თიბისი კაპიტალმა გამოაქვეყნა ყოველკვირეული კვლევა COVID-19-ის შემდგომი აღდგენის დინამიკის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ტურიზმის სექტორში რიგი შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, სასტუმროების დატვირთულობის წინასწარი მაჩვენებელი, მიმდინარე ჯავშნების მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ივლისში მხოლოდ 3-10%-მდე მერყეობს, დინამიკა შედარებით გაზრდილია მომავალ თვეებში – აგვისტოში მაჩვენებელი 8-11%-მდე ადის, ხოლო სექტემბერში 12-35%-ს აღწევს.
საზაფხულო კურორტებზე შემცირებული მოთხოვნა მათ ფასებზეც აისახა. წინა წლის მონაცემებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულია კურორტებზე საშუალო დღიური ფასი.
გართობის ინდუსტრიაში შეიმჩნევა მცირე დადებითი ტენდენციები. გართობაზე დანახარჯების ცვლილებამ 2-8 ივნისის კვირაში, წინა წლის მონაცმებთან შედარებით, -81% შეადგინა, რაც მცირედი გაუმჯობესებაა წინა კვირაში -94%-იან ცვლილებასთან შედარებით.
გართობის ინდუსტრიიდან პოზიტიური აღდგენის დინამიკით გამოირჩევა რესტორნების ინდუსტრია, სადაც, ორი კვირის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, დანახარჯები 10 %-ით გაიზარდა და -80%-ს მიაღწია.
თიბისი ბანკის მონაცემების მიხედვით, რეზიდენტების უნაღდო ანგარიშსწორების ზრდა შეინიშნება. რეგულაციების მოხსნის შემდეგ, უნაღდო ტრანზაქციები ტანსაცმელზე +97%-ით გაიზარდა 2-8 ივნისის კვირაში, რაც ნაწილობრივ გადადებული მოთხოვნის ეფექტითაც აიხსნება. ამავდროულად, უნაღდო ხარჯვის მაღალი ზრდის ტენდენციები აღინიშნება საქონელსა და მომსახურებაზე, როგორიცაა სურსათი, ფარმაცია, ელექტრონიკა, სამედიცინო აღჭურვილობა, ექიმთან ვიზიტი, გრძელვადიანი მოხმარება და სხვა სამომხმარებო საქონელი.
ფულადი გადარიცხვების წლიური ცვლილება, აპრილთან შედარებით, გაუმჯობესდა, მაგრამ კვლავაც ნეგატიურია. აპრილში დაფიქსირებული 40%–იანი კლების შემდეგ, სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა და მაისში კლებამ 20% შეადგინა. ფულადი გზავნილების მოცულობა მაისში ყველაზე მეტად 52%-ით, რუსეთიდან, შემცირდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფულადი შემოდინებები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან დადებით ნიშნულს დაუბრუნდა.