თალიბანის განცხადებით, ავღანელი გოგონები სკოლებში მარტიდან დაბრუნდებიან

ფოტო: UNICEF/Frank Dejongh

თალიბანის ლიდერის, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდის, განცხადებით, საკლასო ოთახების კარები ავღანელი გოგონებისათვის 21 მარტიდან გაიღება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თალიბანის ერთ-ერთმა ლიდერმა Associated Press-ს მიაწოდა. ეს აგვიტოში თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ პირველი კონკრეტული განცხადება გახლავთ სკოლების გოგონებისათვის გახსნის შესახებ.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანს ოფიციალურად არ აუკრძალავს ქალებისათვის განათლების მიღების უფლება, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში თალიბმა მეომრებმა ქალთა საშუალო სკოლები დახურეს.

ქვეყნის უმეტეს ნაწილში მე-7 კლასს ზემოთ მყოფი გოგონები თალიბანმა სკოლებში არ დააბრუნა ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ. ამ რეალობის შეცვლა კი თვეების განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებისა და ქალთა უფლებების დამცველთა უმთავრესი მოთხოვნა იყო.

ავღანეთის მთავრობის სპიკერისა და კულტურისა და ინფორმაციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თალიბანის მთავრობა განათლების მიღების წინააღმდეგი არ არის. მისი მტკიცებით, ამჟამად ერთადერთი პრობლემა ტევადობაშია, რაც მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად გადაიჭრება.

„ბევრ პროვინციაში ქალთა სასწავლებლების უმაღლესი საფეხურები ხელმისაწვდომია. თუმცა იქ, სადაც დახურულია, მიზეზი ეკონომიკური კრიზისია. ჩვენ გვჭირდება ახალი სამუშაო ჩარჩო, რომლის ფარგლებში ტევადობის გასაზრდელად ახალ პროცედურებს შევიმუშავებთ“, – განაცხადა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა.

შეგახსენებთ, რომ თალიბანმა ავღანეთში საკუთარი მმართველობა გასული წლის აგვისტოში დაამყარა. მას შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მათი მხრიდან 20 წლის წინანდელი აკრძალვების დაბრუნების შესახებ.