თბილისის სახელოვნებო ბაზრობის ფარგლებში ესქსპოჯორჯიას ტერიტორიაზე, ორანჟერიას ულამაზეს გარემოში TAF საუბრები გაიმართა. ხელოვნების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებმა, როგორც საქართველოდან, ასევე, უცხოეთიდან, გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება და წარმოდგენები ხელოვნების სხვადასხვა ასპექტზე.
პირველი საუბარი, რომელსაც Forbes Woman დაესწრო, მაიკლ უილსონსა, ნოემი სმოლიკისა და ელენე აბაშიძეს შორის გაიმართა.
მაიკლ უილსონი ნიუ-იორკელი მწერალია, რომლის ნამუშევრებიც სხვადასხვა ცნობილ გამოცემებშია დაბეჭდილი. ნოემი სმოლიკი კი, ხელოვნების კრიტიკოსი, რომელსაც ქართველ არტისტებთან მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს, როგორებიც არიან ვაჟიკო ჩაჩხიანი და ქეთი კაპანაძე. კურატორი ელენე აბაშიძე უძღვებოდა TAF საუბარს თემაზე – ციფრული ერის ხელოვნება; ახალი პლატფორმების თავისებურებები და ქართული რეალობა. საუბრის ფარგლებში აქცენტები გაკეთდა სოციალური მედიების როლზე ხელოვნებაში და ბეჭდური მედიის ციფრულ სამყაროში გადასვლაზე. კრიტიკოსებმა ისაუბრეს ლოკალური ხელოვნების გლობალურ სივრცეებში წარდგენასა და მათი აღქმის პერსპექტივებზე.
TAF საუბრის ლოგიკური გაგრძელება და დღის სასიამოვნო დასასრული იყო კოლექციონერების, ირინა პოპიაშვილისა და შარლოტ ფილიპსის დიალოგი.
ირინა პოპიაშვილის კითხვების საფუძველზე შარლოტ ფილიპსმა ისაუბრა ხელოვნების კოლექციონერის, როგორც პროფესიის შესახებ. რა სირთულეებსა და სიამოვნებებთანაა დაკავშირებული, იყო კოლექციონერი, რომელიც სხვებს უზიარებს შეგროვებულ ნამუშევრებს. მან რჩევები მისცა მომავალ კოლექციონერებს, რომლებიც TAF საუბრებს ესწრებოდნენ. ირინა პოპიაშვილმა თბილისის სახელოვნებო ბაზრობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თანამედროვე მუზეუმების სიმცირის გამო, ხშირ შემთხვევაში, თბილისის მოსახლეობას არ ეძლევა შანსი, გაეცნოს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, ხოლო TAF არის სივრცე, რომელიც სხვადასხვა ცნობილ გალერეასა და დამოუკიდებელ ხელოვანს აერთიანებს და დაინტერესებულ პირებს ნახვის საშუალების დღეებს ჩუქნის.
18 მაისს 12:00-დან ისევ გიმასპინძლებთ ესქპოჯორჯიას მე-4 პავილიონის ორანჟერიას ტერიტორია საინტერესო მოსაუბრეებითა და თემებით.