წ.ა.მ.ი
მულტიკულტურალიზმი თამარ თანდაშვილისთვის ბუნებრივი მოვლენა იყო. ეს მისი არჩევანი არ ყოფილა. ასე უბრალოდ ცხოვრებამ განაპირობა და ისიც სიამოვნებით იხსენებს ბავშვობის ასაკს.
აწ უკვე ფსიქოლოგი და Executive Coach თამარ თანდაშვილი თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, მთაწმინდაზე, ე.წ იტალიურ ეზოში გაიზარდა. სხვადასხვა ეთნოსის მეზობლები ჰყავდა, ამიტომ ქართულის გარდა სომხური, რუსული, ქურთულიც არ იყო მისთვის უცხო და მეტიც, ბავშვობაში თურმე კარგად იცოდა ქურთული ენა, რომელიც მეზობელმა ასწავლა. კომუნალურ გარემოში ცხოვრება უტოვებდა შეგრძნებას, რომ მათი ოჯახი არ წარმოადგენდა ცალკე ერთეულს. არავის ბინის კარი არ იკეტებოდა. სამივე სართულის აივანზე გამოსული ადამიანები ერთმანეთს ისე ესაუბრებოდნენ, თითქოს ერთი მაგიდის გარშემო ისხდნენ. ასეთ კომუნალურ თანაცხოვრებას სახლის არქიტექტურაც განაპირობებდა. პირველად კორპუსში რომ გადავიდა საცხოვრებლად, ერთგვარი გაუცხოების შეგრძნება დაეუფლა, რადგანაც ბევრი ადამიანის გარემოცვაში არსებობა მისთვის უფრო ბუნებრივი იყო. დღემდე ახარებს ის, რომ ახლა უკვე თითქმის მივიწყებულ ეთნოგრაფიულ რეალობაში მოუწია ბავშვობის გატარება.
ყველაზე მნიშვნელოვანია
წიგნის კითხვა. ბავშვობიდან-დღემდე ფიქრობს, რომ კითხვისას ყველაზე ხარისხიანად ატარებს საკუთარ თავთან დროს; ბედნიერად გრძნობს თავს ამ პროცესის განმავლობაში. დაიწყო დეტექტივებიდან, რომლებიც ახლაც უყვარს, შემდეგ გადავიდა კლასიკურ ლიტერატურაზე. მისთვის ნებისმიერი სიუჟეტი მაშინ ხდება საინტერესო, როდესაც მას გამოკვეთილი ნარატიული სახე აქვს.
ლიტერატურის სიყვარულმა მიიყვანა ლიტერატურათმცოდნეობამდე. დაამთავრა თსუ. ამ სპეციალობით არ უმუშავია. სურდა, გაჰყოლოდა ამ პროფესიას, მაგრამ „ბნელმა 90-იანებმა“ განზრახვა შეუცვალა, თუმცა ტექსტთან ინტიმი მის საყვარელ საქმიანობად მაინც დარჩა. მხატვრული ნაწარმოების გმირებს, როგორც რეალურ ადამიანებს, ისე ესაუბრებოდა. წიგნის კითხვას რომ ამთავრებდა, ეს პერსონაჟები კიდევ კარგა ხანს რჩებოდნენ მის გვერდით. მათთან ყოფნა კომფორტსა და სიმშვიდეს სძენდა… მაგრამ, დადგა დღე, როცა კომფორტი უფრო ღრმა შემეცნების სურვილმა შეცვალა. მან ვერ ახსნა რომელიღაც პერსონაჟის ქცევა და მიხვდა, რომ ლიტერატურაში ბევრი უპასუხო კითხვაა.
რატომ შეიძლება ადამიანმა განახორციელოს ესა თუ ის ქცევა ან გააკეთოს აღნიშნული არჩევანი და არა -სხვა? ერთი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს ამა თუ იმ ქმედებას თუ რამდენიმე? ზოგადად, არჩევანი შეზღუდული აქვს ადამიანს, თუ მასში თავისუფლად „ლივლივებს?“ როგორც კი ამ კითხვებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო, გადაწყვიტა, შეესწავლა ის მეცნიერება, რომელიც მეტად დააკმაყოფილებდა ადამიანისადმი მის ინტერესს ‒ ფსიქოლოგია. ფიქრობს, ზოგ შემთხვევაში იქაც ხელის ცეცებით იკვლევენ გზას, თუმცა ეს დარგი მაინც უფრო მეტად იწვევს მასში სიმყარის შეგრძნებას, ვიდრე ლიტერატურათმცოდნეობა.
ფსიქოლოგიის სწავლისას თავიდანვე იცოდა, რომ ფსიქოთერაპია მისთვის ორგანული იყო. ჯგუფური მუშაობაც მოსწონს, თუმცა პრიორიტეტული მაინც პაციენტთან ინდივიდუალური შეხებაა. თუ სეანსზე რამდენიმე ადამიანია, მისი აზრით, სოციალური ჟანრი ჩნდება, იკარგება ცალკეული ინდივიდი და სესიის მიზანიც სხვა სახეს იღებს, ხოლო, როცა მხოლოდ ორი ადამიანია, სხვა კოსმოლოგია იქმნება. ორი განსხვავებული ცნობიერება ესაუბრება ერთმანეთს, იცვლება აზრები, ერთი მეორის ცნობიერში აღწევს და ამ დროს საოცრება ხდება სამყაროში! ამიტომ უყვარს ფსიქოთერაპია და ქოუჩინგი.
თამარს ჰყავდა ძალიან კარგი, გამორჩეული პედაგოგები, რომლებმაც დაანახეს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გამოცდილ ადამიანს თაობების განვითარებაზე. ახალგაზრდების მიმართ განსაკუთრებული აღფრთოვანება მასაც ახასიათებს, შესაბამისად, ლექცია და სემინარი მისი საყვარელი საქმიანობაა.
„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“
სასოწარკვეთილი პაციენტი ბევრი ჰყოლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა აქტიურად მუშაობდა როგორც ტრავმა-თერაპევტი. უმრავლესი სიტუაციიდან აუცილებლად არსებობს გამოსავალი, თუ არაა საუბარი კლინიკურ პათოლოგიებზე. სამწუხაროდ, ასეთ დროს უფრო მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ როცა უბრალოდ რთული პერიოდი აქვს ახლობელ ადამიანს და თავად არ მიგვანიშნებს, სასურველია, ეს მდგომარეობა თავად შევამჩნიოთ.
„თუ ერთი ადამიანი მაინც გყავთ გარშემო, ვინც გეხმარებათ და გეუბნებათ: მე შენ ძალიან მიყვარხარ და მუდამ გვერდით მიგულე; ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს; შენ მარტო არ ხარ! იცოდე და გახსოვდეს ეს!, მაშინ ურთულეს პრობლემასაც კი აუცილებლად დააღწევთ თავს! სიტყვას და თანადგომას ჯადოსნური ძალა აქვს!“
სახლი, ნანატრი სახლი…
სრული კომფორტის ზონა შეიძლება ჰქონდეს ადამიანებთან და ადამიანების გარეშე. მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება კი საკუთარ თავთან ტყეში განმარტოებაა! იქ ის თვითიდენტურობას გრძნობს. ხეები უყვარს! შეუძლია დადგეს და ეფეროს, ესაუბროს ტოტებს. ადგილებსაც კი იმის მიხედვით იმახსოვრებს, სად რომელი ხე იდგა. ხშირად მოგზაურობს საქართველოსა და მის საზღვრებს მიღმა. როცა არჩევანის დრო დაუდგა რამდენჯერმე, სად წასულიყო, მიხვდა, რომ დასახლებულ პუნქტს ნაციონალურ პარკში ყოფნა ერჩივნა. ხანდახან ფანტაზირებს კიდეც ამასთან დაკავშირებით, რომ ცხოვრობს მიუვალ, უღრან ტყეში, აქვს პატარა ქოხი, ჰყავს ბევრი ცხოველი და გარშემო უამრავი ხეა…
რა არის ფანტაზირება? (DAYDREAMING)
ხანდახან ვწყდებით რეალობას, ვივიწყებთ არსებულ მდგომარეობას და ჩვენს ფანტაზიას გადავყავართ სადღაც სხვაგან, ყველაფრისგან შორს… გონებაში ვქმნით პარალელურ სამყაროს, გმირებს და სხვადასხვა ამბავს ვიგონებთ. უფრო ხშირად წარმოვიდგენთ ისეთ სიტუაციას, სადაც ერთი ან რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს, იშვიათად კი ბუნებაში ყოფნაზე ვფანტაზირებთ. ჩვენ ვართ საკუთარი ირეალური სამყაროს შემოქმედი და, შესაბამისად, ჩვენვე ვაკონტროლებთ მას…
სად გადის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის? საიდან მოდის ჩვენთან ფანტაზირების იმპულსი? ხანდახან გვგონია, რომ ყველაფრისგან დამოუკიდებლად ჩნდება, სინამდვილეში კი ეს ტრიგერი იყო და მისი შემჩნევა ჩვენი ცნობიერისთვის არც ისე მარტივია.
„გვაქვს უთვალავი ფერითა“
ვფანტაზირებთ ‒ მეტად კრეატიულები ვართ. სხვადასხვა მოვლენასა და იდეას ვუკავშირებთ ერთმანეთს, რომლებსაც არ აქვთ პირდაპირი, ასტორონომიულ დროითი ან თემატური კავშირი. ფანტაზირების სავარჯიშოების საშუალებით ერთგვარ ბმულს წარმოვქმნით მათ შორის. ამ პროცესის განმავლობაში ჩვენ გავდივართ ე.წ ფოკუსიდან, გადავდივართ სადღაც და ამ დროს თავის ტვინში იკვრება ის წრედი, რომელიც სხვადასხვა გაფანტულ იდეებს გვაკავშირებინებს და შედეგად გამოგვყავს საერთო აზრი.
ფანტაზირება გვეხმარება, გავუმკლავდეთ ხშირად სასტიკ და უსამართლო რეალობას. ამ პროცესში უფრო კარგი ნებისყოფაც გვიყალიბდება, მეტად მტკიცედ ვუპირისპირდებით სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოწვევას!
გახსოვდეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხართ თუ მამაკაცი. ფანტაზირების სურვილი ერთნაირად შეიძლება გაგვიჩნდეს ყველას! ჩვენს შექმნილ სამყაროში ვართ საყვარელი საქმის პროფესიონალები, უკეთესი მეოჯახეები, უკეთესი მეგობრები, მოქალაქეები, შესაძლოა გმირებიც, მისაბაძი ადამიანები, ან უბრალოდ, განმარტოებული და დასვენებულნი…
ფანტაზირება, როგორც არქიტექტურა
პათოლოგიურ ფანტაზირებასთან (Maladaptive daydreaming) ერთხელ ჰქონდა შეხება. ამგვარი ფორმა ძალიან მკვეთრია, ადამიანს წყვეტს რეალობას ‒ აღარაა ფუნქციური, ჩამორჩება მოვლენებს და, შესაბამისად, ზიანდება ამის გამო. თამარი ამ პრობლემას არეგულირებდა პაციენტთან ერთად, რომელიც ამბობდა, რომ არაფერი არ სიამოვნებდა ფანტაზირების გარდა! არქიტექტორი იყო თავისი უტოპიური სამყაროსი, მოწყდა რეალობას, ვეღარ სწავლობდა, მაგრამ მაინც არ ეთმობოდა შექმნილი პარალელური რეალობა. ბოლოს მოხერხდა, რომ შენარჩუნებულიყო მისი ნაწილი, მაგრამ მეტი დრო დაუთმეს არსებულ ყოფას, რათა არ ჩამორჩენოდა მოვლენების განვითარებას.
ერთი პაციენტი უამბობდა, როგორ ცხოვრობს თავის გამოგონილ სამყაროში კალიფორნიაში, ხელოვნების მექაში, ნახევრად-ჰიპი საზოგადოებაში. იქ თვითგამოხატვის ყველა ფორმაა დაშვებული და არტვიბრაციების გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს. ავტორსაც, ცხადია, მუზები მოსვენებას არ აძლევენ… ადამიანები იძინებენ და იღვიძებენ, რათა ემსახურონ ხელოვნებას.
Executive Coaching-ით ვინც არის დაკავებული, მათი ცხოვრება ძალიან დატვირთულია და ამიტომ ისინი, ძირითადად, სიმშვიდეს, სახლში ყოფნას წარმოიდგენენ. იქმნიან ისეთ სამყაროს, რომელშიც დილით ადგომა არაა საჭირო, ფიქრისა და აზროვნების დრო აქვთ, არიან ბუნებაში, კითხულობენ. ყველას აქვს საყვარელი ადგილი ‒ უდაბნო, ბაღი, ოკეანე… მათთვის მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ არსად არ ეჩქარებათ, არ უწევთ თემიდან თემაზე და ადგილიდანადგილზე გადახტომა, რაც ძალიან სტრესულია. ადამიანის ტვინს სჭირდება გარდამავალი დასვენება შფოთვის შესამცირებლად. საჭიროა განგრძობადობა ერთ სიტუაციასა და მდგომარეობაში ე.წ. უწყვეტი ჩართულობა (Uninterrupted Attention).
და მაინც, რა არის ფანტაზირება?
ალბათ, რეალობაში არსებული დანაკლისების პარალელურ სამყაროში კომპენსირება…