მედეა ტაბატაძის ისტორია ნათლად გვიჩვენებს როგორ გვეხმარება სამყარო მიზნების მიღწევაში მაშინ, როცა რაღაც მთელი გულით გვსურს. როგორც თავად ამბობს, მუდამ უმართლებდა ‒ ხვდებოდა საჭირო დროს, საჭირო ადგილას. უშვებდა შეცდომებს, რომლებზეც ფიქრობს, რომ აუცილებელიც იყო, რადგან შეცდომებით ძალიან ბევრი ისწავლა და მიაჩნია, რომ მათი გაანალიზება სწავლისა და ცვლილების საუკეთესო საფუძველია. გამოცდილებამ გადამწყვეტ მომენტებში კრიტიკული განსჯის უნარი განუვითარა. მიუხედავად HR სფეროში გატარებული 2 ათეული წლისა, ახლაც ყოველდღე სწავლობს და ეძებს განვითარების ახალ გზებს, ის, რაც მის ბიზნესს დაეხმარება და, ცხადია, მისი პიროვნული ტრანსფორმაციისთვისაც აუცილებელია.
მედეა ტაბატაძის პროფესიული იდენტობა, შეიძლება ითქვას, ორ მთავარ საყრდენზე დგას. ერთი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორობას უკავშირდება, მეორე კი ‒ HR-ის კარიერას, რომელიც მის ცხოვრებაში სახალისოდ შემოვიდა და მედეას მიზანსწრაფულობის გამო, ძალიან სწრაფად განვითარდა. როგორც თავად იხსენებს, „თიბისი“ ბანკში მუშაობის დაუძლეველი წყურვილით შეპყრობილმა, ერთ დღესაც სანატრელ სამსახურში CV გააგზავნა. ვაკანსიის დასახელება რომ ამოიკითხა, ვერ მიხვდა რას ნიშნავდა HR მენეჯერი, თუმცა ჩათვალა, რომ მისთვის უცნობი HR მენეჯერის მოთხოვნებს ასე თუ ისე აკმაყოფილებდა და ასე აღმოჩნდა „თიბისიში“.
რაც შეეხება თავისუფალ უნივერსიტეტს, აქ, მედეა ტაბატაძის მთავარი ისტორია სტუდენტებთან ჩატარებული პირველი ლექციაა ‒ ნერვიულობა და ლექციამდე მიღებული დამამშვიდებელი ნერვიულობის მოსახსნელად. თავისუფალ უნივერსიტეტში მუშაობა მედეას ერთ-ერთი ოცნება იყო, რაშიც ისევ გაუმართლა და მის სურვილზე, ყოფილიყო უნივერსიტეტის თანამშრომელი, ადმინისტრაციისგან თანხმობა მიიღო.
დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედეა ტაბატაძე პირველია, ვინც თანამედროვე მსოფლიოს მაჯისცემა საქართველოშიც იგრძნო და საკუთარი დაარსებული საკონსულტაციო კომპანია „ინსორსი“ 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადაიყვანა. ეს პირველობა Forbes Woman Georgia-ს ფოკუსშიც მოხვდა.
თუმცა, მედეა ტაბატაძე გვარწმუნებს, რომ ეს იმიტომ არ გაუკეთებია, რომ ვინმეს მათზე დაეწერა, არამედ იმიტომ, რომ კომპანიის თანამშრომლები ასე უკეთ გრძნობდნენ თავს: „პარასკევ დღეს, რომელიც სრულიად გავაუქმეთ სამუშაო კვირიდან, როგორც აღმოჩნდა, ჩემი თანამშრომლებიც ჩემსავით კითხვას და ფიქრს უძღვნიან. მე მჯერა, რომ კარგი იდეები სწორედ კითხვაში მოდის“.
Forbes Woman Georgia უფრო ახლოს გაგაცნობთ ქალს, რომელმაც სამუშაო კვირა დაამოკლა.
საიდან გაჩნდა „ინსორსის“ შექმნის იდეა?
საკუთარი ორგანიზაციის შექმნა ყოველთვის მინდოდა. ალბათ, იმიტომ რომ, გადაწყვეტილებების მიღება საკუთარი ნააზრევის მიხედვით საინტერესოდ წარმომედგინა. 2009 წელს სურვილის დონეზე ვლაპარაკობდი ჩემს მეგობრებთან, რა კარგი იქნება HR საკონსულტაციო კომპანიის გაკეთება-მეთქი, მათაც შემომძახეს ‒ მერე რას ელოდები?! გააკეთე! ზუსტად მახსოვს მარტო შეჭიდების ძალიან მეშინოდა. 2012 წელს, ჩემს კოლეგასთან და დღეს მეგობართან, ნინო ოხანაშვილთან ერთად მომიწია მუშაობა ერთერთ პროექტში. ნინოს გავუზიარე კომპანიის იდეა და ნინომ მხარი დამიჭირა, შეგვექმნა კომპანია და ერთად გვემუშავა. სწორედ მისი და ლექსო ხუბულავას მხარდაჭერით დაარსდა კომპანია „ინსორსი“.
წარმატება, რომელსაც გამოყოფდით მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში და პროფესიული შეცდომა, რომელსაც ყველაზე მეტად ნანობთ.
ჩემთვის გამორჩეული შედეგია „ინსორსის“, როგორც წარმატებული კომპანიის შექმნა, რასაც ძალიან ბევრი შრომა დასჭირდა და კვლავ სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ „ინსორსს“ კიდევ უფრო მეტი შედეგი თუ წარმატება ნამდვილად სჭირდება, განსაკუთრებით კი, ახლანდელ პერიოდში, როდესაც კონკურენციაც მზარდია და „წარმატების შინაარსი“ ჩემთვის ძალიან შეიცვალა.
გუნდის წარმატებაა, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები არ ელოდებიან ხოლმე ჩვენი მუშაობის თუ კომპეტენციის მაღალ ხარისხს, და პროექტის დასრულების შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენი შედეგები გამორჩეულია. წარმატებად მივიჩნევ, როდესაც უცხო ადამიანებისგან ვისმენ, რომ „ინსორსი“ საუკეთესოა ‒ ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. არის არაერთი წვრილ-წვრილი წარმატება, მაგ.: სხვადასხვა ტენდერში გამარჯვება, ინტერესი, სურვილი ცნობილი კომპანიებისგან ითანამშრომლონ ჩვენთან და სხვ. ასეთი პატარა წარმატებები გვიხარია, გვმატებს მოტივაციას, თუმცა, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობასაც.
რაც შეეხება შეცდომებს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფდი ‒ მეტად უნდა მომესმინა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის. თუმცა, ეს შეცდომაც გამოვასწორე ‒ დიდი ხანია მოსაუბერეებს ვუსმენ ყურადღებით და დღეს უკვე არ არსებობს თუნდაც, არაფორმალური შეხვედრა, საიდანაც 1 საინტერესო „აზრი“ ან რჩევა არ მომაქვს ჩემთვის. ვისწავლე ისიც, რომ როცა რაღაცაზე ვამბობ, სხვანაირად უნდა გამეკეთებინა, სწრაფად ვანებებ თავს ზედმეტ განსჯას და გადავდივარ მოქმედებაზე.
19 წელია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობთ. მოდიფიცირდა თუ არა ეს სფერო და იქონია თუ არა მასზე გავლენა ტექნოლოგიურმა რევოლუციამ?
ძალიან იცვლება ეს სფერო და, ჩემი აზრით, კიდევ უფრო შეიცვლება. თუ ადრე, დროისა და რესურსების მნიშვნელოვანი დრო თანამშრომლების აყვანის პროცესზე და ადმინისტრაციული სამუშოების შესრულებაზე იხარჯებოდა, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2005 წლამდე HR სფერო არ იყო ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული. ახლა მნიშვნელოვანია HR ემსახურებოდეს ბიზნესს და ნაკლებად ადმინისტრაციულ სამუშაოებს. ცხადია, ახლაც მნიშვნელოვანია თანამშრომლების სწორად შერჩევა, თუმცა ბიზნესის მენეჯერები დღეს უფრო მეტად მოითხოვენ ისეთი მნიშვნელოვანი სისტემების განვითარებას, როგორიცაა: თანამშრომლების სწავლება, ქოუჩინგი, შესრულებული სამუშაოების შეფასება და წახალისება. და, რაც მთავარია, ძალიან მკაფიო ხდება ბიზნესის მხრიდან ინტერესი, თანამშრომლებისთვის შექმნას კომფორტული სამუშაო გარემო; ეს კი თანამედროვე HR მენეჯმენტის გამოწვევაა.
რაც შეეხება ტექნოლოგიებს, მათმა განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა HR მენეჯმენტის სფერო. ახლა ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია ‒ შეგიძლია ნახო წარმატებული კომპანიის წარმატებული ქეისები, ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ სფერშო მიმდინარე ცვლილებებზე და ცვლილებების განმახორციელებელ საერთაშორისო კონსულტანტებზეც კი. მოიაზრება, რომ HR მენეჯემენტი ბიუროკრატიულია, რადგან მენეჯერებსაც და თანამშრომლებსაც გარკვეული წესებისა თუ პროცედურების დაცვა უწევთ. მაგრამ დღეს არსებობს არაერთი პლატფორმა, რომელსაც მინიმუმამდე დაყავს პროცედურისთვის განკუთვნილი დრო და, რაც მთავარია, დღეს თანამშრომლები უფრო მეტად ჩართულები არიან HR მენეჯმენტში.
თქვენი 19 წლიანი დაკვირვებით რა შეიცვალა შრომის ბაზარზე?
შრომის ბაზრის ანალიზს პერიოდულად ვაკეთებთ. მიმდინარე წლის დეკემბერში კვლავ დავასრულებთ კვლევას და გაგიზიარებთ შედეგებს. ერთი შეხედვით, შემიძლია ვთქვა, რომ შრომის ბაზარი ნამდვილად რადიკალურ ცვლილებებს განიცდის ჩვენი პირველადი და დაუმუშავებელი მონაცემებით, ბაზარზე იზრდება მოთხოვნა სერვისთან დაკავშირებულ პროფესიებზე. გაიზარდა პლატფორმული სერვის პროვაიდერი კომპანიების რიცხვიც. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესები ითხოვენ კურიერებს, მიმტანებს, კონსულტანტებს, სატელეფონო კონსულტანტებსა და სხვ. სერვისის სფერო ძალიან მზარდია და შესაბამისად, ამ სფეროს პროფესიებზეც მოთხოვნაც მზარდია. თუმცა, ვაჭრობა/დისტრიბუცია და სასტუმრო მენეჯმენტის სფეროებიც პოზიციებს ინარჩუნებენ.
თქვენი აზრით, გაიზარდა თუ არა ქალების რაოდენობა ტოპ მენეჯმენტში და დაბალანსდა თუ არა ქალთა და მამაკაცთა როლები შრომის ბაზარზე?
ჩემი ინფორმაციით, ქალების რაოდენობა მენეჯმენტში იზრდება. საქმიან შეხვედრებზე ხშირად მსმენია „ამას ქალი უკეთ გააკეთებდა“. როდესაც ვაზუსტებ ‒ რატომ, ამბობენ რომ ქალები უფრო მეტად აკვირდებიან დეტალებს და ყურდღებიანებიც არიან. არაერთგან წამიკითხავს, რომ ქალების „ბიოლოგიური კოდი“ მზრუნველობა და ზრუნვაა, საქმეშიც ასეა. ქალები მზრუნველები არიან თავიანთი ხალხისა და საქმის მიმართ. ქალები უფრო წინდახედული მმართველები არიან ‒ ფიქრობენ რა ეფექტი ექნება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჯერ ადამიანებზე, კომპანიასა და შემდეგ კი თვითონ მასზე. ჩემი აზრით, იდეალური იქნებოდა ქალებისა და კაცების ბალანსი ინოვაციურ ორგანიზაციებში.
„ინსორსი“ იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც კვირაში 4 სამუშაო დღეზე გადავიდა. როგორ ფიქრობთ, რა სიკეთეები მოაქვს ამ მიდგომას?
ზოგადად, სამუშაოს ხანგრძლივობასა და თანამშრომლობის ფორმატის ცვლილებებზე ხშირად ვკითხულობ. 2018 წელს, დელოიტის გლობალური ოფისის მიერ წარმოებული „ტალანტების ბაზრის კვლევაში“ წავაწყდი ინფორმაციას, რომ თანამშრომლების დაქირავების შინაარსი იცვლება. შესაბამისად, დავინტერესდი და თვალყურს მუდმივად ვადევნებ რას ცვლიან ლიდერები თანამშრომლობასა და თანმაშრომლებთან ურთიერთობებში.
ამას გარდა, ხშირად წამიკითხავს, რომ მთელი რიგი კომპანიები თანამშრომლებს უკრძალავენ სამუშაო საათების შემდეგ და უქმე დღეებში საქმიან მიმოწერას. დიახ, ეს ტენდენცია მზარდია მსოფლიოში. ამას ძალიან საინტერესო მიზეზები აქვს. ჩემი დაკვირვებითაც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სამუშაო საათების რაოდენობა გაზრდილია. ჩვენ ვკითხულობთ საქმიან მეილებსა და მესიჯებს სახლში, მანქანაში, საცობში, რიგში და თითქმის ყველგან. სადაც „თავისუფალ“ დროს ვიპოვით. გამუდმებით ვიღებთ საჭირო და არასაჭირო ინფორმაციას, რაც ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს პროდუქტიულობაზე.
ჩემი გადაწყვეტილება, გადავსულიყავით 4 სამუშაო დღეზე უმართავი დინამიკისა და ცოტა ეგოისტური ფიქრებით იყო გაპირობებული. მიმაჩნია და ისევ ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანმა დღეს დრო უნდა დაუთმოს ახალი რამის სწავლას, კითხვას და ცნობიერების გაფართოვებას. 4 დღიან სამუშაო კვირის იდეის გაჟღერების შემდეგ, ჩემდა საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ ჩემს თანამშრომლებსაც იგივე მოსაზრება აქვთ და ურჩევნიათ პარასკევი დღე შემეცნებაში გაატარონ. გარდა ამისა, ჩვენ ვართ ბიზნესი ბიზნესისთვის და სამუშაოების დასრულების შემდეგ, გვრჩებოდა დრო, რომელსაც ოფისში და ხშირად უინტერესოდ ვატარებდით. ახლა ამ დროს უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ დასვენებისთვის, კითხვისთვის ან წერისთვის. 4 დღიანი სამუშაო კვირა არ არის არც ინოვაცია, არც უტოპია. თუ კომპანიები შეისწავლიან ან მოიკვლევენ, არიან თუ არა მათი თანამშრომლები კვირაში 5 დღე, 40 საათის განმავლობაში მუდმივად და უწყვეტად სამუშაო პროცესში ჩართულები, ვფიქრობ, აღმოაჩენენ რომ-არა. არასაჭირო რუტინას დიდი დრო მიაქვს, რაც ზეგანაკვეთურ სამუშაოსაც ქმნის და თუნდაც 5 დღის განმავლობაში 40 საათიან სამუშაოსაც არაეფექტურად აქცევს. ჩვენი გადაწყეტილებაც ეს იყო ‒ მოგვესპო ის დამღლელი და უსარგებლო რუტინა, რომელიც პრობლემების გამრავლებას უფრო უწყობდა ხელს, ვიდრე შედეგების მიღწევას.
ავტორი: თამთა ბარძემიშვილი
ფოტო: ანა ბოკო