ავტორები: ქეთო შურღაია და ლაკო ჯაჯანიძე
ექსპოჯორჯიასა და სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეში, მთელი თბილისის მასშტაბით ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა, რომელიც 17 მაისიდან 19 მაისამდე უმასპინძლებს დამთვალიერებლებს. თბილისის ხელოვნების ბაზრობა გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას ორგანიზებით უკვე მეორეჯერ იმართება. 16 მაისს გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა და უმასპინძლა სხვადასხვა პრესის წარმომადგენელს. ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა, არტ დირექტორმა ერიკ შლოსერიმ, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ – მიხეილ გიორგაძემ, თბილისის მერის მოადგილემ – სოფიო ხუნწარიამ და თიბისი ბანკის არტ კურატორმა – ნინა ახვლედიანმა, ისაუბრეს ხელოვნების ბაზრობის ისტორიაზე, მნიშვნელობასა და მოლოდინებზე.

TAF არის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილია კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის დამწყები სახელოვნებო სცენები, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარდგენილან. TAF ერთ სივრცეში აერთიანებს კოლექციონერებს, კურატორებს, მედიის წარმომადგენლებსა და ხელოვნების სფეროს პროფესიონალებს, რომლებსაც აძლევს საშუალებას, აღმოაჩინონ ხელოვანები და გალერეები.
წელს TAF-ში მონაწილეობას იღებს 16 ქვეყნის 33-მდე გალერეა და 37-მდე ხელოვანი. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, სერბეთი, ავსტრია, შვეიცარია, ჩინეთი, აზერბაიჯანი, აშშ, კუბა, ესპანეთი, ბელგია, გერმანია, ლიტვა და პორტუგალია.

ექსპოჯორჯიას სივრცეში გამოფენით სიამოვნებასთან ერთად, ასევე, შეძლებთ შეიძინოთ იქ წარმოდგენილი ნებისმიერი ნამუშევარი, რომელთა ფასებიც 100 ევროდან იწყება და განუსაზღვრელ ფასამდე მერყეობს. პარალელურად, ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეებშიც გაიმართება.

