნაღდო ხარჯვის წლიური ზრდა ორი კვირის წინანდელ მონაცემებთან შედარებით -84%-დან -76%-მდე გაიზარდა.
შეზღუდვების შერბილების შემდეგ, სტაბილურად უმჯობესდება საკვებ ობიექტებში დანახარჯები, კერძოდ კი ივლისში ზრდის ტემპის წლიურმა ცვლილებამ -24% შეადგინა.
გართობაზე დანახარჯებიც უმჯობესდება და ერთი თვის წინ დაფიქსირებულ -80%-დან დანახარჯების წლიური ცვლილების ნიშნულმა -52%-ს მიაღწია. საერთო ჯამში, შეინიშნება გაუმჯობესების ტენდენცია ბოლო კვირების განმავლობაში.