მარიამ თავბერიძე მხოლოდ 25 წლის არის და მის მიერ შექმნილ ყველაზე ჰარმონიული სამოსის ხაზს უკვე კარგად იცნობენ. ეს თავისუფლების შეგრძნებაა ყოველდღიურობაში ანუ მარიამის ჰამო კონცეპტი, რაც საფუძველი გახდა იმისა, რომ ახალგაზრდა მეწარმემ Visa-ს და Forbes Woman-ის ერთობლივ პროექტში ‒ კონკურსი ქალი მეწარმეებისთვის საქართველოში გაიმარჯვა. პროექტი, Visa-ს გლობალური ინიციატივის She’s Next, Empowered by Visa ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის, კერძოდ კი, ქალი მეწარმეების ხელშეწყობას, მათთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებისა თუ რესურსების შეთავაზების გზით.
როგორ ხედავენ სხვები ჰამო კონცეპტს? პროექტში მონაწილეობას საფუძვლად ამ კითხვაზე პასუხის პოვნა დაედო.
„პროექტში მონაწილეობის მთავარი მიზანი იყო გაგვეგო როგორია სხვისი თვალით დანახული ჰამო კონცეპტი. ჰამოზე სხვადასხვა აზრების მოსმენა საკმაოდ საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. ამ პროექტის საშუალებით უფრო მეტად დავრწმუნდით რამდენად უსაზღვროა ჩვენი, როგორც ბრენდის შესაძლებლობები. დავრწმუნდით იმაში, რომ დამწყები ბრენდიც შესაძლოა იქცეს გლობალურ კომპანიად“.
მარიამ თავბერიძე პროფესიით მოდის დიზაინერია, რა იქნებოდა მისი საქმე, როგორც თავად გვეუბნება, ბავშვობიდან იცოდა, ფანქრები მის ცხოვრებაში 4 წლის ასაკში გაჩნდა, მას შემდეგ ხატავს, ქმნის ესკიზებს. მოდის მომავალმა დიზაინერმა აკადემიური განათლებისთვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, პირველ სერიოზულ პროფესიული გამოცდილებას პირველი სამსახური აძლევს ‒ 2015-2018 წლებში მარიამი დიზაინერ ნინო ჩუბინაშვილის ასისტენტი იყო, უფრო ზუსტად ბრენდ “CHUBIKA”-ს წარმოების დირექტორი.
„ნინოსთან პირველ ეტაპზე ჩუბიკას Concept Story-ში სამუშაოდ მივედი. შემდეგ ასისტენტობა თავად შემომთავაზა და პროდაქშენის ხელმძღვანელობაც შევითავსე. ამ წლებმა ჩემს კარიერულ განვითარებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. შესაძლებლობა მქონდა ყველა იმ პროცესის თანამონაწილე ვყოფილიყავი, რაც უმნიშვნელოვანესია დამწყები დიზაინერის შემდგომი განვითარების და სწორი ხედვების ჩამოყალიბებისთვის. მიწევდა საწარმოებთან კომუნიკაცია, პროცესს ადგილზე ვაკვირდებოდი და პასუხისმგებელი ვიყავი პროდუქციის ხარისხზე. ჩვენებების ორგანიზება და მთლიანად ეს სამუშაო პროცესი ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო, რამაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი შემდგომი პროფესიულ განვითარებაში“.
პარალელურად, 2017 წელს მამაკაცების აქსესუარების ბრენდი Fazzoletto დააფუძნა და კომპანიის კრეატიული დირექტორის ფუნქციები შეითავსა. თუმცა, მარიამის ინტერესის სფეროს ყოველთვის მაღალი მოდა ანუ ე.წ. ოტ-კუტიური წარმოადგენდა და შესაბამისად, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ უჭირდა პროფესიისთვის ბიზნესის კუთხით შეეხედა. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდგომ ხელოვნებისა და მოდის დიზაინერთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურს BE NEXT ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც, სამწუხაროდ, მისი წარმატებით არ დასრულებულა. თავად გვეუბნება, რომ სწორედ ცხოვრებისეულმა გამოცდილებებმა აჩვენა სწორი გზა და დაარწმუნა, რომ შესაძლებელია ხელოვნებისა და ბიზნესის სინთეზით საინტერესო შედეგის მიღება, მომხმარებლისთვის გამორჩეული ვიზუალისა და ხარისხის პროდუქციის შეთავაზება. ამიტომაც 2019 წელს სამუშაოდ ჩინეთში წავიდა, საკუთარი საქმისთვის კაპიტალი სჭირდებოდა. 2020 წელს საქართველოში დაბრუნებულმა, დაგროვილი თანხით მანქანა-დანადგარები შეიძინა და წარმოების პროცესში გადაეშვა, ასე ქართულ ბაზარზე აზიური კულტურის გავლენით ახალი სტარტაპი ‒ „ჰამო“ ‒ ჩნდება, ეს მაშინ როცა ყველგან პანდემია მძვინვარებს. ყველასთვის რთულ პერიოდში მარიამის ინსპირაციის წყარო აზიური კულტურა და იოგა გახდა.
„მინდოდა რომ „ჰამოს“ სახით ისეთი პროდუქცია შემექმნა, რომელსაც ერთი ნიშა და ხელწერა ექნებოდა. პანდემიის პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი დაკავდა ჯანსაღი ცხოვრების წესით და მათ შორის იოგით, მაშინ იოგა მეც დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ ქართულ ბაზარზე იოგას ტექნიკური სამოსის შოვნა ფაქტიურად შეუძლებელი იყო. სწორედ ეს საჭიროებები გახდა ჰამო კონცეპტის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია. რადგან საქართველოში აზიური, ევროპული და აფრიკული სინთეზის სამოსის სიმცირეა, ვფიქრობდით, რომ მომხმარებლისთვის ამ კუთხით დანახული კონცეპტი საინტერესო იქნებოდა“.
მარიამ თავბერიძე კომპანია „ჰამოს“ თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია, ბიზნესში მისი პარტნიორი პროფესიით ექიმია. ხარისხიანი პროდუქციის შექმნას შესაბამისი კადრები სჭირდებაო გვეუბნება, ამას კი ის მცირე კაპიტალი ვერ გაწვდებოდა, რითაც საქმე თავად წამოიწყო. მარიამი ამბობს, რომ წარმატება საერთო ღირებულებების მქონე პარტნიორთან ერთად მოდის, გარდა ფინანსური საჭიროებებისა ბიზნესში სწორი პარტნიორის ყოლა მნიშვნელოვნად მიაჩნია. ამიტომაც არის, რომ „ჰამოს“ თანადამფუძნებლები ერთმანეთს აბალანსებენ, თავისუფლებას აძლევენ, აზრებს ითვალისწინებენ და ორი ადამიანის ხედვის სინთეზის საბოლოო შედეგია სწორედ ის, რომ „ჰამო“ დღეს იქ არის სადაც არის.
„დიზაინს თავიდან ბოლომდე მე ვქმნი, თუმცა საქმეს გუნდურად ვაკეთებთ, ესკიზზე მუშაობისას აუცილებელია ჩვენი გუნდის ყველა წევრის ჩართულობა, იქნება ეს თანადამფუძნებელი, კონსტრუქტორი, ტექნოლოგი თუ სხვა“.
მიუხედავად იმისა, რომ მარიამის ჰამო კონცეპტის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია იოგა იყო, უკვე დღეს იოგას ხაზი კომპანიის ერთ-ერთი ნიშაა და არა ერთადერთი. „ჰამო“ მრავალპროფილური სტილის ბრენდია და მისი მიზანია ჩვენს ყოველდღიურობაში სიმსუბუქის და თავისუფლების განცდის შემოტანა. გარდა ყოველდღიური სამოსისა, ჰამო კონცეპტი მომხმარებელს კიმონოების ვარიაციებსაც სთავაზობს. მარიამი ამბობს, რომ ყოველდღიურობაში თავისუფლების შეგრძნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და „ჰამო“ ცდილობს თავისუფლება სამოსითაც მოგანიჭოთ. ეს მათ შორის იმ ნატურალური ქსოვილებითაც მიიღწევა, რომელსაც მარიამ თავბერიძის ბრენდი იყენებს. „ჰამო“ სრულად ეკომეგობრული კომპანიაა, ამ ეტაპზე აქ ტყავს საერთოდ არ იყენებენ და უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ მომავალშიც მხოლოდ ეკოტყავით იმუშავებენ.
„ჰამოში“ მხოლოდ სამოსის შექმნაზე არ ფიქრობენ. დამფუძნებლებმა კომპანიას ბევრად დიდი მიზნები დაუსახეს, მაგალითად, ერთ-ერთი ახალგაზრდებსა და ენთუზიასტებში ჯანმრთელობის დონის ამაღლებაა.
„სამოსიც ერთგვარი ბიძგია ამ დროს, რადგან ხშირად სწორედ სამოსი გვიქმნის განწყობას. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად აქტიურად მუშაობს რომ, რაც შეიძლება მეტი ტექნიკურად გამართული პროდუქცია შევთავაზოთ იოგას მოყვარულ საზოგადოებას. ჩვენი მიზანია უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამდე გლობალურადაც. მჯერა, რომ კონკურენციის გაწევას უცხოურ ბაზრებზეც თავისუფლად შევძლებთ“.
მარიამი გვეუბნება, რომ ჯანსაღი კონკურენცია ბაზრის განვითარების საფუძველია, ბევრი ხარისხიანი პროდუქცია კი მოტივაციის წყარო, საბოლოოდ ასეთმა მიდგომამ მისი მოსაზრებით ბაზრის თამასა უნდა აწიოს.
სხვა ბრედებისგან რადიკალურად გამორჩეული სტილის ხელწერა, რომელიც „ჰამომ“ შექმნა აბსოლუტურად ინდივიდუალურია. ახლა კომპანია ძირითადად ქალის ხაზზე მუშაობს, თუმცა კოლექციაში უნისექს მოდელებიც აქვთ, ეს კი ნიშნავს, რომ „ჰამოში“ სასურველი ნივთის პოვნას მამაკაცებიც შეძლებენ. თუმცა, რადგან მომხმარებელთა მოთხოვნა გაზრდილია და არც გულდაწყვეტილი კაცების რაოდენობაა ცოტა, ბრენდი მამაკაცის ხაზის დამატებაზე აქტიურად მუშაობს. ასე დასტურდება რომ აქ მომხმარებელს ყოველთვის უსმენენ.
უახლოეს სამომავლო გეგმად იმ ინდური მეთოდის განვითარება დაისახეს, რითაც „ჰამო“ სხვა კომპანიებისგან ნამდვილად გამოირჩევა. დაფუძნების პირველივე წლიდან ჰამო აქტიურად იყენებს ინდური, ხელის შტამპებით პრინტვის მეთოდს, რითაც კომპანია ლიმიტირებულ კოლექციებს ქმნის და მასალად არაალერგიულ საღებავს იყენებს.
რაც შეეხება სიახლეებს, რომელსაც „ჰამოს“ მომხმარებელი იოგას ხაზში უნდა ელოდოს. მარიამ თავბერიძე ამბობს, რომ ბრენდი უცხოელ პარტნიორებთან ახლა აქტიური მოლაპარაკების ეტაპზეა, იმისთვის რომ ქართულ ბაზარს „ჰამოს“ ეკომატები შესთავაზონ.
როგორ გგონიათ რას უნდა ნიშნავდეს ჰამო? თუ თქვენც ჩემსავით ასოციაციურად აზიისკენ წახვედით, ცდებით. მარიამს თავშივე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მისი კომპანიის სახელი ქართული ყოფილიყო, არჩევანის გასაკეთებლად ძველი ქართული ლექსიკონიც დასჭირდათ, სწორედ ასე აღმოაჩინა სიტყვა „ჰამო“, რომელიც ირკვევა რომ ძველქართულია და საამოს ნიშნავს.
„ჩავთვალეთ რომ სიტყვა საამო, იმ ჰარმონიას, რასაც ჩვენი ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს, კონცეპტუალურად ძალიან მოუხდებოდა. რა არის „ჰამოს“ მთავარი სათქმელი? ვისაც „ჰამო“ აცვია, ვფიქრობ, რომ განსხვავებული, თავისუფალია და, პირველ რიგში, საკუთარ თავთან ჰარმონიაშია. ვფიქრობ, რომ „ჰამო“ მომხმარებელს იმ თავისუფლებისა და ჰარმონიის მიღწევაში ეხმარება, რაც ყოველდღიურობაში ასე ძალიან გვჭირდება“.