ქართველი ქალი, რომელიც დიორისთვის ესკიზებს ქმნიდა | თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე ეროვნული ფესვებით ინსპირირებული ქართველი ქალია, რომელმაც მე-20 საუკუნის კულტურას თავისი წარუშლელი კვალი დაამჩნია. ის არაერთი მიმართულებით მუშაობდა, მათ შორის იყო სან-პაულუს თეატრის მოცეკვავე, მხატვარი და ანიმაციური ფილმების ავტორი.

„ის „საბალეტო დადგმებს ქმნიდა“ – წერდა ამბავს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა სცენარებს, ქმნიდა კოსტიუმებს და ტექნიკურ დეტალებს, რომელიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა“, – ვკითხულობთ საარქივო დოკუმენტებში.

თამარის შემოქმედებით ნიჭს გასაქანი ბრაზილიაში მიეცა, სადაც ის, ქმართან, ნოე ჟორდანიას შვილთან განქორწინების შემდეგ გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში იმყოფებოდა თამარის მამაც.

ქართველი ქალის შემოქმედებითი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მალევე მას მთავარი თეატრისთვის კოსტიუმების ჩანახატებისა და დეკორაციის ესკიზების შექმნა დაავალეს, რაც თამარის მიმართ გამოჩენილ ნდობაზე მიანიშნებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამარის მიერ სან-პაულუს თეატრისთვის ესკიზების შექმნისას ინსპირაციას სამშობლო წარმოადგენდა. მხატვრის ეროვნული ფესვები კარგად ჩანს ჩანახატებში, რომელთა შორის ხორუმისა და აჭარულის მოცეკვავეების ამოცნობა არ გაგიჭირდებათ.

ამის შემდეგ, თამარი სან-პაულუშივე ქმნის ესკიზებს კრისტიან დიორისთვის. სამწუხაროდ, მისი ნამუშევრებიდან ჩვენამდე მხოლოდ „Sparkling“-ით დასათაურებულ სერიაში შემავალმა ჩანახატებმა მოაღწია.

სამხრეთ ამერიკაში აღიარების მიუხედავად, თამარმა ევროპული კულტურული სივრცის ნაწილად ყოფნის საჭიროება იგრძნო. მის წერილებში ცხადად ჩანს, რომ თავს მუდამ ევროპელად მიიჩნევდა.

„მე მივხვდი, რომ ვარ ევროპელი და არასდროს, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მე არასდროს ვიქნები რაიმე სხვა“.

ყოველივე ზემოხსენებულის დასტურად, 1963 წელს თამარი ევროპაში ბრუნდება. აღსანიშნავია, რომ როგორც სამხრეთ ამერიკაში, თამარმა საკუთარი ადგილი ევროპაშიც მალევე იპოვა. ის ერთდროულად რამდენიმე საინტერესო პროექტში ჩაერთო. მათ შორის დაიწყო შემოქმედებითი მუშაობა პორტრეტების ჟანრში, გარდა ამისა, ქმნიდა თარგებს ტექსტილისათვის, აფორმებდა თეატრალურ დადგმებს, თამარი მუშაობდა საბალეტო დადგმებზეც, მან რეალმონის თეატრში ხუთი სპექტაკლი გააფორმა.

ქართველი ქალის შემოქმედებითი ნიჭი და მის მიერ განხორციელებული პროექტები შეუმჩნეველი არც ევროპაში ყოფილა და მალევე თამარის შესახებ წერა მსოფლიო პრესამ დაიწყო.

1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრების გამოფენები იმართებოდა პარიზში, „XVI უბნის გალერეაში“, პარიზის სალონ „სოფიტელ გრუპ 36-ში“, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგში ფრანგული კულტურის ცენტრში.

თამარ დე ლეტე ხატავდა და ქმნიდა კოსტიუმების სერიას „რეალმონტისათვის“, დეკორაციებსა და კოსტიუმების ესკიზებს ბალეტისთვის „რომეო და ჯულიეტა“, „Dyade“, სპექტაკლებისთვის „ტერფსიქორას მკვლელები“, „ნატალი და ტაქსი-ბირდი“, „გაუბედავი“, “მეფეთა ნამცხვარი“, „თქვენ მისასალმებლად“, „მედეა“, „სკაპენის ოინები“, „კალიგულა“. ასევე, დგამდა სპექტაკლებს, მათ შორის ჟან ჟიროდუს „Ondine”-ს, მუშაობდა ტესა ბომონისთვის, ჟანინ შარასთვის, კლერ მოტისთვის, ლილის ოპერისა და კომიკური ოპერისთვის. თეატრში იგი ქმნიდა ნამუშევრებს მოლიერის, სარტრის, გარსია ლორკას, კამიუს პიესების მიხედვით.

ასე დაიმკვიდრა თავი თამარმა ევროპაში, როგორც წარმატებულმა ქართველმა ხელოვანმა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ მისთვის ეროვნულობის აღნიშვნა დიდ მნიშვნელობას ატარებდა. ამას ისიც მოწმობს, რომ თამარმა საფრანგეთში ბინადრობის დოკუმენტში ეროვნებად ქართველის მითითება მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ დე ლეტეს შესახებ ბიოგრაფია გიორგი კალანდიამ მოამზადა.

ქართველი ხელოვანის ღვაწლს, რა თქმა უნდა, სამშობლოშიც აფასებენ – ხელოვნების სასახლის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ბანკი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ქართული საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობას გეგმავს. ამ მიზნით ბანკი არაერთ აქტივობას განახორციელებს.