ვერა ფაღავას „მდუმარე ქალაქები“

წარმოშობით ქართველი ფრანგი მხატვარი ვერა ფაღავა (1907-1988) იშვიათად საუბრობდა საკუთარ ხელოვნებაზე. ის ამბობდა: „ერთადერთი, რაც მხატვარს უნდა აინტერესებდეს, ტილოსთან ურთიერთობაა“. საგულისხმოა, რომ გამოფენის სახელწოდების ‒ „მდუმარე ქალაქების“ ‒ შთაგონებადაც ვერა ფაღავას ნამუშევარი „სიჩუმე“ იქცა.

ექსპოზიციამ თიბისი კონცეპტის სივრცეში ვერა ფაღავას იმ ნამუშევრებს მოუყარა თავი, რომელთა მთავარი თემა ქალაქები და არქიტექტურაა. პროექტი თიბისისა და ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის (AC/VP) თანამშრომლობით განხორციელდა. მისი პარტნიორები არიან საქართველოში საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი, გამოფენის კურატორი კი ნინა ახვლედიანია.

ფოტო: © Association Culturelle Vera Pagava – AC/VP

გამოფენაზე წარმოდგენილია ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის კოლექცია და ასევე ნამუშევრები საჯარო და კერძო კოლექციებიდან. დამთვალიერებელს ამ ნამუშევართა დიდი ნაწილის ნახვის საშუალება პირველად მიეცა. მათ შორისაა ცხრა ნახატის ნაკრები, რომელიც პარიზში, მხატვრის საქაღალდეში აღმოაჩინეს ავტორის მინაწერის თანხლებით: „ვენეცია“ (1960). ამ ნამუშევრებში ვერა ფაღავა იყენებს „პუანტილიზმის“ ტექნიკას, რომელსაც თვითონვე დაურთავდა ერთგვარ ინსტრუქციას: „მე შემიძლია, ხაზები გავავლო, მაგრამ ეს არ იქნება ის, რის თქმაც მინდა. ხაზს არ გააჩნია სათანადო პლასტიკურობა. მე ვბეჭდავ წერტილ-წერტილ“. მის ნამუშევრებში ფორმები თანდათანობით ჩნდება და ყოველი ახალი წერტილი ემატება მეზობელ წერტილს. ეს ვერა ფაღავას უნიკალური მიდგომაა, რაც ნამუშევრებს უჩვეულო ჰაეროვნებას ანიჭებს.

ფერწერულ ტილოებთან და აკვარელით შესრულებულ ნამუშევრებთან ერთად, გამოფენამ გააერთიანა ისტორიული დოკუმენტები და ფოტოებიც, რომლებიც ცხადყოფს ვერა ფაღავას მიერ შესრულებულ ფართომასშტაბიან არქიტექტურულ პროექტებთან დაკავშირებულ დაკვეთებს.

ფოტო: © Association Culturelle Vera Pagava – AC/VP

ექსპოზიცია ორ თემატურ ნაწილადაა დაყოფილი: პირველი სართულის გალერეა ეთმობა საარქივო მასალებს, ისტორიულ დოკუმენტებსა და ფოტოებს, ვერა ფაღავას მიერ შექმნილ სახელოვნებო წიგნებს, აკვარელში შესრულებულ ნამუშევრებსა და გრაფიკას; ხოლო მეორე სართულის საგამოფენო დარბაზში განთავსდა ფერწერულ ტილოები, რომელთა ნაწილი 70-იან წლებში პარიზში გალერეა „დარიალში“ იყო გამოფენილი. სწორედ გალერეა „დარიალის“ დამფუძნებლის, ქართველი ემიგრანტის, თამარ ტარასაშვილიტალის ინიციატივით ვერა ფაღავას „ქალაქების“ სერია პირველად მოექცა ყურადღების ცენტრში. გალერეა „დარიალი“ პარიზში ვერა ფაღავას გამოფენით გაიხსნა. ის გალერეის წამყვანი მხატვარი იყო „დარიალის“ დახურვის დღემდე, 1996 წლამდე.

ნინა ახვლედიანი

გამოფენის კურატორი

რადგან „მდუმარე ქალაქები“ გალერეა „დარიალის“ არქივსაც წარადგენს, ისტორიული პარალელების გავლება ერთ დროს პარიზში გამართულ გამოფენასთან ჩვენთვის საინტერესო გადაწყვეტა იყო.

ვერა ფაღავა იშვიათად იძლეოდა ინტერვიუს და არც ვრცლად საუბრობდა საკუთარ მხატვრულ შემოქმედებაზე, ამიტომ რთული სათქმელია, რა განსაზღვრავს ქალაქების, არქიტექტურის მიმართ მის განსაკუთრებულ ინტერესს.

ხელოვანს თავისი ფართომასშტაბიანი დაკვეთების ფარგლებში ხშირად უწევდა არქიტექტორებთან თანამშრომლობა. შეიძლება ესეც განავრცობდა მის ინტერესს არქიტექტურისადმი. მსგავსი პროექტის ერთ-ერთი მაგალითია 1958 წლის დაკვეთა, რომელიც ვერა ფაღავამ ვატიკანისგან მიიღო და შედეგად მან შექმნა მონუმენტური ფრესკა, რომელიც ბრიუსელში, მსოფლიო გამოფენაზე, ვატიკანის პავილიონის ფასადზე განთავსდა. ხის პანელებზე შესრულებულ ნამუშევრის სახელწოდება იყო „ქრისტე მიესალმება სულებს სამოთხეში“. სწორედ ამ ფრესკისთვის ვერა ფაღავა ვატიკანის პაპის იოანე XXII-ის ოქროს მედლით დააჯილდოვეს. დაკვეთის ფარგლებში ის თანამშრომლობდა მხატვართან, ავეჯის დიზაინერსა და არქიტექტორ პიერ პინსართან, რომელმაც თავი გამოიჩინა რელიგიური არქიტექტურის სფეროში, დააპროექტა ოცზე მეტი ეკლესია, ორი მონასტერი და კერძო სამლოცველო. ის უპირატესობას ანიჭებდა ფორმის სისადავეს, მასალების ეკონომიურ გამოყენებას და თანამედროვე და სამონასტრო არქიტექტურას შორის დიალოგს.

ფოტო: სანდრო სულაბერიძე

სამი ათწლეულის შემდეგ ვერა ფაღავამ კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მსხვილი დაკვეთა შეასრულა. 1986 წელს დიჟონის წმინდა იოსების ეკლესიისათვის ვიტრაჟები და ლიტურგიული ავეჯი შექმნა. ვერა ფაღავას მიერ მიწოდებულ მოდელებზე დაყრდნობით მინის ოსტატმა პიერ-ალენ პაროტმა გამჭვირვალე შუშის თექვსმეტი ვიტრაჟი დაამზადა. წმინდა იოსების ეკლესიის ვიტრაჟები და ლიტურგიული ავეჯი უკანასკნელი დაკვეთა იყო ვერა ფაღავას სიცოცხლეში.

მისი არქივიდან ვიგებთ, რომ ვერა ფაღავა 15 წლის განმავლობაში მუდმივად მონაწილეობდა Salon d’Art Sacré- ში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება წმინდა და რელიგიური თემატიკით დაინტერესებული ხელოვანებისთვის. მის ფერწერულ ტილოებში, აკვარელებსა თუ ჩანახატებში სათაურები ხშირად რელიგიურ არქიტექტურას უკავშირდება, მათ შორის – კათედრალებსა და ეკლესიებს, ბარსელონისა და ფონტევროს სააბატოებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვერა ფაღავა არასდროს მოიხსენიებდა საკუთარ თავს „ფემინისტ მხატვრად“ (და ერჩივნა, ასოცირებული ყოფილიყო იმათთან, ვინც თავს, უბრალოდ, ხელოვანს უწოდებდა), ის ფრანგული მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელ სათაურებს არჩევდა. ამის მაგალითია მისი ფერწერული ტილო სახელწოდებით „სიჩუმე“ (Silencieuse, 1965). ხანდახან დუმილი შეგნებული გადაწყვეტილებაა, ლაპარაკისგან თავი შეიკავო. ფრანგი ფილოსოფოსი ჯულია კრისტევა ვარაუდობს, რომ სიჩუმე, როგორც გამოხატვის საშუალება, შეიძლება ფემინიზმზე სამსჯელოდ გამოდგეს. კრისტევას თქმით, დუმილი არის ქალის გასაღები. პაუზები, თავშეკავება, მორიდება ‒ ქალების მონოლოგურ კულტურაში ხშირად გვხვდება. ამგვარი რეალიზაცია დაკავშირებულია ქალის ცხოვრების გამოცდილებასთან, დროისა და სივრცის გაცნობიერებასთან. ზოგიერთ ჩვენგანს ჯერ კიდევ ახსოვს, რომ ჩვენი თავდაპირველი ენა დუმილია. თუ ჩვენ ყურს ვუგდებთ იმას, რაც ადამიანურმა ხმიანობამ გადაფარა, ამგვარი სიჩუმე მოსმენის ტოლფასი გახდება“.

ვერა ფაღავა თბილისში დაიბადა, 1923 წელს კი ოჯახთან ერთად პარიზში გადასახლდა. მან კარიერა დაიწყო როგორც ფიგურაციულმა მხატვარმა. მუშაობის დროს იყენებდა სხვადასხვა მედიუმს: ზეთს ტილოზე, გრავიურას, გრაფიკას, გუაშსა და აკვარელს ქაღალდზე, ვიტრაჟებს, დიზაინს ქსოვილზე.

„მდუმარე ქალაქებმა“ გააერთიანა მის მიერ 1950-იანი წლებიდან 1980-იან წლებამდე შესრულებული ნამუშევრები. ეს მხატვრის შემოქმედებაში გადამწყვეტი პერიოდი იყო, როდესაც მის მხატვრობაში ფერწერულმა ტილოებმა თანდათან აბსტრაქტული ფორმები შეიძინა. ვერა ფაღავას შემოქმედების მკვლევრები „ქალაქებს“ ხშირად ახასიათებდნენ როგორც „მდუმარე არქიტექტურას“. ამ მოტივს მხატვარი ხშირად უბრუნდებოდა შემდგომ წლებში და, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ფიგურაციას სცილდებოდა, ის ხშირად არქმევდა მათ რეალური ადგილებისა და ქალაქების სახელწოდებებს.

მარიამ წიქარიძე

თიბისის სახელოვნებო პროექტების კურატორი

„პროექტზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყეთ, მაგრამ მის დროულად განხორციელებას სხვა მიზეზებთან ერთად პანდემიამაც შეუშალა ხელი. ბევრი საინტერესო ეტაპი გავიარეთ. მუშაობის პროცესი თავიდანვე დინამიკური იყო, მოიცავდა რამდენიმე ეტაპს: გამოფენის კონცეფციის შემუშავებას, ვერა ფაღავას ნამუშევრების და კონტექსტის კვლევას, ექსპოზიციის დიზაინს, გამოფენის ვიზუალური სტილის შექმნას, პუბლიკაციაზე მუშაობას, ნამუშევრების ტრანსპორტირებას საფრანგეთიდან თბილისში, გამოფენის აწყობას და ა.შ. გამოფენის დამთვალიერებელს ვერა ფაღავას შემოქმედების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდის ნახვის საშუალება აქვს.

ფოტო: სანდრო სულაბერიძე

ქართული კულტურის მხარდაჭერა თიბისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უნიკალურ მემკვიდრეობას საზოგადოებასთან მეტად დაახლოება სჭირდება. სწორედ ამიტომ, კომპანიისთვის დიდი პასუხისმგებლობაა მსგავსი მასშტაბური კულტურული პროექტების ორგანიზება.

ვფიქრობთ, ვერა ფაღავა და მისი შემოქმედება არა მხოლოდ ფრანგული ან ქართული კულტურის ნაწილია, არამედ ის მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას ეკუთვნის. ვერა ფაღავა დაუკავშირდა ევროპულ კულტურას და იქ მიმდინარე პროცესები გაიზიარა.

თავად ვერა ამბობდა, ნახატი იმისთვისაა შექმნილი, რომ უყურო, ხელოვნებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, ის თავად ამბობს თავის სათქმელსო. ვფიქრობ, მისი შემოქმედება იმდენად გულწრფელი, იმდენად სუფთა, იმდენად ღრმაა, რომ არ იცი რით უფრო აღფრთოვანდე ‒ საოცრად მგრძნობიარე და ცოცხალია. ამდენად, დამთვალიერებლისთვისაც ძალიან მიმზიდველი და საინტერესო უნდა ყოფილიყო მისი შემოქმედების ნახვა და ახლოს გაცნობა.

ვერა ფაღავას ბიოგრაფიის გაცნობისას, ჩემი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, თუ რამდენად იყო დაფასებული წარმოშობით ქართველი მხატვარი საფრანგეთში. წარმოიდგინეთ, საფრანგეთის თუნდაც ერთ ქალაქში ‒ დიჟონში ‒ შეგვიძლია ვიხილოთ მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი: კოლექციონერ პიერ გრანვილის მიერ გადაცემული ნამუშევარები დიჟონის სახვითი ხელოვნების მუზეუმისთვის, ტრიპტიქი ტელეკომის შენობისთვის, ვიტრაჟები და ლიტურგიული ავეჯი დიჟონის წმინდა იოსების ეკლესიაში. ფაქტობრივად, დიჟონი არის ქალაქი, სადაც შესაძლებელია მხატვრის შემოქმედების ძალიან კარგად გაცნობა.

ვერა ფაღავას სიცოცხლეშივე მიუძღვნეს მოძრავი რეტროსპექტივა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქის მუზეუმებში. 1982-1983 წლებში ვერა ფაღავას ნამუშევრების მოძრავი რეტროსპექტივა წარმოდგენილი იყო დიჟონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ბოვეს მუზეუმში, რეიმსში სენ-დენის მუზეუმსა და ტრუას სახვითი ხელოვნების მუზეუმში.

მიუხედავად ვერა ფაღავას საერთაშორისო აღიარებისა და მნიშვნელობისა, მისი შემოქმედება ქართულ რეალობაში არ არის ისე ცნობილი და ნაკვლევი, როგორც ის იმსახურებს. ამის გამო კიდევ უფრო გამძაფრებულია ინტერესი მის მიმართ. ვერა ფაღავას ნამუშევრები დღესაც ძალიან აქტუალური და თანამედროვეა. ჩვენი სურვილია, რომ ვერა ფაღავას შემოქმედება გავაცნოთ და გავუზიაროთ ფართო საზოგადოებას, სწორედ ამიტომ დავისახეთ მიზნად გამოფენა ხანგრძლივი ყოფილიყო. დამთვალიერებელს 6 თვე ექნება ვერა ფაღავას კარგად გასაცნობად.

ამავე დროს, იმედია, ექსპოზიცია შთაგონების წყაროდ იქცევა მხატვრებისთვის, კურატორებისთვისა და მკვლევრებისთვის“.

ფოტო: სანდრო სულაბერიძე

ვერა ფაღავას ნამუშევრები დაცულია კერძო და საჯარო კოლექციებში, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, პომპიდუს ცენტრში, თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, დიჟონის სახვითი ხელოვნების მუზეუმსა და კოლმარის უნტერლინდენის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევრებისა და არქივების უმეტესობას ფლობს და განაგებს ვერა ფაღავას კულტურული ასოციაცია (AC/VP), რომლის მიზანია ვერა ფაღავას შემოქმედებისა და არქივების შენახვა (კონსერვაცია), დაცვა და გავრცელება. ასოციაცია პარიზში დააარსა გალერეა „დარიალის“ დამფუძნებლის თამარ ტარასაშვილი-ტალის ქალიშვილმა და ვერა ფაღავას ახლობელმა, ელისო ფაღავამ. ის ქალიშვილთან, ანა ტარასაშვილთან ერთად, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ვერა ფაღავას შემოქმედების გასაცნობად.

ელისო ტარასაშვილი

ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის დამფუძნებელი

„ვერა ფაღავას თხოვნა იყო, გავფრთხილებოდით მის ნამუშევრებს და ეს ნახატები გვეჩვენებინა საქართველოში, მის სამშობლოში. დიდი სურვილი და ინტერესი გვქონდა ქართველ დამთვალიერებელს მეტი გაეგო ვერა ფაღავას შესახებ, რომელიც სრულიად ახალგაზრდა ჩავიდა ემიგრაციაში უცნობ ქვეყანაში და თავისი შემოქმედება და სამყარო ევროპულ კულტურას გააცნო.

როდესაც ვერა ფაღავა 1923 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, მას შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა ახალგაზრდა მხატვრებს, მოქანდაკეებსა და მწერლებს, რომლებიც საფრანგეთში სახელოვნებო ელიტას წარმოადგენდნენ. პარიზი ევროპის მხატვრული და ინტელექტუალური სამყაროს ეპიცენტრი იყო. დედის ძმის, გიორგი ნანეიშვილის მეშვეობით, იგი შეხვდა პირველი რესპუბლიკის მთავრობის მიერ პარიზში რეზიდენციაში გაგზავნილ ქართველ ხელოვანებს. ასე გაიცნო ვერა ფაღავამ დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ალექსანდრე ქიქოძე.

ფოტო: სანდრო სულაბერიძე

მის შემოქმედებას ახასიათებს სიჩუმე, უხმაურობა. შეიძლება ითქვას, რომ ვერა ფაღავა ამ სიჩუმით ერთგვარად პროგნოზირებს თანამედროვე ქალაქების განუწყვეტელ და სასტიკ ხმაურს.

მან დახატა არაერთი ქალაქი, თუმცა ვერ ვიტყვი, იყო თუ არა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მის ნამუშევრებში. შეიძლება ითქვას, რომ მან შექმნა ჩუმი „ნატურმორტები“, ჩუმი ბრძოლები… მის ნახატებში ადამიანი არ არის, ამ ადგილების გარშემო არსებული სიჩუმე კი გვაფიქრებინებს სულიერების, სინათლის ძიებაზე. შესაძლოა ხელოვანი გვთხოვს უკეთესად მოვუსმინოთ საკუთარ გრძნობებს.

ვერა ფაღავას ჰქონდა საკუთარი სამყარო, საკუთარი გზა. ყურადღებას არ აქცევდა მოდასა და მხატვრულ შეზღუდვებს. მან, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება მიუძღვნა ხატვას, საყვარელ საქმეს. ამბობდა, რომ ხშირად უსვამდნენ კითხვას ფემინიზმის შესახებ, რაზეც მისი პასუხი იყო: „მე ქალი ვარ, მე ვარ მხატვარი, მე ვარ ქართველი“.

მე ვიტყოდი, რომ ვერა ფაღავას თაობის ხელოვან ქალებს ძალიან მცირე მხარდაჭერა ჰქონდათ წლების განმავლობაში. 70-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ფემინისტური მოძრაობა, რომელმაც შეცვალა საზოგადოებაში ქალებისა და, მათ შორის, ხელოვანი ქალების ბედი. თამარ ტარასაშვილი, რომელიც ვერა ფაღავას სიახლოვეს, საკუთარ გალერეაში მუშაობდა, ცდილობდა ბალანსი დაცული ყოფილიყო ‒ გალერეაში იმდენი მხატვარი ან მოქანდაკე ქალი წარმოედგინა, რამდენიც მამაკაცი.

ვერა ფაღავას არ უყვარდა იდენტურობის კატეგორიაში შეზღუდვა. თუმცა გრძნობდა მხატვარი ქალების დაცვის აუცილებლობას, რამდენადაც დიდი ხნის განმავლობაში მათთვის გზა მოჭრილი იყო ოფიციალური გამოფენებამდე და კერძო გალერეებამდე“.

გაიცანით ვერა ფაღავა.

„ვხატავ ჩემი ხედვის მიხედვით ‒ რასაც ვგრძნობ. არ მიყვარს უსარგებლო ჭორები“.

გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში 30 მარტამდე გაგრძელდება.