პორშეს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, „პორშე ცენტრი თბილისმა“ სრულიად ახალი მოდელი, Porsche Taycan Cross Turismo წარმოადგინა. ექსკლუზიური სპორტული ავტომობილების მწარმოებელი გერმანული ბრენდისთვის ეს რიგით მეორე ელექტრომობილია.
ახალი მოდელის პრეზენტაცია ონლაინ-რეჟიმში გაიმართა, პროექტის მხარდამჭერი SOLO გახლდათ. პარტნიორობის ფარგლებში SOLO საკუთარ მომხმარებლებს ახალი Taycan Cross Turismo-ს შეძენის ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს.
ახალი Taycan Cross Turismo წარმოადგენს SUV კლასისა და საოჯახო კლასის ავტომობილის ერთგვარ შერწყმას, პორშესთვის დამახასიათებელ შეუდარებელ სპორტულობასთან ერთად.
„მეტი შესაძლებლობები“ – სწორედ აღნიშნული მესიჯი გახდა საქართველოს წარმომადგენელებისთვის კამპანიის საწყისი. ახალ Taycan Cross Turismo-სთან ერთად ბრენდის წარმომადგენლებმა მოიარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, იმოგზაურეს მთაშიც და ბარშიც. საქართველოს რელიეფზე ტესტ-დრაივს ახალი ელექტრო პორშე თავისუფლად გაუმკლავდა და საქართველოს საამაყო ბუნებითაც დაიმუხტა.
ახალი მოდელი უკვე პორშე ცენტრი თბილისშია წარმოდგენილი
Taycan Cross Turismo სედან ტაიკანის ახალი, უფრო პრაქტიკული ვერსიაა, რომელსაც მსუბუქი ოფროუდ-ამბიციებიც აქვს. სედანთან შედარებთ, ახალი მოდელი უფრო მაღალი და ტევადია, ვიზუალურად ყველაზე თვალშისაცემი განსხვავებები სახურავის შეცვლილი ხაზი და ავტომობილის უკანა ნაწილია. გარდა ამისა, Cross Turismo-ს დამატებული აქვს SUV-ისთვის დამახასიათებელი ვიზუალური დეტალები: ქვედა დამცავის მსგავსი ელემენტი უკანა ბამპერზე, დამცავები საბურავების თაღებსა და კარის ქვემოთ და ა.შ. მათთვის, ვისაც ამაზე მეტი SUV-ის ოპტიკა სურს, Taycan Cross Turismo ხელმისაწვდომია ე.წ. „ოფროუდ დიზაინ პაკეტითაც“.
პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი: „ჩვენი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია Taycan Cross Turismo-ს ყველა ვერსია. ავტომობილი იწარმოება სიმძლავრის 4 სხვადასხვა დონით: 476-დან 761 ცხენის ძალამდე. ტოპმოდელი Turbo S ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 2,9 წამში ჩქარდება, რაც ისეთი ლეგენდარული სპორტქარის მონაცემია, როგორიცაა Porsche 911 GT2 RS.
სრული დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 419-დან 456 კილომეტრამდეა. დამუხტვა სწრაფად ხდება, რადგან Cross Turismo იყენებს სწრაფ, 800-ვოლტიან სისტემას. სწრაფი დამტენით 100 კილომეტრის გასავლელად სამყოფ ენერგიას მანქანა 5 წუთში მიიღებს. ზოგადად კი, სწრაფი დამტენის საშუალებით, 5-დან 85 პროცენტამდე დასამუხტად დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.“
შეგახსენებთ, რომ პორშემ თავისი პირველი ელექტრომობილი 2019 წელს წარმოადგინა და სულ რაღაც წელიწადნახევარში 43,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ამ ხნის განმავლობაში ტაიკანმა 50-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა – მათ შორის, მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური, ულამაზესი და წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებები. ახლა კი, Porsche Taycan Cross Turismo-ს სახით მისი ახალი ვერსია გამოვიდა.
კამპანიაზე „პორშე ცენტრი თბილისთან“ ერთად კრეატიულმა ციფრულმა სააგენტომ „Leavingstone”-მა იმუშავა.