მიუხედავად იმისა, რომ ქართული ავიაციის ერთადერთი ქართული კომპანიის მენეჯმენტში ის ერთადერთი ქალია, მიუხედავად იმისა, რომ მისი სამუშაო გამოცდილების ჩამონათვალში არის „ყატარის ავიახაზები“, „პეგასუსი“, „ფლაი ჯორჯია“, „ატლასგლობალი“ და კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 35 წლისაა და 18 წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს, როცა წარმატებაზე ეკითხები, კითხვას უკან გიბრუნებს, – „არ ვიცი, წარმატებული ვარ?“. კი, Forbes Woman თვლის, რომ თამუნა თანდაშვილი არა მხოლოდ წარმატებული ქალია, არამედ ის სწორედ ისაა, ვისაც ქართულ ავიაციაში მნიშვნელოვანი და რევოლუციური ცვლილებების მოხდენა შეუძლია. ასეთია თავადაც, ცვლილებების მოყვარული და ცვლილებისთვის მებრძოლი. ამას მაშინვე ხვდები, როცა ის ინდუსტრიაზე საუბარს იწყებს. ხედავ, რომ 10 წლიანი გამოცდილების მიუხედავად, სხვაგან წასვლას კიდევ დიდხანს არ აპირებს. ავიაციაში დარჩენას იქამდე გეგმავს, ვიდრე მოთხოვნადი იქნება. კითხვაზე რატომ ავიაცია? ძალიან მოკლედ და ფიქრის გარეშე გპასუხობს – „აქ ვერ მოიწყენ“.
ავიაცია კოსმოპოლიტი ადამიანების სივრცეაო, – ამბობს. ასე იქცა თავადაც 10 წლის წინ „მსოფლიოს მოქალაქედ“, როცა სრულიად შემთხვევით „კაცების ბიზნესში“ მოხვდა. ისე, სულ ასე იყოო – გვიყვება; 18 წელია სულ მასკულინურ გარემოშია, იქ სადაც ქალი გადარჩენისთვის ყოველდღიურად იბრძვის, ყოველდღე უწევს იმის მტკიცება, რომ მის უკან ცოდნა და გამოცდილება დგას. თამუნა ამბობს, რომ ამ გარემოში ქალების მიმართ დამოკიდებულება იგრძნობა ინტონაციებში, გამოხედვებში, საქმიანი გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი, მაგრამ ის ახერხებს და წლებია „კაცების ბიზნესში“ წამყვან პოზიციებს იკავებს. თამუნა თანდაშვილი ახლა Georgian Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილეა. ამ ინდუსტრიაში, პირველად, „ყატარის ავიახაზების“ წარმომადგნელობით მოხვდა, მაშინ როცა წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, როგორ მუშაობდა ეს ბიზნესი, თუმცა მაინც გარისკა, რადგან სფეროს მულტიფუნქციურობამ დააინტერესა. დღეს ამბობს, რომ ავიაციას ყველა სხვა სფეროსგან გამორჩეული magic touch აქვს. თამუნა მიიჩნევს, რომ ეს დიდი მიზნების და ამოცანების მქონე ადამიანების ადგილია, რადგან თუ ავიაცაში ხარ, ეს ნიშნავს, რომ ერთადროულად რამდენიმე ქვეყნის პულსზე გიჭირავს ხელი.
„ავიაცია ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად რაღაც დიდის ნაწილი ხარ. აქ რთული გზაა, ბევრი წინააღმდეგობებით. ამ ინდუსტრიაში არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს, აქ სულ ტონუსში ხარ. ეს სფერო განსაკუთრებულ მნიშვნელობას გძენს, რადგან შენს პასუხისმგებლობაზე ბევრი ადამიანის საქმიანი თუ გასართობი ინტერესი გადის“.
გააზრებული აქვს, რომ ავიაციაში უმთავრესი – რეჟიმი და დისციპლინაა. თუმცა უდისციპლინო თამუნა თანდაშვილი ახერხებს, რომ იყოს რეფორმატორი, მათ შორის ასეთ სტანდარტიზებულ სფეროშიც და მაშინაც კი, როცა ცვლილებები შეიძლება სისხლის ფასად დაგიჯდეს. ინდუსტრიაში ცვლილებებისთვის სჭირდება საავიაციო აკადემიური განათლებაც, თუმცა წუხს, რომ საქართველოში ამის საშუალება არ არის. ქვეყანაში, რომლის ეკონომიკაც, ოფიციალური განაცხადით, ტურიზმზე დგას, არ არსებობს წონიანი საავიაციო უნივერსიტეტი, არადა თამუნა ამბობს, რომ ავიაციაში ძალიან მნიშვნელოვანია კომერციული ნაწილი და განსაკუთრებით დიჯიტალიზაციის ეპოქაში. აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არიან საავიაციო მართვის სპეციალისტები, პრობლემაა სფეროს ანალიტიკოსებისაც, რაც მისი შეფასებით, საბოლოოდ დარგის სისუსტეს იწვევს. ერთგვარ გამოსავალს სპეციალისტების არაამბიციურ მიდგომებში ხედავს. მიაჩნია, რომ აუცილებელია პროფესიონალებმა გამოცდილების გაზიარება დაიწყონ, თუნდაც უფასო ტრენინგებით და ვორქშოპებით. არ მოსწონს, რომ ქართველებს ცოდნის სხვებისთვის გაზიარება ენანებათ. სავარაუდოდ, მალე ამასაც თავად გააკეთებს – ამბიცია აქვს, რომ ეროვნული ავიაციის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, ამიტომ ახალგაზრდებისთვის ცოდნის გადასაცემად ემზადება; ამ მიმართულებით საგანმანათლებლო პროექტებს გეგმავს. რამდენ ხანში? სავარაუდოდ, მომავალი 5 წლის განმავლობაში, თუმცა მოულოდნელი გადაწყვეტილებებისთვისაც მზადაა, როგორც ქვეყანას დასჭირდებაო, ამბობს.
„ჩვენ უნდა გამოვადგეთ ქვეყანას. თუ ჩემნაირად არ იფიქრეს სხვა სფეროს წარმომადგენლებმაც, მაშინ საერთო სიტუაცია არ გამოსწორდება, ჩვენი შვილებისთვის ქვეყანა უკეთესი არ გახდება. ახალ თაობას ბიძგი სჭირდება, სწორი მიმართულების მიცემა“.
ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა სწორი მიმართულება იპოვა, ისეთი მერე მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ გავრცელდა. თამუნა თანდაშვილმა მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა ნავთობის ბიზნესში უკვე მოასწრო. მუშაობა „რომპეტროლში“ გენერალური დირექტორის ასისტენტის პოზიციით დაიწყო, 6 საფეხური შეიცვალა და საწვავის კონტროლის ონლიან პროდუქტი დანერგა; 2007 წელს, მაშინ როცა ცოტამ თუ იცოდა, რას ნიშნავდა ონლაიან პროდუქტები. ახლა ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვანი დავალება ალბათ იმიტომ მისცეს, რომ თავი ვერ გაერთმია და კომპანიიდან წასულიყო. არადა, სულ პირიქით მოხდა – დანერგა ისეთი სისტემა, რომელმაც ერთდროულად გააუმჯობესა კერძო და საჯარო კომპანიის ანგარიშსწორების სისტემა და დაიცვა ის საწვავის მოპარვის შეთხვევებისგან. თამუნა თანდაშვილისთვის „რომპეტროლი“ დიდი გამოცდილება იყო, მათ შორის მულტიკულტურული გარემოს გამოც, არაფერი რომ არ ვთქვათ, სფეროში მამაკაცების როლზე. ამბობს, რომ საქართველოში კაცებს ჭკვიანი ქალების მნიშვნელობის აღიარება უჭირთ; თუმცა მან აქაც შეძლო და საკუთარი თავი აღიარებინა. მიაჩნია, რომ ამაში პროფესიონალიზმი დაეხმარა.
„სადღაც გაგლანძღავენ, სადღაც შეგავიწროვებენ, შენ იტირებ და წახვალ სამსახურიდან. ამის ბერკეტი მამაკაცებს ყოველთვის აქვთ, მაგრამ ყველა ქალი ერთნაირი არ არის!“
გამორჩეული რომ არის ეს ბევრჯერ დაამტკიცა. პირველად 3 წლისამ, როცა ბებიის ნაჩუქარ ფორტეპიანოზე ორივე ხელით დაუკრა, მაგრამ რადგან მუსიკოსების ოჯახიდან არ იყო, საბჭოთა წყობის საქართველოში, შესაბამის სასწავლებელში ადრეულ ასაკში არ მიიღეს, თუმცა ამ დროიდან იცოდა, რა უნდოდა მაშინ, ეს დაკვრა იყო. დღეს ამბობს, რომ ცხოვრების მთავარი ამბავია, იცოდე რა გინდა და იყო მუდმივი ძიების პროცესში. მერე ცეკვა უნდოდა, მაგრამ მოცეკვავე ვერ გამოვიდა, იმიტომ რომ 90-იანი წლების საქართველოში ცხოვრობდა. მიუხედავად ასაკისა, მაშინდელი სოციალური მდგომარეობა კარგად ახსოვს, ქალების როლიც მაშინ პირველად გაიაზრა, ოჯახების გადარჩენისთვის მებრძოლი ქალების. მაშინ მიხვდა, რომ განათლებით, მონდომებით და შრომისმოყვარეობით გაცილებით ბევრის მიღწევა იყო შესაძლებელი. მაშინ უკვე იცოდა, რომ არასდროს არავისზე დამოკიდებული არ იქნებოდა.
„მე არ მჯერა გამართლების. გაგიმართლებს მხოლოდ მაშინ, როცა ძალიან ბევრს იწვალებ გამართლებისთვის. საჭირო დროს საჭირო ადგილას მაშინ ხვდები, როცა მზაობა გაქვს იმ კონკრეტული ერთი შანსისთვის. ყველაზე დიდი ნიჭი, მგონია, შეძლო შენი შესაძლებლობების აღმოჩენა, დაჯერება და რეალიზება“.
გაგიკვირდებათ და თამუნა თანდაშვილი საკუთარი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებითაც კი ამბობს, რომ მისი ცხოვრების ის ერთი შანსი ჯერ წინაა. ფიქრობს, რომ ეს მაშინ იქნება, როცა ქვეყანაში ან, თუნდაც, ინდუსტრიაში ძირეულ ცვლილებებს მოახდენს. მანამდე კი ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ახლა ბევრი შრომის, სწავლის, პროგრესისკენ სვლის ეტაპი აქვს, მეტი აკადემიური ცოდნა იმისთვის სჭირდება, რომ უფრო დიდის და ახლის ნაწილი გახდეს. ძველი, იურისტის დიპლომია, იურისპრუდენცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეისწავლა. ბუნებით სამართალდამცავია, როცა იურიდიულ ფაკულტეტზე აბარებდა, მოსამართლეობა უნდოდა, პროკურორობა – არასოდეს. მაგრამ მოლოდინმა არ გაამართლა, სწავლების მეთოდი ისეთი არ აღმოჩნდა როგორზეც ოცნებობდა, არც ფილმებში ნანახ სამართალდამცველებს ჰგავდნენ ქართველი პოლიციელები, ეს ქალაქის სამმართველოში პრაქტიკულ კურსზე აღმოაჩინა. ჰო-და, მიხვდა, რომ ეს საქმე მისი არ იყო, თუმცა, ცხადია, სწავლა არ მიუტოვებია. პირველი სამსახურიც პროფესიული იყო. მეორე კურსის სტუდენტი, „ბიზნესის განვითარების ცენტრ კავკასიაში“ იურისტის თანამდებობაზე დასაქმდა. ეს პირველი საქმიანი კომუნიკაცია იყო უცხოელებთან, რასაც დღეს პროგრესისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს.
იურისპრუდენციის შემდეგ პროექტების მართვა შეისწავლა. მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის პროექტების მართვის სამაგისტრო პროგრამა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაიარა. ასე აუწყო ფეხი თანამედროვე მოთხოვნებს. პრინციპში, სულ ასე იყო. არასდროს ყოფილა მიმდინარე გამოწვევების თუ მოვლენების მიღმა.
აკადემიური ცოდნის გაღრმავებას, ავსტრიის წამყვან საავიაციო უნივერსიტეტში (Donau Krems University) საავიაციო ბიზნესის მართვის (Professional MBA Aviation Management) შესწავლით აგრძელებს.
35 წლის ასაკში, სახელმწიფოს განვითარების პროცესში, როგორც მოქალაქის, საკუთარი როლი გააზრებული აქვს. არ ფიქრობს, რომ სახელმწიფო საქმიანობა განყენებულია მოქალაქეებისგან და მათი საქმიანობისგან. ამიტომ, აქტიური სამოქალაქო პოზიცია აქვს და მხოლოდ პროგრესისკენ მიმავალ გზას უჭერს მხარს. ამბობს, რომ არც პერსონალური წარმატების გზაა მარტივი, რომელიც მისთვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამეზე გავიდა. თამუნა თანდაშვილისთვის წარმატებას ძალიან მაღალი ფასი აქვს და ის ტკბილი მაშინაა, როცა მასში იმხელა ფასის გადახდა არ უწევს, რომელმაც შესაძლოა წარმატების მნიშვნელობა დაკარგოს. ყველაზე მეტ კითხვას თავად სწორედ ამ თემაზე საუბრისას სვამს.
„რას ნიშნავს იყო წარმატებული? რა განსაზღვრას წარმატებას? რომ მოახერხე შენი თავის რეალიზაცია, არაფრიდან შექმენი რაღაც, რაც ფასეულია და რამაც შეცვალა სხვა ადამიანების სიცოცხლე უკეთესობისკენ“.
საკუთარ წარმატებაზე მორიდებით საუბრობს და ამბობს, რომ წარმატებას მხოლოდ შრომისმოყვარეობით, მულტიფუნქციონირებით, ბევრი სფეროს მიმართ ინტერესით და გარშემო საინტერესო ადამიანებით აღწევს.
„მგონია, რომ ჩემი წარმატების ფორმულა ჩემს გვერდით ძალიან ჭკვიანი ადამიანების არსებობაშია“.
ამ ყველაფრის გარდა ცხოვრებაში ხასიათის კიდევ ერთი მთავარი და ყველაზე ძლიერი შტრიხი ეხმარება – ყოველთვის ახერხებს დიდი დაცემის შემდეგ ფეხზე წამოდგომას და არასოდეს აღიარებს სტერეოტიპებს. თამუნა თანდაშვილისთვის არ არსებობს – კაცს შეუძლია და მას არა!
ავტორი: სოფო ბერიძე
ფოტო: ანა ბოკო