„ეს ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვანსში ცხოვრობს“

ცნობდნენ ბაზარში, მაღაზიაში, ქუჩაში სურათის გადაღება არ უყვარდა, კორესპონდენტებს სულ გაურბოდა. ოფიციალურ თავყრილობებზე სიტყვით არასდროს გამოსულა, არცერთი პრეზიდიუმის თუ კოლეგიის წევრი არ ყოფილა, მაგრამ მაინც ყველა იცნობდა, ყველას უყვარდა… სესილია თაყაიშვილი.

ყველას ბებია ოლღა, ასინეთა, მარადია, მოხუცი ბუღალტერი თამარი. ყველას, ვისაც ნახევარი საუკუნისთვის არ გადაგვიბიჯებია, ის მხოლოდ კინოდან გვახსოვს, რადგან სცენა მან თითქმის ნახევარი საუკუნის წინ მიატოვა – მაშინ, როდესაც დიდების ზენიტში იყო.

თეატრიდან ისე წავიდა, უკან არ მოუხედავს, თქვა მივდივარო და წავიდა! მიხეილ თუმანიშვილმა ბერტოლდ ბრეხტის „დედა კურაჟის“ დადგმა შესთავაზა. უარი უთხრა. „ჯერ ერთი არ მიყვარს ბრეხტი და მეორე, ალბათ არ გაგიგია, მე თეატრიდან წავედი!“ – თქვა და ამით დაასრულა საუბარი.

„ვარდი ასფურცლოვანი“ – პეპელა, 1952 / კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მუზეუმი

ცოტამ თუ იცის, რომ საბჭოთა კავშირის მომავალ სახალხო არტისტს გზა დიდი სცენისკენ თავად სტანისლავსკიმ დაულოცა. მოსკოვის სამხატვრო თეატრი თბილისში გასტროლზე იმყოფებოდა, კონსტანტინ სერგეევიჩი დაესწრო დრამატული სტუდიის გაკვეთილებს, რომელსაც აკაკი ფაღავა ხელმძღვანელობდა. რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლე ცდილობდა დიდ რეჟისორზე შთაბეჭდილება მოეხდინა. თუმცა, სტანისლავსკიმ ყურადღება მხოლოდ ერთ გოგონაზე გაამახვილა – მან შეასრულა მცირე ესკიზი, რომელშიც მოხუცი ქალი განასახიერა. დიახ, ეს იყო სესილია! სტანისლავსკი ადგა, მივიდა და თავზე აკოცა. ასიათას კომპლიმენტად და ქათინაურად ღირდა ეს ერთი ჟესტი! მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს არ თვლიდა თავს სტანისლავსკის სისტემის მიმდევრად. სიცოცხლის ბოლომდე, მის პედაგოგებად მარჯანიშვილს და ახმეტელს მიიჩნევდა.

მას ბევრი რამის დათმობა შეეძლო როლის გამო. ფილმში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ოლღა ბებია სესილიამ 55 წლის ასაკში განასახიერა. მისი გმირი ბოლომდე ბუნებრივი რომ ყოფილიყო, მსახიობმა რამდენიმე საღი კბილი ამოიღო და ჩავარდნილი ზედა ტუჩის გამო ისე ჩლიფინებდა, რომ მართლაც 80 წლის ბებია გეგონებოდა. თბილისში, იმ დროს ჩამოსული იყო ფრანგი რეჟისორი ჟან დონმარტი, რომელიც ერთ დროს პარიზის თეატრების გაერთიანების დირექტორი იყო. მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის ნახვის შემდეგ ატირებული და აღტაცებული ავიდა კულისებში და მოითხოვა – ის ბებია გამაცანითო. დაუძახეს სესილიას. გააღო კარი და შემოვიდა. მხნე, ახალგაზრდა, ენერგიული ქალი, გრიმი უკვე მოშორებული ჰქონდა. ისე გამოიყურებოდა, ბებიას სულაც არ ჰგავდა. ჟანმა იფიქრა, რომ სწორად ვერ გაუგეს, რა ითხოვა – არა, არა, მე ბებიას გაცნობა მინდოდაო. როდესაც აუხსნეს, რომ მის წინ სწორედ ის ქალი იდგა, ვისი ნახვაც სურდა, მუხლი მოიდრიკა და სესილიას ხელზე ეამბორა. მაშინ წარმოთქვა ის სიტყვებიც, რომელიც სამუდამოდ დარჩა ისტორიას – „ეს თქვენი ბებია არ არის, ეს ბებიაჩემია, რომელიც პროვანსში ცხოვრობს“.

მსახიობს პირად თემებზე არ უყვარდა საუბარი. პირადზე კი არა, პროფესიულ თემებზეც ერიდებოდა ინტერვიუებს და ემალებოდა კორესპონდენტებს…

ისინი ჯერ სცენაზე იყვნენ ცოლ-ქმარი, ჯერ კიდევ ფაღავას სტუდიაში გორგო ფულდის სპექტაკლში „ვირის ჩრდილში“ ვასო გოძიაშვილი მევირეს თამაშობდა, სესილია – მის ცოლს. მერე ცხოვრებაშიც მისი ცოლი გახდა. ვასო სესილიაზე ერთი წლით უფროსი იყო. გაცნობისთანავე, ერთი ნახვით მოხიბლულა. იმ საღამოსვე სახლამდე მიუცილებია – „მეუბნებოდა – ეს ცა, ეს ვარსკვლავები, ყველაფერს შენ გჩუქნიო. უცებ ეზოდან პატარა ძაღლი გამოვარდა, ყეფა დაიწყო, ვასომ წინ დამიყენა, ამომეფარა და შიშისგან ყვიროდა, ვაიმე დედა, გადი ძაღლო… მე სიცილი ამიტყდა და ვუთხარი, წეღან ყველაფერს მჩუქნიდი, ახლა კიდევ, პირველივე ქუჩის ფინიამ შეგაშინა და ამომეფარე-მეთქი“ – სიცილით იხსენებდა სესილია.

ფილმში „დათა თუთაშხია“ ასარჩევად ორი როლი შესთავაზეს, სესილიამ გადახედა სცენარს და არჩევანი შედარებით პატარაზე, ასინეთას როლზე შეაჩერა. სატელევიზიო პრემიერის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი დაწერს: „მე სულ სხვანაირად დავინახე ჩემი გმირი და მასზე სრულიად შემეცვალა შთაბეჭდილება“. მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე მსახიობმა შეძლო ამხელა ტრიუმფისთვის მიეღწია – ქართულ კინოში, ეს იყო სესილია თაყაიშვილი!

„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ – ბებია ოლღა, 1960 / კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მუზეუმი

სესილიამ თავადვე შექმნა ასინეთას გარეგნული სახე ფილმში „დათა თუთაშხია“. ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ სცენარი გასაცნობად რომ მიუტანა და მეორე დღეს პასუხის მოსასმენად სახლში ესტუმრა, მსახიობი ოთახიდან იმ ტანსაცმლით შემოსილი გამოვიდა, რომელშიც შემდეგ მაყურებელმა ასინეთას როლში იხილა – შვილიშვილის ბეწვის ჟილეტით, თავწაკრული – და „ჩესტი“ აუღო რეჟისორს.

„ერთ დღეს შევედი გარდერობში, 45 ზომა ჩექმა ავირჩიე. წითელი ნაოჭმიყრილი ბოლოკაბა, რომლის შიგნით ფართხუნა, გლეხური შარვალი ჩავიცვი. კაბა წითელი, შარვალი ნაცრისფერი, ზემოდან მეცხვარის უსახელო სათბილობელი. წელზე ყაბალახი შემოვიხვიე. ეს შტრიხი ჩემმა წელკავმა მიკარნახა და ვიფიქრე, სწორედ აქედან დავიწყებ თამაშს! წაკუზულმა რომ გავიარე, სიცილი ვეღარ შეიკავეს, მოეწონათ და მეც ვიგრძენი, რომ ეს უკვე ასინეთა იყო. ასეთი სიარული, მის ქურდულ გამოხედვას და საძაგელ, ჯაშუშურ ბუნებას, კიდეც მიესადაგა, უკეთ გამოიკვეთა“.

გავა წლები და ჩვენ მოვისმენთ ისტორიებს ფრანგ და იაპონელ რეჟისორებზე, რომელთაც სესილიას ოლღა ბებია – გურული ბებია ბუხართან წინდებითა და საქსოვი ჩხირებით, ომის ქარტეხილებით, სევდითა და მზრუნველობით თავის ბებიებს მოაგონებთ – თავისი ბებიების ხატება დაუდგებათ თვალწინ – ასეთი იყო გარდასახვის დიდოსტატის თამაში.

სხვათა შორის, მისი ეკრანული გმირების, განსაკუთრებით ოლღა ბებიას ბედს ძალიან განიცდიდნენ ოჯახის წევრები, უფრო მეტად – შვილიშვილები. თავად ქალბატონი სესილია იხსენებდა: „ოლღა ბებიამ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ მომსპო და გამაწამა. გახსოვთ ალბათ, ვკვდები იქ… ფუი ეშმაკს! მე კი არა, ოლღა ბებია კვდება. ჰოდა, რამდენჯერაც უყურებენ ამ ფილმს შვილიშვილები, იმდენჯერ ტირიან, ვეუბნები: თქვე დალოცვილებო, შემომხედეთ, აგერ არ ვარ ცოცხალი-მეთქი?! მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! ვინ იცის, რამდენჯერ დამიტირეს ეს ცოცხალი ადამიანი?! მაინც რა მიყო ნოდარ დუმბაძემ?! ვითომ რა იქნებოდა, არ მოეკლა ეს კეთილი ქალი?!.. თუმცა, მაგას რა ენაღვლება: რაღაც თვე-ნახევარში დაწერა თურმე რომანი და მორჩა, მე კი აგერ ორმოცდაათი წელია ვკვდები და ვკვდები! როგორი საქმეა?!“

სესილია თაყაიშვილის ბოლო ნამუშევარია ელდარ შენგელაიას ფილმი „ცისფერი მთები“, სადაც მან ბუღალტერი თამარის როლი შეასრულა. რეჟისორს ყველაზე მეტად სწორედ მისი დათანხმება გაუჭირდა. „ჩემთვის ეს ფილმი დიდწილად სესილია თაყაიშვილთან არის დაკავშირებული“ – იხსენებს ელდარ შენგელაია – „ზოგჯერ გადაღებაზე საავადმყოფოდან მოგვყავდა, სცენას თავიდან ბოლომდე გამზადებულს ვახვედრებდით, მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა და გარეთ სასწრაფოს მანქანა გვყავდა გაჩერებული..“.

„განწირულთა შეთქმულება“ – ქრისტინა ვადერო, 1949 / კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მუზეუმი

„ცისფერი მთების“ პრემიერის, შემდეგ, ვკითხე, როგორ მოეწონა სურათი? ქალბატონი სესილია ხმის ხარისხით დარჩა უკმაყოფილო (მას სმენის მცირე პრობლემები ჰქონდა). მე ვუთხარი: „რომ დღეს ცუდი ასლი აჩვენეს და ხვალ იქნება კარგი ასლის ჩვენება“.

მეორე დღეს, ელდარ შენგელაია შეუთანხმდა მექანიკოსს და დარბაზში ხმას ისე აუწიეს, რომ მთელი დარბაზი დაყრუვდა. სესილია კი ძალიან კმაყოფილი იყო და შეაქო როგორც სურათი, ასევე ხმის ხარისხი.

„ჩვენი ბოლო შეხვედრა შედგა ფილარმონიის დიდ დარბაზში. მე დავარწმუნე, რომ მოვიდოდა ფილმის ჩვენებაზე, პირობა დამადებინა, რომ სიტყვის თქმას არ მოვთხოვდი. ჩვენების შემდეგ, კი მე ვუთხარი მაყურებელს, „რომ მათ სიურპრიზი ელოდათ“ და ქალბატონი სესილია სცენაზე ამოვიყვანე. თქვენ უნდა გენახათ მაყურებლის რეაქცია – ოვაციები, ყვავილები, შეძახილები.

სამი დღის შემდეგ კი ის წავიდა“…

გარდაცვალებამდე მან კიდევ ერთხელ გააოცა გარშემომყოფები უბრალოებითა და თავმდაბლობით. მის ოთახში, კედელზე დედის პორტრეტი ეკიდა, როდესაც დედასთან საუბარი მოენატრებოდა, მას წერილებს წერდა და სურათის უკან ინახავდა. დედის სურათის უკან ჰქონდა შენახული ანდერძიც:

„ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ, არ მცილდება ნახველში სისხლი. უსაშველო ხველა, ვიხრჩვები. რა კარგია, კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და კვდება. რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები.

ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.

დიდუბე არ მიყვარს და, გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა.

რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!

ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!

იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას“.