რამდენიმე ინდუსტრია ტალანტის განსაკუთრებულად დიდი დეფიციტის წინაშე დადგება 2030 წლისთვის

უმუშევრობის დონემ ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, რითიც ის 2000 წელს დაფიქსირებულ 3.8%-ს თითქმის გაუტოლდა. ბევრ ბიზნესში შეუძლებელი ხდება კვალიფიციური კადრის პოვნა, უნარების შეუსაბამობის პრობლემა შრომის ბაზარზე იზრდება და ამასთან ერთად, დამსაქმებლების უმრავლესობას სხვადასხვა პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიის მიუხედავად, ვაკანტური ადგილები 12 კვირის მანძილზე შეუვსებელი რჩება.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, Korn Ferry-ის ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა ქვეყნების მონაცემებზე, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ყველა სამუშაოს ნელ-ნელა რობოტები იკავებენ. ამას გარდა, კვლევის შედეგების თანახმად, 2030 წლისთვის  იქნება კვალიფიციური ადამიანების  ე.წ „ტალანტის“ დეფიციტი, რაც დაახლოებით 85 მილიონ ადამიანს შეადგენს – უხეშად რომ ვთქვათ, თითქმის იმავე რაოდენობას, რასაც გერმანიის მოსახლეობა წარმოადგენს. აღნიშნული რაოდენობის ტალანტის დეფიციტი გამოიწვევს ტრილიონობით არარეალიზებული წლიური შემოსავლის არსებობას.

შრომის ბაზარზე არამატერიალური უნარების განვითარება დროის ცვლასთან ერთად პრიორიტეტული ხდება, რადგან განვითარებული ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის 50% ცოდნაზეა დაფუძნებული. ინდუსტრიები, რომლებიც მოითხოვს მაღალი დონის უნარების მქონე სამუშაო ძალას, დგას დეფიციტის წინაშე, რადგან მსგავსი უნარების მქონე მომუშავეებზე მოთხოვნა ბევრად დიდია ვიდრე მიწოდება. ამ პრობლემას განსაკუთრებით იმ ქვეყნებში ვაწყდებით, სადაც უმუშევრობის დონე დაბალია, აქედან გამომდინარე კი დასაქმებული ადამიანები ნაკლებ ინიციატივას იჩენენ ახალი უნარების შეძენის, განვითარებისა და ახალი სფეროს დაუფლების მიმართულებით.

ბიზნესის მრავალი სექტორი დადგება რამდენიმე წელიწადში ტალანტის დეფიციტის წინაშე, შესაბამისად, მოუწევს გამკლავება ნიჭიერი და გამოცდილი თანამშრომლების შეცვლისა და შენარჩუნების პრობლემასთან, თუმცა  მათგან იმ სამი  სექტორის გამოყოფა და მათთვის გამოსავლის ძიება, რაზეც ვისაუბრებთ, დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანია.

კვლევები აჩვენებს, რომ შემდეგი სამი სექტორი ყველაზე დიდი დანაკარგის წინაშე დადგება უახლოეს მომავალში.

ფინანსური და ბიზნეს სერვისებისთვის ტალანტის დეფიციტი 10.7 მილიონი იქნება

ნებისმიერ გლობალურ ბაზარზე ფინანსური და ბიზნეს სერვისები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკის მამოძრავებელ  და განვითარების წყაროს წარმოადგენს. შემოსავლების თვალსაზრისით ეს სექტორი უმსხვილესია – ა.შ.შ-სა და დიდ ბრიტანეთში ეროვნული ეკონომიკის მესამედს წარმოადგენს. Korn Ferry-ის კვლევის მიხედვით, ტალანტის დეფიციტი ამ სექტორისთვის ყველაზე დიდი იქნება, რაც შესამჩნევად შეაფერხებს ინდუსტრიების ზრდას. ამის გამომწვევი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ  აღნიშნულ ბაზარზე ტექნოლოგიების წილი ბევრად იზრდება, კვალიფიციური ადამიანების – იკლებს. საფინანსო სექტორში ინტერნეტ-ტექნოლოგიებმა ბიზნეს-პროცესები სრულიად შეცვალა, რადგან ხელი ეწყობა ე.წ FinTech-ის განვითარებას, რაც გულისხმობს ფინანსური მომსახურების სფეროში ტექნოლოგიებისა და ბიზნეს მოდელების გამოყენებას, თუმცა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც აქვს უნარები ახალ ტექნოლოგიებთან სამუშაოდ, საგრძნობლად მცირეა.

2008 წლის კრიზისის შემდგომ უზარმაზარი მიწოდება იყო ბანკირების, თუმცა ეს სიტუაცია სრულიად იცვლება, რადგან საჭირო უნარების მქონე ადამიანების პოვნა რთულდება. ,,ყველაზე საჭირო და რთულად მოსაძიებელი პროფესიის ადამიანები არიან: ციფრული სტრატეგები, ფინტეკის პროფესიონალები, კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტები და მონაცემთა მენეჯერები.“

სულ რაღაც 2 წელიწადში, ტალანტის დეფიციტი ამ ინდუსტრიებისთვის შეადგენს 3 მილიონ მუშა ხელს მსოფლიოს მასშტაბით. 2030 წლისთვის კი ეს რიცხვი დაახლოებით 10.7  მილიონამდე გაიზრდება, რაც ნიშნავს 1.3 ტრილიონის ოდენობის შემოსავლის დანაკარგს.

2030 წლისთვის კვლევაში მონაწილე ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც გადაჭარბებული ტალანტი ექნება აღნიშნულ ინდუსტრიებში არის ინდოეთი. Oxford Economics-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ გასულ ათწლეულში მუდმივად მზარდი ქვეყნები, ისეთები როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, უნარების კიბეზე რამდენიმე საფეხურით წინ წავლენ, რადგან ხელს უწყობენ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას.  სამუშაო ძალისთვის უნარების განვითარების მაჩვენებლით ყველაზე დიდი ზრდა ექნება ინდოეთს (7.3%),   შემდეგ ბრაზილიას (5.6%), ინდონეზიას(4.9%), თურქეთსა ( 4.7%) და ჩინეთს( 4.6%).

ამის საპირისპიროდ, აშშ-სთვის ტალანტის დეფიციტი ყველაზე დიდი ზიანის მომტანი იქნება, რადგან უნარების ნაკლებობით გამოწვეული მათი დანაკარგი დაახლოებით 435.69 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც აშშ-ს ეკონომიკის 1.5%-ია.

Image via LinkedIn Talent Blog

ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში დეფიციტი 4.3 მილიონი იქნება

ციფრული ტალანტის დეფიციტი დრო და დრო იზრდება. Capgemini-ის ციფრული ტრანსფორმაციის ინსტიტუტის კვლევის მონაწილე ორგანიზაციების 54% ადასტურებს, რომ ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობის საჭირო უნარების მქონე თანამშრომლების სიმცირის გამო მათი დანაკარგი ძალიან დიდია. Korn Ferry-ის კვლევა კი ცხადყოფს, რომ აღნიშნული ინდუსტრიების დეფიციტი უკვე 1.1 მილიონ საჭირო უნარების მქონე თანამშრომელს შეადგენს.

2030 წლისთვის ეს დეფიციტი სავარაუდოდ 4.3 მილიონს მიაღწევს, რაც ბევრ სხვა ინდუსტრიაზეც ცუდად აისახება, რადგან ნებისმიერი  სფერო საჭიროებს თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებელია IT ინფორმაციის განახლებაზე, პროგრამების დიზაინის უზრუნველყოფაზე, ან ციფრული პროდუქტებისა და სერვისებისთვის ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე. ყველა ეს ჩამოთვლილი ერთიანდება ციფრული ტალანტის კატეგორიაში – ადამიანები, რომლებიც ფლობენ „ციფრულ აზროვნებას“, ორივე სახის უნარებს – ტექნიკურ-პროფესიულს(hard skills) და პიროვნულს(soft skills).

აღნიშნულ ინდუსტრიაშიც, ინდოეთი ისევ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ტალანტის გადაჭარბებული რაოდენობა ექნება, ხოლო ყველაზე დიდი დეფიციტი ჰონგ-კონგსა და აშშ-ში დაფიქსირდება.

Image via LinkedIn Talent Blog

წარმოების ინდუსტრია 7.9 მილიონი ადამიანის დეფიციტის წინაშე დადგება

გლობალური წარმოების ინდუსტრია, მსგავსად წინა ორისა, მუშა ხელის დეფიციტის საშიშროების წინაშე დგას, რაც დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს შეადგენს 2020 წლისთვის, თუმცა 2030 წლისთვის ეს რიცხვი უკვე 7.9 მილიონს გადააჭარბებს. რაც შეეხება აღნიშნული დეფიციტით გამოწვეულ შემოსავლის დანაკარგს – ის დაახლოებით 607.1 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს.

ამერიკული კომპანიები დიდი ხანია დგანან დილემის წინაშე, თუ როგორ შეინარჩუნონ მცოდნე და უნარიანი მუშაკები და შეცვალონ ე.წ „baby boomer-ების თაობა“, რომლებიც სამუშაო ძალას ტოვებენ და გადადიან პენსიაზე.  Korn Ferry აღნიშნავს, რომ აშშ-ში წარმოების ინდუსტრიაში მოსალოდნელი დეფიციტი სწორედ ასაკოვანი მოსახლეობის არსებობის გამოა. მომდევნო 19 წლის მანძილზე დაახლოებით 10,000 baby boomer-ი მიაღწევს საპენსიო ასაკს ყოველ დღე და კომპანიებს მოუწევთ ახალგაზრდა დასაქმებულების უნარების განვითარებაზე ზრუნვა სხვადასხვა ტრენინგებითა და მოსამზადებელი პროგრამებით.

ამ პრობლემის წინაშე მდგომი ქვეყნების დანაკარგი კი შემდეგნაირია:

Image via LinkedIn Talent Blog

ტალანტის დეფიციტთან გამკლავებისთვის მზადება: ყურადღება მიაქციეთ პიროვნული უნარების განვითარებას და კონცენტრირდით ტრენინგებზე დღეს, რათა აირიდოთ დეფიციტი ხვალ.

მსოფლიოს მასშტაბით შეიმჩნევა მაღალკვალიფიციური კანდიდატების ნაკლებობა, რაც უცნაურია, რადგან უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების რიცხვი ქვეყნების უმრავლესობაში საკმაოდ დიდია. ეს ფაქტი კი  მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა, კომპანიები კონცენტრირდნენ ტრენინგებსა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა მაღალკვალიფიციური მომუშავეების დეფიციტს გაუმკლავდნენ.

ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ დასაქმებულთათვის, განსაკუთრებით კი ახალი თაობებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია კარიერული განვითარების შესაძლებლობა, რომლის ნაკლებობის შემთხვევაშიც ისინი ხშირად სამუშაო ადგილს ტოვებენ და ამ შესაძლებლობების ძებნას სხვაგან იწყებენ.

მომდევნო 12 წელიწადში მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ კადრზე კიდევ უფრო გაიზრდება, სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ მომზადებული იყოს ყველა ინდუსტრია ამ გამოწვევისთვის.

„მუდმივი სწავლება, ორგანიზაციების და თანამშრომლების მხრიდან, იქნება უმნიშვნელოვანესი მომავლის სამუშაოებისთვის“ – განაცხადა Korn Ferry-ის ინსტიტუტის პროფესორმა ჟან მარკ ლაუშესმა.

ნებისმიერი კომპანიისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს ინვესტიციის ჩადება ტრენინგებსა და სხვა წამახალისებელ აქტივობებში, ისეთებში, როგორიცაა კონფერენციები, ინფორმაციული ტურები და სხვა. ისინი ფოკუსირებული უნდა იყვნენ როგორც ახალი, ასევე ძველი თანამშრომლების უნარების განვითარებაზე.

სხვადასხვა კომპანიები თანამშრომლების უნარების გასავითარებლად მრავალფეროვან გზებს მიმართავენ. მაგალითად Walmart, CVS Health და Starbucks იყენებენ ტრენინგების პროგრამებს, რათა თანამშრომლებს მისცენ განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა. სხვები, მათ შორის LinkedIn, სთავაზობენ თანამშრომლებს სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ბონუსის სახით. ისინი ნებას რთავენ დასაქმებულებს განივითარონ უნარები იმ სფეროში, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ.

ამას გარდა, კომპანიებმა უმჯობესია უპირატესობა მიანიჭონ ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ რთულად დასწავლადი პიროვნული უნარები (soft skills), რადგან ტექნიკურ-პროფესიული უნარების (hard skills) დაუფლება სამუშაო ადგილზეც არის შესაძლებელი.