ტაპი ზაქარიაძემ ლიბერთი ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულება დაახლოებით ნახევარი წლის წინ ჩაიბარა. ბანკის განახლებულ სტრატეგიაში მთავარი მიმართულებები განათლება, ცოდნის გაზიარება და ცნობიერების ამაღლებაა. ტაპი გვიყვება, როგორია მისი მუშაობის სტილი და რა გზა გაიარა ლიბერთიმდე.
გერმანული სკოლა დაამთავრა, მერე უცხო ენების ინსტიტუტში გერმანისტიკაზე სწავლობდა. 90-იანი წლები იდგა, ქვეყანაში მძიმე ვითარება იყო, ამიტომ 19 წლისამ სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში წასვლა გადაწყვიტა. ცვლილება უნდოდა.
ამ ამბავს ასე იხსენებს: „ოჯახში ერთი პიანინო გვქონდა, რომელსაც „ფაქიზოს“ ვეძახდით. თავიდანვე განწირული ნივთი იყო ‒ არავინ უკრავდა და რაღაცაში უნდა გამოგვდგომოდა. ასეც მოხდა ‒ ჩემს სწავლას შეეწირა, გავყიდეთ და იმ თანხით ‒ დაახლოებით 300 დოლარით, ასევე დიდი იმედებითა და ამბიციებით წავედი გერმანიაში“.
ჰამბურგში მედიაკომუნიკაციების ფაკულტეტზე სწავლობდა. ქართველები ბევრნი იყვნენ. ჩაბნელებული თბილისიდან ჩასულებს, სინათლეც ჰქონდათ, სითბოც და ცხელი წყალიც, მაგრამ საქართველოს მიმართ ნოსტალგია იმდენად ძლიერი იყო, თამაში ‒ თბილისობანა ‒ გამოიგონეს. „უნდა ჩაგვექრო სინათლე, აგვენთო სანთლები და პლედები დაგვეფარებინა ‒ ვითომ ციოდა. 90-იანი წლების იმიტაციას ვაკეთებდით, იმდენად გვენატრებოდა ჩვენი გათოშილი ქვეყანა ყველაფრით უზრუნველყოფილ გერმანიაში“.
იხსენებს იმასაც, რომ საბჭოთა კავშირში გაზრდილები, ადრეული ასაკიდან შრომას მიჩვეულები არ იყვნენ, იქ კი, სწავლის პარალელურად, ბევრნაირ სამსახურზე უწევდათ დათანხმება.
ტაპის პირველი სამუშაო ადგილი ფუნთუშებისა და ყველის მაღაზია იყო. მოგვიანებით უფრო მძიმე სამუშაოებზეც მოუხდა დასაქმება, თუმცა ამბობს, რომ იმ სირთულეებმა მასაც და სხვა ქართველ სტუდენტებსაც ბევრი სასარგებლო ჩვევა შესძინა. „მივეჩვიეთ ადრე გაღვიძებას, ერთმანეთის გვერდით დგომას. გავაცნობიერეთ, რომ თითოეული ჩვენგანი ჩვენი ქვეყნის სახეს წარმოადგენდა და როგორებსაც გაგვიცნობდნენ, ისეთი წარმოდგენა ექნებოდათ საქართველოზე. არ ვიღლებოდით საქართველოს ისტორიის მოყოლით, მახსოვს, ხელზეც კი ვიწერდით ანბანს, რომ გვენახებინა, თუ როგორია ქართული დამწერლობა“.
ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, იყო ცდუნება, გერმანიაში დარჩენილიყო, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ მაინც თბილისში წამოვიდა ‒ იფიქრა, რომ ყველაზე კარგად საკუთარ ქვეყანაში იქნებოდა.
და ამბობს, რომ ეს არასდროს უნანია.
წლების წინ საქართველოდან წახვედით და დაბრუნდით. რთული იყო დაბრუნება?
თავიდან გამიჭირდა კომფორტიდან ისევ ჩაბნელებულ საქართველოში დაბრუნება, სადაც არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა. გამოსავალი იმაში ვიპოვე, რომ დავიწყე ფოტოგრაფიის სწავლა. ამან ძალიან გამიტაცა. ჩემთვის ეს თითქოს იმ ადამიანების მხარდაჭერა იყო, ვისაც ვიღებდი. დავდიოდი ბავშვთა სახლების, კოლონიების გადასაღებად და ვხვდებოდი, რომ ასეთი ფორმით მოყოლილი ამბები მნიშვნელოვანი იყო. ასე ვცდილობდი გამეცნო საზოგადოებისთვის ადამიანები, რომლებიც არავის ახსოვდა. შემდეგ მივხვდი, რომ როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს ბუნება ‒ მზის ჩასვლა, ჩანჩქერი ‒ ის ცალკე აღებული, ადამიანის გარეშე, უინტერესოა ჩემთვის. როგორც კი ამ პეიზაჟში თუნდაც, ერთი ადამიანი ჩნდება, ის ფოტო უკვე ამბის მოყოლას იწყებს და, შესაბამისად, სხვა შინაარსს იძენს. ამის მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანია, მათთან კომუნიკაცია, მათი ისტორიების მოყოლა. აღმოვაჩინე, რომ ისეთი საქმის კეთება მომწონს, რომელიც ცოცხლად მიმდინარეობს და სადაც სწრაფად შეიძლება უკუკავშირის მიღება. მიჭირს დიდხანს ველოდო რაღაცის შედეგს. ველოდები, მაგრამ გარკვეული იმპულსები მჭირდება, რაც მიმანიშნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავარ და ადამიანებისთვის რაღაც სასარგებლოს ვაკეთებ. აქედან გამომდინარე, ის, რასაც ცოცხალ კომუნიკაციას ეძახიან, განსაკუთრებით საინტერესო და მამოტივირებელია ჩემთვის. ვგულისხმობ შესაძლებლობას ‒ ადამიანებთან უშუალო კონტაქტი მქონდეს და მათ თვალებში ამოვიკითხო მათი ემოციები.
გაქვთ თუ არა ამის შესაძლებლობა ლიბერთიში? კონკრეტულად რას მოიცავს თქვენი პოზიცია?
ლიბერთიში ჩემი მოსვლა ბანკში მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს დაემთხვა. ლიბერთის ახალი ხედვა და სამომავლო გეგმები ახლოს აღმოჩნდა ჩემს ღირებულებებთან, ამიტომ შემოთავაზებას, ვყოფილიყავი კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, მალევე დავთანხმდი. ეს სამუშაო ჩემთვის გამოწვევაა ‒ მსურს ჩემი საკუთარი წვლილი შევიტანო ამ საინტერესო, დიდი და, ჩემი აზრით, ადამიანებისთვის მეტად სასარგებლო საქმეში.
კორპორაციული პასუხისმგებლობა ნიშნავს ქმნიდე ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იქნება და ამას არ ექნება ერთჯერადი შედეგი. ასეთმა ცვლილებამ ადამიანს უნდა მისცეს შესაძლებლობა, თავად მიაღწიოს წარმატებას და არ იყოს სხვაზე დამოკიდებული. შესაძლებლობა კი ათასგვარია ‒ განათლება, ფინანსებზე და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, უსაფრთხო გარემო და სხვა. გააჩნია, კონკრეტულ დროს კონკრეტულ მომენტში რა არის უფრო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ იყო რეალიზებული, ძლიერი და თავად განკარგავდე შენს ცხოვრებას. ჩვენი ამოცანა და მიზანი სწორედ ეს არის ‒ შევქმნათ შესაძლებლობები ადამიანებისთვის. ვფიქრობ, ლიბერთის ამგვარი დამოკიდებულება და სურვილი ‒ იყოს პასუხისმგებლობიანი და მდგრადი ბიზნესი ‒ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილების მომტანი იქნება.
როგორია ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია და პროექტები?
სტრატეგიის განსაზღვრისას ბევრი ვიფიქრეთ და ვიკვლიეთ, რათა გვეპოვა სწორედ ის მიმართულება, სადაც ჩვენ ყველაზე მეტად ვიქნებოდით საჭირო. ვკითხეთ ადამიანებს, მივხვდით, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია განათლებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობები გავაჩინოთ. განათლება არ გულისხმობს მხოლოდ უმაღლეს განათლებას, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლებაც და ასევე უნიკალური შესაძლებლობა არსებობს ცოდნის გაზიარების სახით. ლიბერთი სტრატეგიული პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ირჩევს სწორედ განათლებას, ცოდნის გაზიარებასა და ცნობიერების ამაღლებას. ვიმუშავებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქალების გაძლიერება, ადამიანების უფლებების დაცვა და ა.შ. რაც შეეხება ცოდნის გაზიარებას, გვინდა საამისოდ არსებობდეს კონკრეტული სივრცე. ჩვენი სურვილია, გავხდეთ უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც განათლებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით გააერთიანებს სხვადასხვა თაობის ადამიანებს. ლიბერთის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება უფროსი თაობის ადამიანების ხელშეწყობა, თუმცა მოვიცავთ სხვადასხვა ასაკობრივ სეგმენტს და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ახალგაზრდების განათლებას. ამის ერთ-ერთი მაგალითია ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ამერიკის საელჩოს ინოვაციის კონკურსი, რომელსაც ჩვენც შევუერთდით. ასევე გავაფორმეთ ხელშეკრულება საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსთან“. ეს თანამშრომლობა 20000-მდე ახალგაზრდა მეწარმის გადამზადებას, სწავლებასა და საგრანტო კომპონენტს მოიცავს. მათ შორის არიან ქალები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდან. ლიბერთიმ პროექტისთვის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ შექმნა სამეტაპიანი ფინანსური განათლების სასწავლო მოდული, რომელსაც გადამზადებულ ტრენერებთან ერთად ლიბერთის თანამშრომლები უძღვებიან. ფინალში გადასული ბიზნესიდეის ავტორები კი ლიბერთი ბანკისგან დამატებით მათ პროექტზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.
ლიბერთი უკვე ექვსი წელია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ოქროს სპონსორია და გამარჯვებული საუკეთესო მასწავლებლების ათეულს აჯილდოებს.
ამ ფორმით მადლობას ვუხდით მასწავლებლებს ფასდაუდებელი შრომისთვის და თავიანთი საქმის სიყვარულით კეთებისთვის. გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში და გვჯერა, რომ სწორედ განათლებაა ადამიანის თავისუფლების საფუძველი.
რა თქმა უნდა, განათლებაზე ზრუნვა მოიცავს ჩვენი თანამშრომლების განათლებაზე და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვასაც. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიბერთი იქნება ბანკი, რომლის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება გახდება განათლების ხელშეწყობა.
ვამაყობთ იმით, რომ ცოტა ხნის წინ ლიბერთისა და „ტელეკლინიკა MYDOC“-ის ერთობლივმა პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსში გაიმარჯვა.
„ტელეკლინიკა MYDOC“ უფროსი თაობის ადამიანებისთვის შეიქმნა ‒ განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქალაქისგან მოშორებულ სოფლებსა და რაიონებში ცხოვრობს. პროექტის მიზანია, გავზარდოთ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა მობილური კლინიკების დახმარებით. საამისოდ აგვისტოდან დღემდე მოვიარეთ 112 სოფელი, გამოკვლევა ჩაუტარდა 2000-მდე პირს. გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის აღიარება ძალიან გვახარებს. ესაა იმის ნიშანი, რომ ლიბერთის კარგად ესმის მდგრადი განვითარების შინაარსი და ყველა მისი პროექტი ორიენტირებულია სწორედ მდგრადი, გრძელვადიანი შედეგის მოტანაზე.
როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საქართველოში სათანადოდ აღქმული და გაცნობიერებული კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა?
პასუხისმგებლობა ძალიან ბევრი სახის არსებობს და მნიშვნელოვანია, ზოგადად, საზოგადოებაში გვყავდეს ბევრი პასუხისმგებლობიანი მოქალაქე. ასეთი ადამიანები, თუნდაც ძალიან მარტივი მაგალითებით, უკეთესობისკენ ცვლიან სამყაროს.
რაც შეეხება კორპორაციულ პასუხისმგებლობას, ეს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი მასშტაბის ორგანიზაციას. ამისთვის აუცილებელი არ არის დიდი ბიუჯეტი. მთავარია გადაწყვეტილება, იყო პასუხისმგებლობიანი ბიზნესი და ყოველდღიურ საქმიანობაში ეცადო მეტი სარგებელი მოუტანო ადამიანებს და გარემოს შენი საქმიანობით. ერთი ადამიანის ჩართულობაც კი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. დამოკიდებულებების შეცვლას, დამიჯერეთ, არ სჭირდება ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომისაა თქვენი კომპანია. სამთანამშრომლიან კომპანიასაც კი შეუძლია პატარა ცვლილებებით დიდი და საამაყო საქმეები აკეთოს. ასევე გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი ‒ ალბათ, კორპორაციული პასუხისმგებლობა ხშირად ქველმოქმედებად აღიქმება ან პირიქით. რეალურად კი ქველმოქმედებასა და კორპორაციულ პასუხისმგებლობას შორის დიდი განსხვავებაა. ქველმოქმედება არის პრობლემის ერთჯერადად მოგვარება, კორპორაციული პასუხისმგებლობა კი ადამიანისთვის გრძელვადიანი სასურველი შედეგის დადგომას გულისხმობს.
რთული საქმეა?
საკმაოდ რთულია, რადგან რაც არ უნდა კარგი მენეჯერი იყო, თუ კომპანიაში კეთილი ნება არ არის, ამის დამოუკიდებლად გაკეთება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ თავდაპირველად კომპანიის შიდა პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს სათანადოდ, რათა ამ ორგანიზაციის კორპორაციულმა პასუხისმგებლობამ სასურველ დონეს მიაღწიოს.
მენეჯმენტის გადაწყვეტილებასთან ერთად, არსებობს კიდევ ერთი ოქროს წესი. შენს ღირებულებებს, შენს ხედვას უნდა იზიარებდნენ თანამშრომლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი სურვილი ‒ იყოთ პასუხისმგებლობიანი კომპანია ‒ მხოლოდ სურვილად დარჩება.
რომელ პროექტს გამოარჩევდით, რაც ამ მიმართულებით ხორციელდება?
ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით ერთ პროექტს გამოვარჩევდი, რომელიც ზუსტად პასუხობს ჩვენს დამოკიდებულებებს კონკრეტული საკითხების მიმართ.
ეს ეხება შშმ პირთა გამოწვევებს, რომელიც ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, მომსახურებით დამთავრებული, პრობლემურია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მათ შორის, საბანკო სექტორშიც. ზუსტად ამის შეცვლა და ამაზე ზრუნვაა ჩვენი მიზანი.
ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება შშმ პირთათვის ბანკის მისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესება.
ლიბერთი იზრუნებს, რომ შშმ პირები ჩართოს თავის საქმიანობაში; იზრუნებს, რომ მისი პროდუქტები მეტად მორგებული იყოს შშმ პირთა საჭიროებებს და იყოს გამორჩეულად მხარდამჭერი განათლების, ბიზნესისა თუ სხვა მიმართულებით შშმ პირებისთვის.
ამის მისაღწევად ჩვენ და არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, რომელშიც შშმ პირებიც არიან ჩართულები. პროექტი გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციას ეყრდნობა და მისი საფუძველია, ადამიანებს ჰქონდეთ თანაბარი და თანასწორი შესაძლებლობები. ლიბერთი აქტიურად მუშაობს „უნივერსალური დიზაინის“ შექმნაზე, რაც მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ფიზიკურ ხელ მისაწვდომობას უზრუნველყოფს.
თქვენი აზრით, რა ზრდის თანამშრომლების მოტივაციას?
მე ყოველთვის შექების მომხრე ვარ. როცა ადამიანი შეცდომას უშვებს, ის თვითონაც კარგად ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა. ამიტომ მე კარგად გაკეთებული საქმეების აქცენტირებას ვემხრობი. ბედნიერი, გახარებული თანამშრომელი უფრო პროდუქტიულია და ისეთი სიყვარულით აკეთებს საქმეს, რომ ვერცერთი შენიშვნა მას იმ საქმეს ასე ვერ გააკეთებინებს. თუ მუშაობს გუნდი, იქ თითის გაშვერა და დამნაშავეების ძებნა არ არის სწორი. მენეჯერის მთავარი ღირებულება ძლიერი და კარგი გუნდია. ეს არის წარმატების განმსაზღვრელი.
რა თვისებები ან ჩვევები გეხმარებათ საქმეში ყველაზე მეტად?
ალბათ, ყველაზე მეტად ჩემი სიმშვიდე მეხმარება კრიზისულ სიტუაციებსა და ვითარებებში, რაც საკმაოდ ბევრი ყოფილა. კრიზისის დროს ადამიანები ხშირად ცდილობენ კონკრეტული დამნაშავე იპოვონ. ეს დიდი შეცდომაა. მენეჯერი ამ დროს პრობლემის გამოსწორებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. თუ ჩემი გამოცდილება გაინტერესებთ, პირველი, რაც კრიტიკულ სიტუაციაში ირთვება, ესაა იმ კონკრეტულ მომენტში ყველა ადამიანის მობილიზება იმისთვის, თუ როგორ მოვაგვაროთ კონკრეტული საკითხი. უკვე შემდეგ, ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, მნიშვნელოვანია მომხდარის გაანალიზება. ვფიქრობ, შეცდომები არ არსებობს, არსებობს გამოცდილებები. ყველა წარუმატებელ საქმეს მე ვუყურებ როგორც გამოცდილების დაგროვების ერთ-ერთ საშუალებას.
და რა არის, პირიქით, ხელისშემშლელი საქმეში?
უპირველეს ყოვლისა, თვითკმაყოფილება. გარკვეული წარმატების მიღწევის შემდეგ ყველას გვიჩნდება თვითკმაყოფილების განცდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს არ გაგრძელდეს დიდხანს. აუცილებლად უნდა შეხედო საკუთარ თავს გვერდიდან და თქვა, რომ რაც კი გააკეთე და კარგად გამოგივიდა, შეგეძლო უკეთესადაც გაგეკეთებინა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკუთარი მინუსების დანახვის უნარს.
როგორ ფიქრობთ, ქალები და მამაკაცები განსხვავებულად აკეთებენ საქმეს?
არსებობს სტერეოტიპები და ჩვენს ცნობიერებაში ეს სტერეოტიპები ძალიან ძლიერადაა ჩაბეჭდილი. მნიშვნელოვანია ამ სტერეოტიპების დანგრევა. ხშირად ქალები ბევრად უფრო წარმატებით ართმევენ თავს ისეთ სამუშაოს, რომელიც ტრადიციულად მამაკაცის სამუშაოდ აღიქმება. ამ სტერეოტიპების დანგრევა არც ისე მარტივია, თუმცა ძალიან ბევრი წარმატებული და ძლიერი ქალის ისტორია სხვა ქალებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია. ლიბერთის არაერთი საინტერესო მიმართულება აქვს ქალების გაძლიერების კუთხით.
ლიბერთი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა და ამ პრინციპების დანერგვა დაიწყო კორპორაციაში. იგივე ლანჩხუთის ქალთა ფეხბურთის გუნდის მხარდაჭერა ბევრი ქალისთვის უდიდესი სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა. ქალი ფეხბურთელების მხარდაჭერა სტერეოტიპების მსხვრევის ძალიან კარგი და თვალსაჩინო მაგალითია.
რამდენად რთულია დროის განაწილება საქმესა და სხვა დანარჩენს შორის?
ჩემთვის რთულია, თუმცა არიან ქალები, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ და სულ მინდა ასეთი ქალების რიცხვში ვიყო, მაგრამ ჯერ არ გამომდის.
დიდი შრომა დასჭირდა იმ ყველაფერს, რაც დღეს გაქვთ?
გააჩნია, რას ვგულისხმობთ იმაში, რაც დღეს მაქვს. თუმცა, რაც არ უნდა მქონდეს, ერთი რამ ზუსტად ვიცი მშვიდობა და სიყვარულია ის, რაც ყველაზე უფრო გვჭირდება და ამასაც ძალიან დიდი შრომა, დაფასება და გაფრთხილება უნდა.