26 თებერვალს დაუგეგმავი და მოულოდნელი საკონტროლო წერა დაგვატყდა თავს, სრულიად ახალ, აქამდე უცნობ თემაზე.
უიმედო, განწირულ დღეში აღმოვჩნდით და ამ შემთხვევამ მთელი კლასი გაგვაერთიანა.
ატყდა ჩუმი ჩოჩქოლი, გადაჩურჩულება;
“მეხუთე კითხვა იცით ვინმემ?” – ისმოდა აქეთ-იქიდან. აღმოჩნდა, რომ არავინ იცოდა.
მასწავლებელმა კი წიგნები, რვეულები, მობილურები და ყველაფერთან ერთად, ერთმანეთის დახმარების იმედიც კი ჩამოგვართვა და თავის მაგიდაზე დაალაგა.
ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ორი ვარიანტი გვაქვს: ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ უნარი, რომელიც ფარულად დევს ყველა ჩვენგანში;
ან ფარ-ხმალი დავყაროთ და ცარიელი ფურცელი ჩავაბაროთ მასწავლებელს, მერე კი ცრემლიანი თვალები მოვიწმინდოთ და ჩვენს ადგილს დავუბრუნდეთ, მინიმალური შეფასების – ნული ქულის მოლოდინში.
თუმცა, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ფარ-ხმლის დაყრა გაუმართლებელია, რადგან ჩვენ, ადამიანებს გვაქვს თავდაცვის თანდაყოლილი მიდრეკილება, შეგვწევს უნარი, რომელსაც თვითგადარჩენის ინსტინქტი ჰქვია და რომელიც უეცარ საფრთხესთან გამკლავებაში გვეხმარება, დაძაბულ მომენტში კიდევ უფრო შრომისუნარიანებად გვაქცევს და პრობლემისგან თავის დაღწევის კრეატიულ გზებს გვაპოვნინებს.
წამზომი ჩაირთო. საკონტროლო წერა დაიწყო.
ახლა 2-ჯერ და 3-ჯერ მეტად სწრაფები, რაციონალურები და თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ, შეძლებისდაგვარად დავმშვიდდეთ, რადგან შფოთვა და ნერვიულობა მხოლოდ და მხოლოდ დროს დაგვაკარგვინებს. გონება კი ერთი რამისკენ უნდა მივმართოთ: თუკი ოდესმე რამე გვისწავლია გავიხსენოთ და როგორმე, საიდანმე, ლოგიკურად, ინტუიტიურად მაინც ამოვხსნათ ეს წყეული ფორმულები, რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრიდან გადმოსულ პერსონაჟებს ჰგვანან.
ამ ვითარებაშიც კი, მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენით მაინც ვერ გავალთ სამშვიდობოს. ამიტომ, როგორც კი რაიმე პასუხს მივაკვლევთ, კლასელებსაც უნდა გავუზიაროთ, თანაც ისე, რომ მასწავლებელმა არ შენიშნოს. თუ დანარჩენებიც ასე მოიქცევიან, საქმე გაცილებით გამარტივდება და ყველა დამაკმაყოფილებელ შეფასებას მივიღებთ.
45 წუთი ისე იწელება როგორც 45 საუკუნე, მაგრამ თან ყოველი წამი იმაზე სწრაფად და კანკალით გადის, ვიდრე ოდესმე გასულა. თავი იმ ფილმში გვგონია, სადაც უეცრად უცხოპლანეტელთა ხომალდი ეშვება და ყოველი წუთი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ახლა შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს, სწორი სტრატეგიით უნდა ვიმოქმედოთ, დრო გადავანაწილოთ, და რაც ასეთ ბრძოლებში ყველაზე მთავარია – საკუთარი თავის იმედი არ უნდა დავკარგოთ. სტრესსაც უნდა გავუმკლავდეთ, სხვა გზა არაა. ეს 45 წუთიც გავა და ამ ბეწვის ხიდის ბოლოც გამოჩნდება. სამაგიეროდ, ამ დღის მერე ცხოვრებას უფრო თამამად ჩავხედავთ თვალებში, რადგან სუპერგმირებივით გადავჭერით ეს პრობლემა და არც მთავარი დაგვვიწყებია – გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
ეს პატარა ამბავი-მოგონება, ალბათ ყველას გეცნოთ. სავარაუდოდ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოგვიცდია მსგავსი რამ. ვფიქრობ, ეს ამბავი ჩვენი ახლანდელი მდგომაროების “დააფდეითებულ,” თუმცა ცხადია, ბევრად გამძაფრებულ ვარიანტად შეგვიძლია განვიხილოთ, სადაც:
უეცარი საკონტროლო წერა ახალი კორონავირუსია,
26 თებერვალი – ჩვენს ქვეყანაში Covid-19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების თარიღი,
კლასი – ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები, ხოლო დისტანციურად გადაჩურჩულება კი ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც ასეთ კრიტიკულ ვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დრო გავიდა, ჩვენ, ისევ ჩვენ ვართ, მაგრამ უკვე გაზრდილები. ახლა ალბათ, ბავშვობის ტკბილი მოგონებასავით გაგვიელვებს გონებაში, რამდენ ჩვენგანს აღმოაჩნდა საკონტროლო წერის სწორი პასუხების მოხერხებულად და კრეატიულად პოვნის უნარი.
Some things just never change.
უეცარ გამოწვევებთან გასამკლავებლად ბავშვობიდანვე გვიჩნდება იმუნიტეტი, ამიტომ როგორც მაშინ, როცა ბავშვური სიჯიუტით ვუწევდით წინააღმდეგობას, ახლაც ისევე უნდა მოვიქცეთ, თუმცა უკვე ჩვენს ასაკთან შესაფერისი გამოცდილებით, უფრო გონივრულად და პრაგმატულად უნდა აღვუდგეთ წინ ამ 100-ჯერ და 1000-ჯერ რთულ, ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემას, რომელსაც ახალი კორონავირუსი ჰქვია.
ახლა რაც შეეხება ჩვენი ამბის ყველაზე რთულ, ამოუხსნელ და მაღალქულიან ამოცანას – ის ვაქცინაა, რომელსაც ყველა ასე ველოდებით. დანარჩენი საკითხები კი პანდემიის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე, უმუშევრობის გაზრდილ მაჩვენებლებზე, მწვავე სოციალურ პრობლემებზე და ბიზნეს სექტორზე ნაწილდება, რომელიც ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.
მოულოდნელად თითქოს სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდით და ფორსმაჟორულ ვითარებაში აქამდე დამკვიდრებული და ბევრჯერ ნაცადი მოქმედების გზები არ გამოგვადგება. საჭიროა ახალი და სუპერ კრეატიული მიდგომები, რომლებიც ახლებურად, სიტუაციაზე მორგებით ამოხსნიან ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობისთვის და შემდგომში უკვე განვითარებისთვის საჭირო ყველა ამოცანას.
ეს პროცესი მარტივი ნამდვილად არ არის და მიუხედავად ციფრული მარკეტინგისთვის დამახასიათებელი, ყოველდღიურ რეჟიმში ცვალებადი ფაქტორებისა, ახლა კიდევ უფრო ცვალებადი და ფაქიზი გახდა ყველაფერი.
შესაბამისად, საგანგებო რეჟიმში ნებისმიერი მარკეტინგული “გენგეგმა” ახალ გამოწვევებზე და პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგია უნდა იყოს, მდგრადიც და ელასტიურიც, რათა კრიზისმა უარყოფითი გავლენა კი არ იქონიოს მასზე, არამედ პირიქით, თავისი კრეატიული სვლებით წვლილი შეიტანოს ამ გაბატონებული მონსტრის დამარცხებაში.
გამოსავალი მართლაც ყოველთვის არსებობს – ვფიქრობ, თუ ამ ფრაზას ბევრჯერ გავიმეორებ, არაუშავს, რადგან ის, წარსულის მიერ დატოვებული, აწმყოთი გადარჩენილი და სამომავლოდ გადანახული, იმედის მომცემი “ანტიბაქტერიული ინსპირაციაა,” გაჯერებული:
800 მლ სტრატეგიული კრეატივით,
40 მლ – zoom-ში გათენებული ღამეებით,
და ბოლოს
15 მლ – შოკოლადით.
თუმცა “რეკლამის ღმერთს” მადლობა, ჩვენს საქმეში არც კრეატივი ორთქლდება ისე სწრაფად, როგორც სპირტი და არც სტრატეგიული სვლები ჰგავს წყალბადის ზეჟანგსა და გლიცერინს.
ან შეიძლება ჰგავს კიდეც, მათ ფარმაკოლოგიურ და ქიმიურ თვისებებს აღარ ჩავუღრმავდები, რადგან არ ვიცი.
თამარა კაჭახიძე,
AdvertWise & Mr. Wolf-ის Content Creator-ი.