თიბისის სათაო ოფისის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა

თიბისის სათაო ოფისის – „თბილისის ბიზნეს ცენტრი“-ს მშენებლობის პირველი ფაზა დაგეგმილ ვადებში წარმატებით დასრულდა. „თბილისის ბიზნესი ცენტრი“ ლისის ტბასთან მშენებარე კომპლექსია, რომელიც, აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურის ელემენტებს, ენერგო-ეფექტურ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ეკოლოგიურ გარემოს.

„თბილისის ბიზნეს ცენტრი“ იქნება საუკეთესო სივრცე თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის. კომპლექსში გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის მეტი ინტერაქცია, მათთვის კომფორტული, კრეატიული სამუშაო გარემოს შექმნა.   ამავდროულად, საოფისე სივრცეები ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას სტუმრებისთვის.  შესაძლებელი იქნება სივრცეების გამოყენება შეხვედრებისთვის, რათა მოხდეს მეტი კომუნიკაცია და საქმიანი კავშირების დამყარება ბიზნესებს შორის. ეს იქნება ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებულ გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ იმუშაონ და ამავდროულად დაისვენონ, იქნება ურთიერთობა სტუმრებსა და თანამშრომლებს შორის, შეიქმნება სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის, გაიხსნება რესტორნები და ა.შ. 

თბილისის ბიზნეს ცენტრი“ იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც მიმზიდველ სამუშაო გარემოს ქმნის, როგორც ინვესტორებისთვის, ისე დედაქალაქის მცხოვრებთათვის. თიბისის მისიაა გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, სწორედ ამ მისიის განხორციელებას ემსახურება „თბილისის ბიზნეს ცენტრის“ მშენებლობა.  ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ, თანამშრომლებისათვის შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციას, მეორე მხრივ, მომხმარებლებისთვისაც შევქმნათ თანამედროვე, ინოვაციური სივრცე, სადაც მათ მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნით,“ – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა.

შენობის დიზაინი შატილის კოშკების არქიტექტურის ინსპირაციით შექმნა ჰოლანდიურმა არქიტექტორულმა სტუდიომ „UNStudio“ – მ.

მშენებლობის პირველი ფაზის დასრულების შედეგად თბილისს ქართულ სამშენებლო ბაზარზე არსებული ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე რთულად რეალიზებადი და გამორჩეული კონსტრუქციის შენობა შეემატა.  ურთულესი საინჟინრო გადაწყვეტები, სპეციფიკური გეომეტრიული ფორმის არქიტექტურული ელემენტები, ჯამურად 70 000 მ2 სამშენებლო მოცულობა „დომუს ქონსთრაქშენმა“ შეასრულა,  რომელიც დეველოპერული კომპანია „დომუსის“ შვილობილია. მშენებლობის მეორე ფაზაზე დაგეგმილია ფასადის სამუშაოები, რომელსაც შეასრულებს „დომუს ალუმინიუმი“ კომპანია „არქთრეიდ“-თან კოლაბორაციით.

პროექტი მთლიანად ენერგოეფექტურია და გათვლილია 2,100 ადამიანზე, ის მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. კომპლექსი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების აშენებას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები, რაც ჯანსაღ ეკოსისტემას შექმნის.