ქართული კინოსცენარი Hubert Bals Fund-ის გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა

ფოტო: IFFR

ქართველი რეჟისორის, თამარ შავგულიძისა და მწერლისა და სცენარისტის, ნესტან ნენე კვინიკაძის კინოსცენარი პროექტისთვის „ვიკა“ Hubert Bals Fund-ის გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა. კონკურსზე საერთო ჯამში 308 პროექტი იყო წარდგენილი. აღნიშნული პროექტები კინოინდუსტრიის ექსპერტთა საერთაშორისო კომიტეტის მიერ შეირჩა.

Hubert Bals Fund-ი ყოველწლიურად ირჩევს კინორეჟისორებს და თითოეულ მათგანს სცენარისა და პროექტის განვითარებისთვის გრანტის სახით 10,000 ევროს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ ფონდის საგაზაფხულო კონკურსში მთლიანად ქალი რეჟისორების პროექტებია წარმოდგენილი.

„ჩვენი ფონდი მოწოდებულია, დაიცვას მხატვრული ხედვა გაბედული კინორეჟისორებისა, რომლებსაც შესაძლოა, სხვაგვარად დაფინანსების მოპოვება გაუჭირდეთ, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპისთვის, როგორიც პროექტის განვითარებაა“, – ვკითხულობთ Hubert Bals Fund-ის მენეჯერის განცხადებაში.

როგორც მწერალმა და სცენარისტმა ნესტან ნენე კვინიკაძემ Forbes Woman Georgia-სთან აღნიშნა, მსგავს კონკურსებში გამარჯვება არამხოლოდ პროექტის ავტორებისთვის, არამედ იმ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, რომელსაც ეს პროექტი წარმოადგენს.

„საერთაშორისო ფონდის კონკურსსა თუ ფესტივალზე ნებისმიერი სახის წარმატება, არამხოლოდ ერთი რეჟისორისა და სცენარისტის გამარჯვებაა, – ის ქვეყანაში ამ სექტორში დასაქმებულებისთვის პოტენციურ, მსგავს წარმატებას მოიაზრებს“ – აცხადებს ნესტან ნენე კვინიკაძე და დასძენს, რომ მისთვის და თამარ შავგულიძისთვის Hubert Bals Fund-ის კონკურსში გამარჯვება მათი შრომის დაფასებაა.

ფოტო: მაკა კუკულავა

სცენარის დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა პროექტი წარმატებული გამოვიდეს.

„სცენარის იდეა, „ვიკა“, ჩვენი მოულოდნელი აღმოჩენაა. ბოლო დროს მთლიანად ამით ვართ მოცულნი. ახლა თავაუღებელი მუშაობის დაწყებას ვგეგმავთ, რადგან გვჯერა ჩვენი მთავარი გმირის, გვაშფოთებს მისი ისტორია და მაქსიმალურად ვეცდებით, ამ მაგარი გოგოს თავგადასავალი შესაბამის სასცენარო ვერსიად ვაქციოთ“.

ნესტან ნენე კვინიკაძემ ჩვენთან Hubert Bals Fund-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

„პირველ ეტაპზე გამარჯვება არამხოლოდ ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს, არამედ ფონდი ამ პროექტებს წარმოების პროცესში, ყველა ეტაპზე მხარში უდგას. აქ გამარჯვებული პროექტებით ნიდერლანდელი პროდიუსერები ინტერესდებიან. ნიდერლანდური სქემა კი გულისხმობს, რომ „ჰუბერტ ბალსში“ წარმატებულ პროექტს, შეუძლია, შემდეგი დაფინანსებისთვისაც შეიტანოს განაცხადი და მეტი თანხა მოიპოვოს“.