Tami Sport | პირველი ქართული ლუქს-სპორტული ბრენდი

Tami Sport დახვეწილი, გემოვნებიანი, თამამი და სპორტული ქალბატონებისთვის შექმნილი ბრენდია, რომელიც გამოირჩევა განსხვავებული სტილით, პერფორმანსითა და კომფორტულობით. ბრენდის ხელწერა უმაღლესი ხარისხი, ფერები და სწორად არჩეული სილუეტებია, რომელიც მოდის ტენდენციებს პასუხობს.

მისი დამფუძნებელი თამარ გელაშვილია. სპორტისა და სამოსისადმი გამორჩეულმა სიყვარულმა მისცა ინსპირაცია თავისივე ნახაზებით შეექმნა პირველი ქართული ლუქს-სპორტული ბრენდი ქალბატონებისთვის.

ქართულ ბაზარზე, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ბრენდი ინოვაციურია. მოგვიყევით, საიდან და როდის გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

მე და ჩემი მეუღლე მძლეოსნები-მორბენლები გახლავართ. როდესაც აქტიური სპორტსმენები ვიყავით, პარალელურად სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდით და ამის გამო ცოტა დროს ვატარებდით ერთად. ყოველთვის გვინდოდა ერთ სამსახურში, ერთი იდეითა და ინტერესებით გვემუშავა. ასეც მოხდა, ჯერ ჩვენი პერსონალური სავარჯიშო სტუდია Studio Tami გავხსენით, 2 წელიწადში დანაზოგით სავარჯიშო აქსესუარების სტარტაპ-ბრენდი FitLaB Georgia წამოვიწყეთ, აქსესუარების პარალელურად გაჩნდა იდეა, რომ კარგი იქნებოდა თუ სავარჯიშო ტანსაცმელსაც შევთავაზებდით ადამიანებს. დედა კონსტრუქტორ-მოდელიორია და ჩემმა მეუღლემ იცოდა, რომ მეც კარგად გამომდიოდა ხატვა და კერვა. მისი მოტივაციითა და ჩემი სპორტული ტანსაცმლისადმი სიყვარულით დიდხანს აღარ მიფიქრია და დავიწყე სამკერვალოების ძებნა. პირველ წინაღობას აქ წავაწყდით. ასეთი დონის სავარჯიშო ტანსაცმელი საქართველოში არ იკერებოდა, ამიტომ დავიწყე ფაბრიკის ძებნა მსოფლიოს მასშტაბით: შრი-ლანკა, ტაილანდი, ვიეტნამი – არ მომწონდა მათი შეკერილი ნიმუშები. საბოლოოდ ძალიან გაგვიმართლა, Adidas-ის მიერ ავტორიზებულმა ფაბრიკამ, რომელიც ჩინეთში მდებარეობს, კარი გაგვიღო და ჩვენი თანამშრომლობაც შედგა.

თქვენი აზრით, რა გამოარჩევს „Tami Sport-ს“ სხვა სპორტული ტანსაცმლის მაღაზიებისგან და რატომ უნდა შეიძინონ ტანსაცმელი თქვენთან?

საქართველოში ბევრი უცხოური ბრენდია, რომელიც სპორტულ ტანსაცმელს გვთავაზობს. ბაზრის მთლიანად შესწავლის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში პირველები ვართ, ვინც ლუქს ბრენდის სპორტულ ხაზს ჰქმნის.

Tami Sport გამოირჩევა იმით, რომ ბრენდი აერთიანებს ტენდენციურ დიზაინს, უახლეს ქსოვილებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. ჩვენი მიდგომა დიზაინის მიმართ საკმაოდ ტექნიკურია. ჩვენ ვუყურებთ ტანსაცმლის პერფორმანსულ მხარეს, უახლეს ინოვაციებსა და მოწინავე ტექნოლოგიურ შესრულებას. როდესაც ვქმნით ასეთ გამორჩეულ დიზაინის ლუქს ტანსაცმელს, რისკის ქვეშ არ ვაყენებთ ხარისხს. მთელი ჩვენი ყურადღება მიპყრობილია ხარისხზე და კიდევ ერთხელ, ხარისხზე! როგორც აღვნიშნე, ჩვენი ბრენდი იკერება Adidas-ის მიერ ავტორიზებულ ფაბრიკაში. ეს ის ფაბრიკაა, რომელიც ყველა ჩვენს მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ვამაყობთ იმით, რომ კოლექციაში გამოყენებული ქსოვილები არის საუკეთესო ბაზარზე, რომლის ტარებაც სიამოვნებს და მოსწონს ჩვენს მომხმარებელს – დღეს, ხვალ და კიდევ რამდენიმე სეზონის შემდეგაც კი.

ახალ ბრენდს თავის დასამკვიდრებლად ძალიან დიდი შრომა და მოტივაცია სჭირდება. მოგვიყევით, როგორ შეძელით ასეთ მოკლე დროში წარმატების მიღწევა და იგეგმება თუ არა საკოლექციო ცვლილებები?

დაახლოებით ერთი წელი დამჭირდა ყველა დეტალზე სამუშაოდ, სანამ ბრენდს გაყიდვაში ჩავუშვებდით. თვეები გადიოდა ისე, რომ დღე-ღამეში 18 საათს ვმუშაობდი. რადგან ფაბრიკა ჩინეთში მდებარეობს დროის სხვაობის გამო ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ დილის 5 საათზეც გვქონია კომუნიკაცია.

ხასიათით მაქსიმალისტი ვარ და მჯერა, რომ ადამიანი, რომელიც ბევრს შრომობს და ცდილობს ყოველ ჯერზე განვითარდეს აუცილებლად მიაღწევს სასურველს. დიახ, Tami Sport ამ დიდი შრომის შედეგია. წარმატებაც აუცილებლად მაშინ მოდის, როდესაც შენს მომხმარებელს მთელი გულით შესრულებულ ხარისხიან პროდუქციას სთავაზობ. მთავარი მოტივატორი ბრენდის კმაყოფილი მომხმარებლები არიან. რაც შეეხება საკოლექციო ცვლილებებს, რთულია სტარტაპ ბრენდისთვის ყოველ სეზონზე ახალი კოლექციის შემოტანა, მაგრამ მომავალში, რა თქმა უნდა, სიახლეები კოლექციაში იგეგმება.

ჯერჯერობით ბაზარზე ონლაინ მაღაზიას წარმოადგენთ, გეგმავთ თუ არა ამ კუთხით ცვლილებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ?

ჩვენს ონლაინ მაღაზიას tamisport.ge-ს ყოველდღიურად ბევრი მომხმარებელი სტუმრობს. სურვილი გვაქვს, რომ ასევე ხელმისაწვდომი იყოს მაღაზიებშიც და მომავალი წლიდან დავაანონსებთ მაღაზიებს, სადაც გაიყიდება ჩვენი ბრენდი. ასევე, სამომავლო გეგმებში კოლექციის გასაყიდი რაოდენობის გაზრდის შემდეგ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდვასაც ვფიქრობთ.

რამდენად ხელმისაწვდომია „Tami Sport“ ფართო საზოგადოებისთვის და რას ეტყოდით ქალებს, რომლებსაც ჯანსაღი ცხოვრების დაწყება სურთ?

ამ ეტაპზე ბრენდი მხოლოდ ქალბატონების ხაზს აწარმოებს, ხელმისაწვდომია XS-დან XL ზომამდე ტანსაცმელი. აქვე აღვნიშნავ, რომ გვაქვს საკურიერო მომსახურება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია უფასოდ, 24 საათის განმავლობაში გადაცვალოთ შენაძენი სხვა ზომაში.

ქალბატონებს ვეტყოდი, რომ ჯანსაღი ცხოვრების დაწყება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. მე 29 წლის ასაკში ვეზიარე პროფესიონალურ სპორტს და ჩემი მთავარი მოტივაცია Nike-ის ახალი წყვილი სარბენი ბოტასი აღმოჩნდა. ამის შემდეგ იყო ბევრი წარმატება და გამარჯვება, რომელმაც საბოლოოდ Tami Sport-თან მიმიყვანა. ბედნიერი ვიქნები თუ ჩემი ბრენდი ქალებს მოტივაციას მისცემს ჯანსაღი ცხოვრების დაწყებაში.

რა წარმოადგენს თქვენს მთავარ მოტივაციას და რა არის ყველაზე მთავარი, რაც მომხმარებელმა თქვენი ბრენდის შესახებ უნდა იცოდეს?

ჩემი მთავარი მოტივატორები ქალბატონები არიან, რომლებიც შენაძენის შემდეგ კმაყოფილები მწერენ. ისინი ყველაზე ხშირად აღნიშნავენ, რომ ასეთ ხარისხს ქართული ბრენდისგან არ ელოდნენ და არ ჩამოუვარდება წამყვანი ბრენდების ტანსაცმელს. ეს კი ყველაზე დიდი მოტივაციაა ჩემთვის.

ჩემი მიზანია, რომ ბრენდის ხარისხი ყოველ ჯერზე უფრო მეტად დაიხვეწოს და შევძლო, მომხმარებლების ტენდენციური მოდელებით განებივრება, რომელშიც შემდგომ ამაყად და თავმომწონედ ივარჯიშებენ.