TAF Talk 2019 დასრულდა

18 მაისს, ექსპოჯორჯიაში გამართულ სახელოვნებო ბაზრობის ფარგლებში მოეწყო TAF საუბრები, რომლის მიზანიცაა,ხელოვნების დარგში მოღვაწე პროფესიონალებმა ამავე დარგში არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე ისაუბრონ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ დამსწრე საზოგადოებას.

TAF საუბრებზე ერთ-ერთი თემა დღევანდელ სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებს ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით ირინა პოპიაშვილმა და საულ ანტონმა ისაუბრეს. ორივე მათგანი საგანმანათლებლო სივრცეში მოღვაწეობს ხელოვნებისა და კულტურის განხრით. ირინა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანია, საულ ანტონი კი, სხვა საგანმანათლებლო სივრცეებთან ერთად, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სტუდენტებს ხელოვნებასა და კულტურაზე ასწავლის.

ირინა პოპიაშვილმა ქართულ გამოცდილებებზე და აქ არსებულ პრობლემებზე კითხვები დაუსვა საულ ანტონს. ირინამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საქართველოში სახელოვნებო განათლების მიწოდების სპეციფიკურობა დაასახელა, რომლის მიზეზიც ხელოვნებისა და კულტურის დარგში ქართული თეორიული ლიტერატურის სიმწირეა, შესაბამისად, სტუდენტებს თეორიული მასალა დიდი რაოდენობით არ მიეწოდებათ და უწევთ მეტი დრო პრაქტიკულ ნაწილს დაუთმონ.

(ფოტო)

საუბრის შემდეგი ეტაპი სწორედ ამ საკითხის განხილვას დაეთმო. არის კი ეს პრობლემა? სახელოვნებო განათლებაში, ერთის მხრივ, ზომიერი თეორიული განათლება საჭირო და შეიძლება აუცილებელიცაა, თუმცა მეორეს მხრივ, პრაქტიკული ნაწილის მეტობა სტუდენტს უფრო შემოქმედებით უნარებს უვითარებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არტისტისთვის. საულ ანტონის თქმით, ამ სფეროში არ არსებობს სწავლების წესები, არ არსებობს ისეთი რამ, რის მიხედვითაც შეიძლება ლექტორმა ან მასწავლებელმა იხელმძღვანელოს, რადგან ყველაფერს განსაზღვრავს არტისტის შემოქმედებითობა და ინდივიდის იდენტობა. ხელოვნების უნივერსალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ხელოვანისთვის სწავლება გარემოს დაკვირვებითაც კი შეიძლება შემოიფარგლოს.

ირინა პოპიაშვილისა და საულ ანტონის საუბრები სადაზღვეო კომპანია Gwendolyn Groling Circle Group-ის წარმომადგენლის მიერ გაგრძელდა, რომელმაც ხელოვნების ნიმუშების დაზღვევაზე ისაუბრა.

პრეზენტატორმა თავდაპირველად ზოგადად Circle Group-ის სადაზღვეო სისტემაზე ისაუბრა. კერძოდ იმაზე, თუ რას აზღვევს ეს კომპანია. ჩამონათვალი კი საკმაოდ დიდია და გულისხმობს ყველა ღირებულ ობიექტსა თუ მოვლენას. გარდა კერძო თუ კორპორატიული კოლექციებისა, გალერეების, მუზეუმებისა და კულტურული დაწესებულებებისა, ეს კომპანია აზღვევს დიდ ივენთებს, მაგალითად, რიოს კარნავალს, ფილმის გადაღებას, კონცერტისა თუ რაიმე სხვა მოვლენის ღირებულ ბილეთსაც კი.

მოკლედ, ეს ჩამონათვალი კიდევ უფრო დიდია და ამიტომ უმჯობესია კონკრეტულ საკითხზე, ხელოვნების დაზღვევაზე გადავიდეთ, რომლის ფარგლებშიც Circle Group-ის წარმომადგენელმა ყველა ის რისკი განიხილა, რომელიც დაზღვევამ უნდა გაითვალისწინოს. ხელოვნების ნიმუშს დაზღვევა შეიძლება სჭირდებოდეს არა მარტო ხანძრისგან, გაქურდვისგან ან ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის (ამ მხრივ დიდი ციკლია დაწყებული ნამუშევრის შეფუთვით, მგზავრობით, მიტანით და დამთავრებული კონკრეტული ადგილის მიჩენით), არამედ სასურველი ადგილის შერჩევითაც კი. ამ ნაწილში Circle Group-ის წარმომადგენელმა ისაუბრა ერთ ქეისზე, რომლის მიხედვითაც ერთ კოლექციონერს ხელოვნების ნიმუში სახლში ჭაღზე ჰქონდა დამონტაჟებული. ჭერის დაზიანების შედეგად ეს ხელოვნების ნიმუშიც დაზიანდა და ის ანტიკვარული მაგიდაც, რომელსაც ჭერიდან ჩამოვარდნილი ხელოვნების ნიმუში დაეცა. ხელოვნების დაზღვევა ამ გარემოებებსაც ითვალისწინებს და აზღვევს. ერთადერთი, რაც ამ სადაზღვეო კომპანიის კომპეტენციაში არ შედის და რასაც არ აზღვევს არის ხელოვნების ნიმუშს ეტაპობრივი დეგრადაცია.

საუბარი ამ საკითხში არსებული გლობალური პრობლემის განხილვით დასრულდა. ქართველი მსმენელი დაინტერესდა იმ მექანიზმებით, რომლითაც უნდა დადგინდეს არის თუ არა ორიგინალი კონკრეტული ხელოვნების ნიმუში. ამის დასადგენად საქართველოში მხოლოდ ვიზუალური ექსპერტიზაა შესაძლებელი, თუმცა არა ტექნოლოგიური. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად Circle Group-ის წარმომადგენელმა ქართველებს საზღვრებს მიღმა არსებულ ექსპერტებთან თანამშრომლობა შესთავაზა, მაგრამ არც თუ ისე პრაქტიკულობასაც თავადვე გაუსვა ხაზი და საბოლოოდ, ამ საკითხს გლობალური პრობლემა უწოდა, რომლის მოგვარებაც არც ისე მარტივია. შეიძლება რომელიმე ქვეყანაში არ არსებობდეს ტექნიკური ექსპერტიზა, თუმცა ვიზუალური ექსპერტიზის წარმომადგენლის კომპეტენციებიც სადავოა. მხოლოდ ნდობის, პრესტიჟის გათვალისწინება შეგვიძლია მაშინ, როდესაც ვიღაცას ექსპერტის წოდებას ვანიჭებთ და ვაძლევთ უფლებას ამა თუ იმ ნამუშევარს წარმომავლობა და ღირებულება განუსაზღვროს.

(ფოტო)

ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც 18 მაისს TAF საუბრებზე განიხილეს კომპეტენტურმა ადამიანებმა. ამით TAF Talk 2019 დასრულდა და იმედია, ქართული აუდიტორია შემდეგ წელსაც ისიამოვნებს თბილისის სახელოვნებო ბაზრობითა და იქ გამართული საუბრებით.