სიამაყე, რომელიც საკუთარი ქვეყნის წარდგენისა და მისი არამატერიალური მემკვიდრეობის პოპულარიზებისას გეუფლება | ინტერვიუ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლესთან – ტამარა ვუჩიჩთან

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე ტამარა ვუჩიჩი მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად აქტიურად მუშაობას. პირველი ქალბატონი საკუთარი ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებისათვის წარდგენასა და პოპულარიზებაში სხვადასხვა აქტივობებითაა ჩართული. მათგან ერთ-ერთი “ეთნოლოგიური ფესტივალია”, რომელიც პირველი ქალბატონის პატრონაჟით იმართება. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ტამარა ვუჩიჩი მუდამ ცდილობს კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის შესაბამისი ბალანსი დაიცვას.

ჟურნალთან Forbes Woman Georgia ინტერვიუში ტამარა ვუჩიჩმა სერბეთის მეუღლის ამპლუაში ცხოვრებაზე, დაკისრებულ პასუხისმგებლობებსა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზების მნიშვნელობის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო 2021 წლის “ეთნოლოგიურ ფესტივალზე” საპატიო სტუმრის სტატუსითაა მოწვეული, ტამარა ვუჩიჩმა ფესტივალთან დაკავშირებით საკუთარი მოლოდინების შესახებაც ისაუბრა.

ფოტო: მილოშ ნადაჟდინი

რა არის პირველი ქალბატონის ამპლუაში ცხოვრების საუკეთესო მხარე მიუხედავად იმისა, რომ სერბეთის რესპუბლიკაში აღნიშნული ტიტული ოფიციალურად არ არსებობს? რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენი მეუღლე, ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტი გახდა?

პირველი,  რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მახსენდება, სიამაყეა. ქვეყნის წარდგენის შესაძლებლობა დიდი პატივია, რომელსაც, რა თქმა უნდა, თან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც ახლავს. ის ფაქტი, რომ პირველი ქალბატონის ინსტიტუტი ოფიციალურად ჩამოყალიბებული არაა, არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ცოლს გარკვეული როლი და მოვალეობები არ აქვს, თუ ამას თავად მოისურვებს, რა თქმა უნდა. აღნიშნული შესაძლებლობის რაიმე კარგის გასაკეთებლად გამოყენება ჩემი არჩევანია.

ჩემი საქმიანობა მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე, განსაკუთრებით, ბავშვებსა და მათ განვითარებაზეა ორიენტირებული. ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა – ამ საკითხზე ფიქრი და ყველაფრის დაგეგმვა  გამიზნულად არ დამიწყია. ჩემი ბავშვებისადმი სიყვარული და ის ურთიერთობა, რომელიც მათთან მაკავშირებს, დახმარების სურვილად თავისთავად გადაიქცა. დახმარების შესაძლებლობას პრივილეგიად მივიჩნევ.

ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე პრეზიდენტი გახდა. ინაუგურაციამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო იყო დარჩენილი, როდესაც საუკეთესო საჩუქარი მივიღეთ – ჩვენი ვაჟი, ვუკანი. სხვა დანარჩენი, მეტ-ნაკლებად, უცვლელია. ჩემი მეუღლე ის ადამიანია, რომელიც ნებისმიერ საქმეს გულმოდგინედ აკეთებს, შესაბამისად, ეს არც არჩევნებში პირველი გამარჯვების შემდეგ შეცვლილა. ეს იმ ადამიანების საერთო თვისებაა, რომლებიც საკუთარი იდეალების ერთგული არიან. საბოლოოდ, ერთად გატარებული დროის ნაკლებობას ყოველთვის განვიცდით.

გარდა იმისა, რომ ხართ დედა და პრეზიდენტის მეუღლის მოვალეობებს ასრულებთ, სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც მუშაობთ. პირადი ცხოვრებისთვის საკმარისი დრო რამდენად გრჩებათ?

საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გაგრძელება მას შემდეგაც მინდოდა, რაც ჩემი ქმარი პრეზიდენტის ვალდებულებების შესრულებას შეუდგა. როგორც მითხრეს, ეს საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. მე მჯერა, რომ დიპლომატიური კუთხით მუშაობა და ის მოვალეობები, რასაც პრეზიდენტის მეუღლის ამპლუაში ვასრულებ, კარგი შესაძლებლობაა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრებისთვის ნაკლები დრო მრჩება. მიუხედავად ამისა, შესაბამისი ორგანიზებით ნებისმიერი რამის მიღწევა შეიძლება. ვფიქრობ, ეს ის საკითხია, რომელშიც ქალებს უპირატესობა გვაქვს. ჩემი მეუღლე ხშირად მეუბნება, რომ აფასებს ჩემს ორგანიზებულობასა და იმას, რომ ყველაფრის ბალანსირებას ვახერხებ. მის სიტყვებს ყველა ქალისადმი კომპლიმენტად ვთვლი.

როგორც პირველი ქალბატონი, რა სახის პასუხისმგებლობას გრძნობთ თქვენი ქვეყნის ტრადიციული ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერისა და დაცვის მიმართულებით?

იმ  ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რომელსაც ვეკუთვნით და იმ ერის ტრადიციის პოპულარიზება, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს,  ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. თითოეულ ჩვენგანს ამ ღირებულებებისადმი პატივისცემის გამოხატვის სხვადასხვა გზები და იდეები აქვს. პირადად მე სერბი ერის კულტურული მემკვიდრეობის მდიდარი დეტალების თანამედროვე კონტექსტში, მაგალითად, მოდის ინდუსტრიაში, გამოყენება მომწონს, თუმცა, რა თქმა უნდა, შესაბამისი სიფრთხილითა და იმ პატივისცემით, რომელსაც იმსახურებს. სერბული ეროვნული სამოსი ძალიან ლამაზია და ყურადღებასაც იქცევს, თუმცა მსგავსი ჩაცმულობით საზოგადოებაში გამოჩენა ზედმეტად პრეტენზიული განაცხადი იქნებოდა. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მდიდარი ელემენტების თანამედროვეობაში ინტეგრირება ჩემს პიროვნებასთან ახლოსაა. მსურს, ჩემი მხარდაჭერა შევთავაზო სერბული ეროვნული სამოსითა და ტრადიციით შთაგონებულ ხარისხიან კოლექციას. საბედნიეროდ, საოცარი სერბი მოდის  დიზაინერების სახით, თანამოაზრეები უკვე მყავს.

“ეთნოლოგიური ფესტივალი” სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 2017 წლიდან თქვენი პატრონაჟით იმართება. ფესტივალი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და მისით შთაგონებული თანამედროვე ხელოვანების საზოგადოებისთვის გაცნობასა და პოპულარიზებას ემსახურება. როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზებაში უფრო მეტად ჩართული?

ქვეყნის კულტურას ხალხი, მათი საქმიანობა და მემკვიდრეობა ქმნის. როდესაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს ფიზიკურად ან ვირტუალურად, სოციალური ქსელების მეშვეობით ვკვეთ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წარმომადგენლები ვხდებით. მე მჯერა, რომ სახელმწიფო აუცილებლად უნდა გაუძღვეს კულტურის პოპულარიზების პროცესს, თუმცა ე.წ. “რბილი  ძალის” გამოყენებით ამ პროცესში ნებისმიერი ჩვენგანი უნდა იყოს ჩართული.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტების კარგი მაგალითია პროექტი “Serbia Creates”. აღნიშნული პლატფორმა თანამედროვე სერბეთის ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მისი მიზანი უკვე არსებულის განვითარების ხელშეწყობა და ინოვაციებისა და კრეატიული ინდუსტრიების მეშვეობით სიახლეების დანერგვაა.

მეორე მხრივ, “ეთნოლოგიური ფესტივალი” ემსახურება ჩვენი ამჟამინდელი სახის პოპულარიზებას, რომელიც, თავის მხრივ, ჩვენს წარსულსა და ყველაფერ იმას ეფუძნება, რაც ჩვენს მენტალობაშია ჩაქსოვილი და ჩვენს ხედვას განსაზღვრავს.

დაბოლოს, კულტურული მემკვიდრეობისა და ერის იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში უდიდესი წვლილი 2018 წელს, 15 წლიანი პაუზის შემდეგ, ბელგრადში განახლებული ეროვნული მუზეუმის გახსნას მიუძღვის.

სამივე ჩამოთვლილი ფაქტი იდეალური მაგალითია იმ კურსისა, რომლითაც, დარწმუნებული ვარ, ქვეყანა სვლას განაგრძობს.

ფოტო: მილოშ ნადაჟდინი

რამდენადაა შესაძლებელი ფესტივალების გამართვით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული იდენტობების, ტრადიციული ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება?

ძალიან ვამაყობ იმით, რომ “ეთნოლოგიური ფესტივალი” ჩემი საპატიო პატრონაჟით ტარდება. აღნიშნული ფესტივალი დიადი იდეისა და მიზნების მატარებელია. როგორც უშუალოდ ფესტივალის, ისე მთელი წლის განმავლობაში ნივთების ხელით დამზადებისა და დიდი ხნის წინ დავიწყებული ხელობის პოპულარიზებას ვცდილობთ. ეს  საკმაოდ დაფასებული ოსტატობაა, რადგან მსგავსი ხელობით ცოტა ადამიანია დაკავებული. ჩვენი მთავარი მიზანია, ასეთ ადამიანებს თავიანთი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა მივცეთ. დღეს მოქარგული ხალიჩების დამზადების ინდუსტრიული ხერხებიც არსებობს, თუმცა ის დრო, რომელსაც ხელნაკეთი ქსოვილების ხელით მოქარგვას სჭირდება და ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი ფეიქრები მუშაობისას იჩენენ, საქმიანობას უფრო ფასეულს ხდის. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი აღნიშნული ღირებულებების შენარჩუნება და პოპულარიზება და ამისათვის ერთ-ერთი გზა ფესტივალის ჩატარებაა.

ტრადიციული ინტელექტუალური საკუთრების დაცვა “ეთნოლოგიური ფესტივალის” ერთ-ერთი მთავარი მიზანია. რას ფიქრობთ სხვათა კულტურის მითვისების საკითხზე? როგორ შეიძლება გადაწყდეს აღნიშნული პრობლემა?

ეს ძალიან რთული კითხვაა. სამართლებრივად გარკვეული გზები არსებობს, მაგრამ პრობლემების გადასაჭრელად, უპირველეს ყოვლისა, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზე საჯაროდ მსჯელობაა. კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების გამოყენება ყოველთვის შესაბამისი ქვეყნის/ქვეყნების ნებართვით უნდა მოხდეს, აუცილებლად შესაბამისი მითითებითა და პატივისცემით.

მიმდინარე Covid-19-ის პანდემიის პირობებში, “ეთნოლოგიური ფესტივალი 2020” მომდევნო წლისთვის გადაიდო. საქართველო 2021 წლის “ეთნოლოგიურ ფესტივალზე” საპატიო სტუმრის სტატუსითაა მოწვეული. როგორია თქვენი მოლოდინები?

წელს სერბეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ფესტივალი სერბეთში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და პირიქით – საქართველოში სერბეთის კულტურის პოპულარიზების შესანიშნავი შესაძლებლობა იქნებოდა. სამწუხაროდ, Covid-19-ის პანდემიამ ბევრ საკითხში წინსვლის შესაძლებლობა წაგვართვა. დიდი იმედი მაქვს, ფესტივალი შემდეგ წელს შეუფერხებლად ჩატარდება და ღონისძიების ორი ცენტრალური ქვეყნის – საქართველოსა და პარაგვაის – კულტურისა და ტრადიციების შესახებ სწავლისა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცემა.

რას უსურვებთ ქართველ ხალხს 2021 წელს?

ქართველ ხალხს ბედნიერ შობა-ახალ წელს ვუსურვებ. მსოფლიოსთვის ჩემი მთავარი სურვილი პანდემიის დასრულება და მშვიდობიანი მომავალი წლებია. გისურვებთ სიცილსა და სიყვარულს. დაე, შეგენარჩუნებინოთ სულიერი სიმშვიდე და თქვენს გულში მხოლოდ სიყვარული იყოს.

სერბეთში ფართოდ გაშლილი მკლავებით გელოდებით. გვინდა, თქვენი მსოფლიოში ცნობილი ღვინო დავაგემოვნოთ და ჩვენი ღვინის ინდუსტრიაც გაგაცნოთ, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო იზრდება. გაგვიმარჯოს!