მზრუნველობის ხელოვნება | ინტერვიუ სალომე სვანაძესთან

ცხოვრებაში ბევრი რამ არის მთავარი, მათ შორისაა საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა, ანუ ჩვენი იდეურ-ემოციური შინაარსი. დისჰარმონია ბევრ პრობლემებს იწვევს, მათ შორის ფსიქოლოგიურს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვებს საკუთარ თავთან ჰარმონიულ თანაცხოვრებაში ეხმარებიან. სალომე სვანაძე, პლასტიკური ქირურგი, წლებია სწორედ ამას აკეთებს. თითოეულ პაციენტთან მის შეხებას მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს ‒ თავი უკეთ გაგრძნობინოთ. ახლა სალომე საქართველოში საქმიანობს.

ესთეტიკური ინტელექტი, გარეგნობის ბუნებრივობის შენარჩუნება და ინდივიდუალური მიდგომა ‒ ეს ექიმ სალომეს ხელწერაა. მისი 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება მკერდის ქირურგიისა და სხეულის კონტურის სფეროში უკვე ითვლის რამდენიმე ათას კოსმეტიკურ პროცედურას. მედიცინის დოქტორი, სალომე სვანაძე საერთაშორისოდ აღიარებული პლასტიკური ქირურგია, ის არის ისეთი საერთაშორისო პროფესიული საზოგადოებების წევრი, როგორებიც არის ISAPS და RSAPS.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

სალომე სვანაძე ექიმების ოჯახში გაიზარდა, თუმცა ამბობს, რომ ეს პროფესია თავად მოგვიანებით შეუყვარდა. სილამაზით ადრეულ ასაკში აღფრთოვანდა, მალევე აღმოაჩინა, რომ მარტივად ამჩნევდა, როგორ იქნებოდა შესაძლებელი არსებული სილამაზით დამატებითი ჰარმონიის შექმნა.

„პლასტიკური ქირურგია ჩემი გააზრებული არჩევანია, ეს ჩემი მოწოდებაა, ეს არის სფერო სადაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რადგან შემიძლია დავეხმარო სხვებს“.

პლასტიკურ ქირურგიაში განათლების მიღებას სალომე ამერიკაში აგრძელებს, სტაჟირება კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად კანადაში აქვს გავლილი. ლიპოსაქცია, მამოპლასტიკა, მშობიარობის შემდგომ თუ პროპორციების პრობლემისას სხეულის ბუნებრივად წესრიგში მოყვანა ‒ ეს სალომე სვანაძის ძირითადი ხაზია.

„ჩემი ფილოსოფია მაქსიმალური ბუნებრივობაა, ასე უნდა შეიქმნას სასურველი პროპორციები. ჩემი მიზანია ქირურგიული ჩარევა უხილავი და ფრთხილი იყოს. ჩემი ხელწერა პაციენტის ბუნებრივ სილამაზეზე ხაზგასმაა“.

ვიდრე თბილისში ჩამოვიდოდა, პლასტიკურ ქირურგად სალომე მოსკოვის წამყვან კლინიკებში მუშაობდა, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა. როცა დღეს, თავის პირველ ოპერაციას იხსენებს, ამბობს რომ ეს იყო უბედნიერესი დღე, დიდი პასუხისმგებლობით. პირველი ოპერაცია რეზიდენტმა სალომემ საკუთარ უახლოეს მეგობარს გაუკეთა.
საქართველოში ტანის პლასტიკური ქირურგია პოპულარული, როგორც სალომე აღნიშნავს, ბოლო 5 წლის განმავლობაში გახდა.

„მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მე სხეულთან ჰარმონიაში ყოფნის მომხრე ვარ, ჩემი მიზანია ქალი იყოს ბედნიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული. ამიტომ ჩემს პაციენტებს ჯერ ვუსმენ, ვცდილობ ზუსტად ვიცოდე რა აწუხებთ, რა შედეგზე ოცნებობენ და რამდენად მზად არიან ფსიქოლოგიურად ამ გადაწყვეტილების მისაღებად“.

აქ კონსულტაცია იგულისხმება, იმ ხანგრძლივობის, რამდენიც პაციენტს ყველა დეტალის გარკვევაში დასჭირდება, თუმცა სალომე ამბობს, რომ ამ გზაზე პაციენტების განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პრაქტიკაში ჰქონია შემთხვევები, როცა პლასტიკური ქირურგიის მსურველები პროცედურას მარტივად უყურებენ, არადა ეს ასე სულაც არ არის. ვიდრე სალომე ექიმი პაციენტს საოპერაციო ოთახში შეიყვანს დეტალურად უხსნის რა იქნება შედეგი და რატომ კონკრეტულად ასეთი შედეგი, სალომესთვის მთავარი პაციენტის რეალური მზაობაა.

„პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ რეაბილიტაციას 6-12 თვე სჭირდება, უნდა შეეგუოს რომ დროა საჭირო იმისთვის, რათა მივიღოთ შედეგი, რომელიც ჩავიფიქრე. ცხადია, ოპერაციამდე პაციენტებს მოსალოდნელი გართულებების თაობაზეც ვუყვები. მათ უნდა იცოდნენ ისიც, რომ თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის მიხედვით მაგალითად, იმპლანტი მუდმივი არ არის და 7-15 წლის ვადაში ცვლილებას საჭიროებს“.

კონსულტაციების დროს სალომე ექიმი პაციენტების სამომავლო შედეგის კომპიუტერული მოდელირებისთვის თანამედროვე 3D ტექნოლოგიას იყენებს, რაც საშუალებას აძლევს ზედმიწევნით აირჩიოს იმპლანტის სწორი ზომა და დარწმუნდეს, რომ პაციენტს ესმის, რომ მისმა ექიმმა ზუსტად იცის რა სურს მას.

„ჩემი მიზანია კონსულტაციის დროს გავარკვიო რა არის პაციენტის ფსიქოლოგიური განწყობა, რატომ უნდა ამ ოპერაციის გაკეთება, ჩემთვის მნიშვნელოვანია რამდენი ხანი ფიქრობდა ამ საკითხზე. თუ შევამჩნევ, რომ ეს სპონტანური გადაწყვეტილებაა, ვთავაზობ, ფიქრი განაგრძოს. ჩემი პაციენტი უნდა იყო ქალი, რომელიც კარგად იცნობს საკუთარ თავს“.

ყველაფერს, რასაც სალომე აკეთებს ოპერაციაა ანესთეზიით, რომლის ხანგრძლივობაც შეიძლება იყოს 40 წუთიც და 6 საათიც. არის შემთხვევები, როცა სასურველ შედეგს 2 ოპერაცია სჭირდება. სალომე გვიხსნის, რომ ესთეტიკურ ქირურგიაში მთავარი პაციენტის უსაფრთხოებაა. ხანგრძლივ ანესთეზიას მეტი რისკი აქვს, ამიტომაც როცა ოპერაციის მიზანი მთლიანი სხეულის კორექციაა და როცა პროცედურას 6 საათზე მეტი სჭირდება, ის ორად იყოფა და 2 თვეზე ნაწილდება. დარგში, სადაც სალომე საქმიანობს გართულებების პროცენტი მხოლოდ 1-დან 5-მდეა, ისიც ესთეტიკურ ნაწილში, რომლის გამოსწორებაც, როგორც ქირურგი გვეუბნება, მარტივია.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

სალომე სვანაძე გვიყვება, რომ საქართველოში მაღალი მოთხოვნებია, ამიტომაც პაციენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ოპერაციისთვის უმჯობესია უცხოეთში წასვლა, თუმცა სალომე ამბობს, რომ ამ დარგში მნიშვნელოვანი ქირურგის გემოვნების ცოდნაა, აუცილებელია მისი და პაციენტის ხედვები ერთმანეთს ემთხვეოდეს.

„სილამაზის აღქმა სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირია. ვიღაცას ჯერ ისევ მოსწონს, რომ ჩარევა თვალსაჩინო იყოს, თუმცა უკვე მკაფიოა ტენდენცია, რაც ბუნებრივი გარეგნობის შენარჩუნებას ითვალისწინებს, ეს ტენდენცია სულ უფრო და უფრო უნივერსალური ხდება. ამ ტენდენციას მივესალმები. ღრმად მწამს, რომ ბუნებრივი შედეგი ქალის სხეულის პატივისცემის დასტურია. გარდა ამისა, რაც უფრო დიდია ჩარევა, უფრო მაღალია გართულების რისკი, ამიტომაც დელიკატური ჩარევის მომხრე ვარ. მიხარია, რომ საქართველოშიც ასეთი ტრენდია ‒ ბევრი ქალი, ახალგაზრდა დედა მოდის თხოვნით, რომ ბუნებრიობა შევუნარჩუნო“.

როგორც სალომე სვანაძე გვიყვება, რეალობას აცდენილია მოსაზრება რომ უცხოეთში ბევრად უკეთესი პროდუქცია და აპარატურაა. მას მიაჩნია, რომ ეს დამოკიდებულია ექიმსა და კლინიკაზე და არა გეოგრაფიაზე.

„პატარა ბაზრის მიუხედავად, საქართველოში ბევრ ექიმს ვიცნობ, რომლებიც უმაღლესი ხარისხის აპარატურითა და მასალით მუშაობენ, ამიტომაც აუცილებლად მიმაჩნია პაციენტმა არჩევანი ექიმზე გააკეთოს და არა ქვეყანაზე“.

რადგან ახლა საქართველოშია, მისი გეგმების ნაწილია, რომ მედიცინის ამ დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. უნდა, რომ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის მომსახურება დანერგოს, ეს მათ შორის იმასაც ითვალისწინებს, რომ პაციენტები თავს განსაკუთრებულად გრძნობდნენ.

„ყველაზე რთული პაციენტისთვის რეაბილიტაციის ეტაპია. ამ დროს აუცილებელია ის იყოს მშვიდად, პაციენტს უნდა სჯეროდეს, რომ ჩვენ მას ვუვლით. ისინი ჩვენთან ოცნებისთვის მოდიან, ეს მზრუნველობის ხელოვნებაა და მინდა ამას ყველა მათგანი გრძნობდეს“.

სალომე სვანაძეს სჯერა, რომ საქართველოს აქვს შანსი ამიერკავკასიაში პლასტიკური ქირურგიის ჰაბი გახდეს, ამ მიზნისთვის თავადაც მუშაობს. ახლა სამედიცინო ტურებს ამზადებს, ეს სრული პაკეტი იქნება. სერვისის სრულყოფამდე, პრაქტიკას სტამბოლში გაეცნო და თბილისის უპირატესობაში დარწმუნდა. ამბობს, რომ საქართველოს დედაქალაქი სამედიცინო ტურიზმისთვის ბევრად პრაქტიკულია. გეგმა ასეთია, პაციენტს აეროპორტში თავადვე დახვდებიან, სასტუმროში დააბინავებენ, შემდეგ იქნება კვლევები და სულ ბოლოს ოპერაცია.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

გენდერული სტერეოტიპი მედიცინის ამ დარგში აქტუალურია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც კი. თუმცა პროფესიაში პირველმა ნაბიჯებმა აჩვენა, რომ ქალებს ერთმანეთის უკეთ ესმით, პროფესიონალიზმთან ერთად ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში მასთან რიგები დადგა.

„ბევრ პაციენტს ჰქონია სტერეოტიპი, რომ პლასტიკური ქირურგი უნდა იყოს მამაკაცი, თუმცა როცა ჩემს ნამუშევრებს, ფილოსოფიას, მიდგომებს გაეცნენ, ადვილად მიიღეს გადაწყვეტილება და მე ამირჩიეს“.

სალომეს კიდევ ერთ მიზანი იმ საკმაოდ მოცულობითი ბაზრის ათვისებაა, სადაც ქალები ფსიქოლოგიური ან რელიგიური მიზეზებით პლასტიკურ ოპერაციებს მამაკაც ქირურგებთან ვერ იკეთებენ, ამიტომ სალომე სვანაძე აპირებს, რომ ასეთი ოპერაციებისთვის საჭირო გუნდი სრულად ქალებისგან დააკომპლექტოს, ახალგაზრდები რეზიდენტურიდან აიყვანოს და პროფესიულად თავად გაზარდოს. ამ გეგმას ორი მოტივი აქვს: დაეხმაროს ქალებს სასურველი ფორმების მიღებაში და დაეხმაროს ქალებს პროფესიულ განვითარებაში, ზუსტად ამ დამკვიდრებული სტერეოტიპის დასამსხვრევად.

„არ მინდა რეალობას ვარდისფერი სათვალით ვუყურო. რთულია, მაგრამ სტერეოტიპების დამსხვრევა შესაძლებელია. პირადად მე ძალიან მადლობელი ვარ ოჯახის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ მიხსნიდნენ რამდენად რთულ პროფესიას ვეჭიდებოდი, არასოდეს უთქვამთ, რომ პროფესიაზე უარი სქესის გამო უნდა მეთქვა“.