თიბისი Tech Meetups – წლის პირველი ტესტირების ავტომატიზაციის ჰაკათონი

13 იანვარს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მეტი მრავალფეროვნებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, წლის პირველი tech meetup-ი გაიმართა. ჰაკათონი ტესტირების ავტომატიზაციის ეფექტიანობასთან დაკავშირებული გამოწვევების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. გუნდებმა წარმოადგინეს თავისი იდეები და შექმნილი პირველადი ნიმუშები, სადაც საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო გადაწყვეტები მიიღეს.

“ჩვენ მიერ შექმნილი ინსტრუმენტები ემსახურება ორი მიმართულებით ეფექტიანობის ამაღლებას. პირველი – აჩქარება, უფრო სწრაფად ვაკეთოთ ავტომატიზაცია, რასაც ვპასუხობთ ჩვენ მიერ შექმნილი კოდის ავტომატური გენერატორებით. მეორე  – მდგრადობა და კოდის ხარისხი, სადაც ვიყენებთ ჩვენს მიერ შექმნილ კოდის ანალიზატორებს.”- ამბობს ალექსანდრე ისკონიანი, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის ხელმძღვანელი.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებას და აქტიურად ავითარებს. 2019 წლიდან დიდი აქცენტი კეთდება ავტომატიზაციის მიმართულებაზე. თიბისიში 300-ზე მეტი სისტემაა, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებას (მობილური, დესკტოპ, ვებ, API). ამის გათვალისწინებით, ბანკში ხარისხის მიმართულებით 150-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც სტანდარტით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გარდა საკუთარ ხელსაწყოებს ქმნიან და ყოველდღიურად იყენებენ მათ მეტი ეფექტიანობისა და მაღალი ხარისხის მისაღწევად.

ავტომატიზაციის მიმართულებით ინსტრუმენტების მრავალფეროვნებაა, თუმცა რაც არ უნდა კარგი ხელსაწყო იყოს, მაღალი ეფექტიანობის მიღწევის მიზნით ამ ხელსაწყოების მორგება და დამატებით ხელსაწყოების შექმნა საჭიროა. თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების ინიციირება, რომლებიც ხელს უწყობს ბაზარზე ციფრული პროდუქტების გაუმჯობესებას, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება კი სწორედ ამ პროდუქტების სწრაფი განვითარების გარანტია.