ნულიდან მილიონებამდე: სუზან ვოჩიკი

YouTube ის მედია პლატფორმაა, რომელსაც, ალბათ, ყველაზე ხშირად ვიყენებთ. 2005 წელს დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც მოგვიანებით Google-მა შეიძინა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით მომხმარებელი ჰყავს. ეს მომხმარებლები კი ერთობლივად წუთში დაახლოებით ხუთასი საათის ხანგრძლივობის ვიდეოს ტვირთავენ. YouTube-ს ამჟამად ქალი უდგას სათავეში. სუზან ვოჩიკი უკვე რამდენიმე წელია კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს: მართავს წარმატებით და ზრდის საკუთარ შემოსავალსაც.

Photo Credits Female Founders Found

Forbes-ის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული სია იმ ამერიკელ ქალებს აერთიანებს, რომელთაც წარმატებას თავად მიაღწიეს, საკუთარი შრომით გამოიმუშავეს მილიონები და უმდიდრეს ადამიანებად იქცნენ. ამ სიის 38-ე ადგილზე Google-ის ყოფილი თანამშრომელი და YouTube-ის მოქმედი CEO – სუზან ვოჩიკია. მრავალი პროფესიის მქონე 52 წლის ქალის ქონება 580 მილიონ დოლარს შეადგენს.

სუზან ვოჩიკს განათლებასთან ბავშვობიდანვე მჭიდრო კავშირი ჰქონდა. დედა ჟურნალისტი, მამა კი სტენფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი იყო. ადრეულ წლებში ქალს წერა უყვარდა და ალბათ, ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ჩაბმას არც კი გეგმავდა. მან უმაღლეს სასწავლებელშიც ჰუმანიტარული მეცნიერებების სწავლა გადაწყვიტა. ვოჩიკი ჰარვარდის უნივერსიტეტში ისტორიის მეცნიერებებსა და ლიტერატურას სწავლობდა. ქალი ამ მიმართულებით აკადემიური საქმიანობის გაგრძელებასაც აპირებდა. ბაკალავრის დასრულების შემდეგ კი ტექნოლოგიურ სტარტაპზე დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ დროს გაიაზრა მან ტექნოლოგიების მნიშვნელობა სამყაროს განვითარების პროცესში. ამის შემდგომ ის კვლავ ჰარვარდის უნივერსიტეტს დაუბრუნდა, ამჯერად კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლის მიზნით.

სუზან ვოჩიკს წარმატება ზუსტად სახლის კართან მიადგა. 1998 წელს ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ვოჩიკის ავტოფარეხი იქირავეს და Google-ის პირველი ოფისიც სწორედ იქ გახსნეს. ამ დროს ისინი Google-ის საძიებო პროგრამაზე მუშაობდნენ. როგორც ვოჩიკი Female Founders Fund-თან ინტერვიუში ამბობს, თავდაპირველად სულაც არ აინტერესებდა ამ ორის საქმიანობა, რადგან ისინი ყოველთვის დროულად იხდიდნენ ქირას. შესაძლოა, ქალი მათ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ მათივე შექმნილ საძიებო სისტემას აქტიურად იყენებდა. მომდევნო წელს კი ქალი  Google-ის მეთევსმეტე თანამშრომელი და მარკეტინგის პირველი მენეჯერი ხდება.

Photo Credits Getty

Google-ში სუზან ვოჩიკის საქმე ვირუსული მარკეტინგი იყო. ამასთან ერთად, ქალის როლი უდიდესია Google Photo-ს, Google Book-სა და Google Doodles-ს შექმნასა და განვითარებაში. ვოჩიკი 2006 წელს Google-ის მიერ YouTube-ის შეძენის პროცესშიც მონაწილეობდა. სუზან ვოჩიკი კორპორაციის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი შენაძენის სათავეში იდგა. Google-მა YouTube 1.6 მილიარდ, ხოლო DoubleClick 3.1 მილიონ დოლარად შეიძინა.

Google-ში წარმატებული საქმიანობის შემდგომ იყო და დღემდე არის YouTube. 2015 წლის დეკემბარში სუზან ვოჩიკი YouTube-ის აღმასრულებელ დირექტორად დაასახელეს. ვოჩიკი კომპანიასთან ერთად მუშაობდა პროგრამებზე, რომლებიც საოჯახო, გასართობი და მუსიკალური შინაარსით დაინტერესებულ მომხმარებლებს დააკმაყოფილებდა. ამასთანავე, შეიმუშავა მონეტიზაციის ახალი სისტემა და ხელმძღვანელობს კომპანიის სარეკლამო სააგენტოსაც. „პრობლემების მიუხედავად, YouTube იზრდება“ – ასე შეაფასა ვოჩიკმა კომპანიაში ოთხწლიანი საქმიანობის შედეგები.

2018 წელს სუზან ვოჩიკმა საკუთარი მმართველობის მთავარ მიზნად YouTube-ზე საგანმანათებლო შინაარსის კონტენტის მოცულობის გაზრდა დაასახელა. მისივე ინიციატვით, შეიქმნა YouTube Learning, სადაც  სხვადასხვა თემის გარშემო შემეცნებითი ხასიათის ვიდეობის მოძიებაა შესაძლებელი.

Photo Credits Getty

სუზან ვოჩიკი იუთუბერების კონტენტს მკაცრად აკონტროლებს. ონლაინ პლატფორმაზე მიუღებელი შინაარსის ვიდეოების განთავსების შემდგომ, ქალი გუნდთან ერთად, დროებით თუ სამუდამოდ ხშირად ბლოკავს ხოლმე სხვადასხვა YouTube არხებს ან ვიდეოებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სუზან ვოჩიკმა საჯაროდ გააკრიტიკა ევროკავშირის საავტორო უფლებების დირექტივის მე-13 მუხლი. ის YouTube-ს სახიფათო ან/და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი მასალის წაშლას ავალდებულებს. ვოჩიკის თქმით, საავტორო უფლებებით დაცული ვიდეოს პლატფორმიდან წაშლა YouTube კრეატორების თავისუფლებას ზღუდავს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პოსტზე არჩევის შემდგომ განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა „პასუხისმგებლობის დაყენება იქნება“ –  YouTube, იუთუბერებთან ერთად, პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო იმ შინაარსზე, რომელსაც შექმნიდნენ.

ქალი ლიდერები ან უბრალოდ წარმატებული ქალები ყოველთვის განსაკუთრებით კარგად ხედავენ, აფასებენ დანარჩენი ქალების შესაძლებლობებსა და უნარებს. სუზან ვოჩიკის YouTube-ში მისვლამდე, კომპანიის თანამშრომლების 24% იყო ქალი. მან კი ეს პროცენტული მაჩვენებელი 30%-მდე გაზარდა. Forbes-თან საუბრისას ვოჩიკი ამბობს, რომ აშკარად ხედავს ახალგაზრდა ქალების გაძლიერებისა და დახმარების აუცილებლობას – „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კოლეჯში ვისწალე, საკუთარ თავზე ფიქრი და ის იყო, რომ სხვებს დაშინების საშუალება არ უნდა მისცე.“ მიუხედავად ტექნოლოგიების სფეროში მრავალწლიანი და ძალიან წარმატებული მოღვაწეობისა, სუზან ვოჩიკი მაინც ამბობს, რომ დღემდე უფრო მეტი შრომა უწევს ყურადღებისა და პატივისცემის მოსაპოვებლად, ვიდრე იმავე სფეროში მყოფ კაცებს.

Photo Credits Getty

სუზან ვოჩიკი Forbes-ის იმ სიის წევრი, რომელიც ყველაზე მდიდარ ამერიკელ Self-Made ქალებს აერთიანებს, 2015 წლიდანაა. გარდა ამისა, იგი 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სიის წევრიცაა.