„სინთეთიკური ბედნიერება“ – როდესაც სასურველ შედეგებს ვერ ვაღწევთ

Photo Credits to Priscilla Du Preez

რა შეიძლება იღონოთ, თუკი ერთდროულად თავს ბევრი წარუმატებლობა დაგატყდათ და ცხოვრებისგან მუდმივად იმედგაცრუებებს იღებთ? – საუკეთესო, რისი გაკეთებაც ამ დროს შეგიძლიათ, საკუთარი ბედნიერების “სინთეზირებაა”!

აღმოჩნდა, რომ ბედნიერების მოსაპოვებლად რაიმის მიღება ან შესრულება სულაც არ არის საჭირო. ეს შეგრძნება სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ არჩევანია და თქვენ მისი განკარგვა თავისუფლად შეგიძლიათ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, დენ გილბერტის თქმით, ბედნიერების იდენტურ გრძნობას, რომელიც მაშინ გეუფლებათ, როდესაც სასურველ შედეგს ვერ იღებთ, „სინთეთიკური ბედნიერება“ ეწოდება და იგი ადამიანის მენტალური ჯანმრთელობისთვის ისეთივე საჭირო და სასარგებლო მოვლენაა, როგორიც „ტრადიციული“ ანუ ნატურალური ბედნიერება.

„სინთეთიკური ბედნიერება“  დაკავშირებულია ფსიქიკის კოგნიტურ პროცესებთან, რომელიც ადამიანს ეხმარება, შეცვალოს საკუთარი მსოფლმხედველობა და განსხვავებული რაკურსით შეაფასოს არსებული რეალობა. ადამიანის გონება ბედნიერებას საუკეთესოდ მაშინ ასინთეზებს, როდესაც ვითარება უკიდურესად კრიტიკულია, გამოსავალი არსად ჩანს და სასოწარკვეთაც უმაღლეს ნიშნულს აღწევს. სწორედ ამ დროს ჩვენი ფსიქიკა, უცნაური მექანიზმის წყალობით, იმედგაცრუებებს პოზიტიურ ენერგიებად გარდაქმნის და გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ რეალურად ყველაფერი იმაზე უკეთესადაც კია, ვიდრე ამას თავად ვგეგმავდით.

Photo by Favour Omoruyi

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მზიანი ამინდი მოგწონთ და მეგობართან ერთად ფოტოების გადაღებასაც მთელი დღის განმავლობაში გეგმავდით, მოულოდნელად კი გარეთ იწვიმა. ცხადია, გაბრაზდებით და ჩათვლით, რომ არ გაგიმართლათ. თუმცა, თუკი კამერების წინ პოზირებას მაინც განაგრძობთ, ბოლოს იმას აღმოაჩენთ, რომ წვიმიანი თმა და პირქუში გარემო საოცრად გიხდებათ და თქვენს სურათებს ეგზოტიკური ელფერსაც სძენს. შედეგად, იმედგაცრუება კმაყოფილებად გარდაიქმნება და სინთეთიკურ ბედნიერებასაც სრულფასოვნად შეიგრძნობთ.

მსგავსი რამ შეიძლება განიცადოთ სამსახურის დაკარგვის შემდეგაც კი. მართალია, თქვენ მასთან ერთად სტაბილურ შემოსავალსაც კარგავთ და ეს ცალსახად ცუდია, თუმცა, იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ ყოფილი უფროსი უსამართლოდ გეპყრობოდათ, ხელფასიც საკმარისი არ იყო და სრულყოფილადაც კარგა ხანია, არ გიძინიათ, თქვენ აუცილებლად მიხვდებით, რომ სამსახურის დაკარგვამ უამრავი სარგებელიც მოგიტანათ და, არც თუ ისე უსაფუძვლოდ, მას ბედნიერების მონიჭებაც შეუძლია.

მართალია, ბედნიერების მიღების ერთადერთ წყაროდ იმედგაცრუება და წარუმატებლობა არ უნდა დაისახოთ და ამით თვითტკბობას არ უნდა მიეცეთ, თუმცა ერთი შეხედვით კატასტროფული ვითარებისთვის კრიტიკული თვალის შევლება და მოვლენების არასახარბიელოდ განვითარების მიუხედავად შინაგანი ჰარმონიისა და მენტალური მდგრადობის შენარჩუნების უნარი ძლიერი პიროვნებისთვის დამახასიათებელი თვისებებია და მნიშნელოვან როლს ასრულებს სოციალური თუ პროფესიული ცხოვრების ჯანსაღად წარმართვაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

NATURAL AND SYNTHETIC HAPPINESS AT WORK – HERE’S WHY YOU NEED BOTH

Can You Synthesize Happiness?