იმოგზაურე ლიტერატურაში – მატარებლის მგზავრები „საბას“ ბიბლიოთეკით სარგებლობას შეძლებენ

აქ.ახლა ელექტრონული წიგნის პლატფორმა „საბა“ და ბილეთების ონლაინ პლატფორმა TKT.GE 15 ივნისიდან მგზავრებს არა მარტო საქართველოში, არამედ ლიტერატურულ სამყაროში უსასრულო მოგზაურობასაც ჰპირდებიან. ხვალიდან ნებისმიერი მგზავრი, რომელიც TKT.GE-ზე მატარებლის ბილეთს შეიძენს ნებისმიერი მიმართულებით,  „საბას“ ბიბლიოთეკის 1 თვიან პაკეტს მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ მას 6 500-ზე მეტ ელექტრონულ და ხმოვან წიგნთან ულიმიტო წვდომა ექნება.

ხშირად მგზავრობა მოსაწყენ, დამღლელ და გაწელილ პროცესად გვეჩვენება, თუმცა ხვალიდან ის ბევრისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება. იდეა პანდემიური რეალობიდან გამომდინარე გაჩნდა. მაშინ, როცა ჩვენი გადაადგილების მარშრუტი უფრო მეტად შეზღუდულია, ვიდრე აქამდე იყო, ლიტერატურა  თავგადასავლებისა და მოგზაურობის ულიმიტო სივრცედ რჩება. ახალი ამბები და თავგადასავლები კი არავისთვის არ არის ისეთი საინტერესო, როგორც ადამიანისთვის, რომელიც თავად მიდის სამოგზაუროდ და თავგადასავლების საძიებლად.

შეგახსენებთ,  რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია  „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია SABA Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 6500-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

რაც შეეხება TKT.GE-ს, იგი კავკასიაში ონლაინ ბილეთების ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს ქმნის. ქართული პლატფორმა დღეისათვის 450,000 -ზე მეტ ერთგულ  მომხმარებელს სთავაზობს კინოს, სპორტის, თეატრების, ოპერის, კონცერტების, ფესტივალების, მატარებლისა და ავია ბილეთების შეძენას ელექტრონული ფორმით.