თამარა ტატიშვილი Hubert Bals Fund-ის ხელმძღვანელად დაინიშნა

თამარა ტატიშვილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის (IFFR) კინოფონდის, Hubert Bals Fund-ის (HBF) ხელმძღვანელად დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე ბიანკა ტაალს შეცვლის.

ფოტო: IFFR

„მოხარული ვარ, რომ კარიერის ახალი ეტაპი დავიწყე“, – განაცხადა ტატიშვილმა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. „HBF გააგრძელებს კინემატოგრაფისტების ხმების გაძლიერებას და, ამავდროულად, ყურადღებას გაამახვილებს ინკლუზიური ნარატივების მხარდაჭერაზე“, – დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ თამარა ტატიშვილს საერთაშორისო კინოინდუსტრიის არაერთ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის სტრატეგიის კონსულტანტის, პროდიუსერისა და პროგრამისტის როლში.

აქვე შეგახსენებთ, რომ თამარა ტატიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორად, ამჟამად კი არის MEDICI-ის კვლევების ხელმძღვანელი.

Hubert Bals Fund-ი 1988 წლიდან მხარს უჭერს ინოვაციურ კინოპროექტებს, მათი განვითარების პროცესის ყველა ეტაპზე. ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მუშაობას კინორეჟისორებთან იმ ქვეყნებიდან, სადაც ადგილობრივი კინოს დაფინანსება და ინფრასტრუქტურა შეზღუდული და მწირია.