რევოლუციის გამოწვევა შეუძლებელია გამორჩეული ხედვის მქონე ადამიანის გარეშე. დიზაინს არაერთი მიმდინარეობა აქვს, მათ შორის ერთ-ერთია გრაფიკული დიზაინი. ტექნოლოგიების ცვლილებების გამო აუცილებელი იყო ამ სფეროს განვითარებაც. სიუზენ კარეს წვლილი კი ამ ყოველივეს მიღწევაში ძალიან დიდია. ის ერთ-ერთ პიონერად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 1983 წლის შემდეგ დიზაინერმა ათასობით სიმბოლო შექმნა პროგრამული უზრუნველყოფისთვის.
სიუზენ კარე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გრაფიკული დიზაინერია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. კარე 1954 წელს დაიბადა ნიუ-იორკში. მან ჰარიტონის სკოლა დაამთავრა 1971 წელს, შემდეგ მოუნთ ჰოლიოკის კოლეჯში სწავლობდა, რომელიც 1975 წელს წარჩინებით დაამთავრა. მან კვლავ განაგრძო განათლების მიღება და 1978 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. მისი კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც მეგობარმა, ენდი ჰერტზფელდმა Apple-ში მუშაობა შესთავაზა.
1982 წელს სიუზენი Apple-ს მეოთხე თაობის პერსონალური კომპიუტერის, Macintosh-ის დიზაინის გუნდის ერთ-ერთი პირველი წევრი გახდა. მისი მოვალეობა ამ ეტაპზე ფონტებისა და სიმბოლოების შექმნა იყო. ის საქმეს იმდენად კარგად ასრულებდა, რომ დააწინაურეს და კრეატიული დირექტორის პოზიციაზე გადავიდა. ამ პერიოდში მან შექმნა საკულტო სიმბოლოები, მათ შორის The Lasso, The Grabber და The Paint Bucket. თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებში მათ კვლავ იყენებენ მცირე ცვლილებით.
კარეს Apple-ში მუშაობის დროინდელი ყველაზე ცნობილი პროექტი Chicago typeface-ია, რომელიც როგორც 4 თაობის iPod-ში გამოიყენეს, ასევე კლასიკურ Mac OS სისტემაში. მანვე ააწყო Monaco typeface და Geneva typeface. მიუხედავად ამ წარმატებისა, მან მაინც დატოვა სამსახური Apple-ში და NeXT-ის დიზაინერი გახდა. მას არ ჰქონდა კომპიუტერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება, მაგრამ სტივ ჯობსისთვის ის იდეალური კანდიდატი აღმოჩნდა. ამ პოზიციაზე ყოფნისას ის თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Microsoft და IBM. ამ დროს სიუზენმა შექმნა არაერთი სიმბოლო Windows 3.0-სთვის, ასევე მისი ზედამხედველობით შეიქმნა Windows-ის ცნობილი თამაში, Solitaire.
1988 წელს სიუზენმა საკუთარი ფირმა დაარსა, რომელსაც Susan Kare Design უწოდა. ეს კომპანია დღესაც ფუნქციონირებს. მათი კლიენტია Facebook, რომლისთვისაც სიუზენმა არაერთი ვირტუალური საჩუქრის დიზაინი შექმნა 2006 წლიდან 2020 წლის ჩათვლით. მათი პარტნიორობა დღესაც გრძელდება. ამ კომპანიის მართვასთან ერთად კარე ნამუშევრებს ავრცელებს kareprint.com საშუალებით და იკავებს კრეატიული დირექტორის პოზიციას კომპანია Pinterest-ში. ის ასევე დიზაინს ქმნის ამერიკული ფირმის Areaware-სთვის.
სიუზენის ნამუშევრების ხილვა მხოლოდ ვირტუალურად არ არის შესაძლებელი – ისინი აშშ-ს ნაციონალურ მუზეუმშია გამოფენილი. მათი ნახვა სხვა დაწესებულებებშიც არის შესაძლებელი, მათ შორის MoMA და SFMOMA. აღსანიშნავია, რომ არამხოლოდ ნამუშევრებს, არამედ მის ბლოკნოტებსაც კი ინახავენ. მას უთანამშრომლია 50-ზე მეტ კომპანიასთან, მათ შორის Intel, Motorola, Sony Pictures.
სიუზენის წარმატების საიდუმლო უბრალოება, დახვეწილი სილამაზე და გამჭვირვალობაა. მისი ნამუშევრები ბალანსით გამოირჩევა, მან შტრიხები ისე გამოიყენა, რომ არც მნიშვნელობა დაუკარგა სიმბოლოებს და არც გაუგებარი გახადა. The New Yorker-თან ინტერვიუს დროს მან აღნიშნა, რომ როდესაც Apple-ში დაიწყო მუშაობა, ის კვლავ ფურცელზე ქმნიდა ნამუშევრებს, რაც პოტენციალს ამცირებდა. „უბრალო სურათს შეუძლია, რომ ფართო აუდიტორიასთან დაამყაროს კავშირი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი სიმბოლოები რაც შეიძლება უბრალო ყოფილიყო, ამის გამო ისინი გასაგებიც იყო და ადვილად დასამახსოვრებელიც.“ – აცხადებს ის Milanote-სთან ინტერვიუში. კითხვაზე, თუ ვინ დაეხმარა მას კარიერულ წინსვლაში, მან განაცხადა, რომ სტივ ჯობსისგან ძალიან ბევრი რამ ისწავლა – ის დაეხმარა დეტალების მნიშვნელობა უკეთ გაეგო, სწორედ მისი წყალობით დაფიქრდა უბრალო სიმბოლოების უპირატესობაზე. სიუზენს ძალიან უყვარს, მეგობრულად და ადამიანურად აქციოს ყოველივე, რასაც შეეხება, ეს იყო The Happy Mac-ის შექმნის მთავარი იდეა. ის ამბობს, რომ მისთვის ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარი სწორედ The Happy Mac-ია.
„რაც უფრო ნაკლებია დეტალი, მით უფრო უნივერსალურია ესა თუ ის ნიმუში“ – აცხადებს სიუზენი. მისთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში მის ნამუშევრებს ნახულობს. 2019 წლის 17 ოქტომბერს, მე-20 National Design Award-ზე მან ჯილდო მოიპოვა კუპერ ჰევითს-სმიტსონიან დიზაინის მუზეუმისგან. ელენ ლუპტონი, ამ დაწესებულების წარმომადგენელი, აცხადებს, რომ სიუზენმა კომპიუტერი „აალაპარაკა“ და მისი სიმბოლოების წყალობით, ის ყველასთვის ადვილად ასათვისებელი ხელსაწყო გახადა, სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მათ, რომ ეს ჯილდო კარესთვის გადაეცათ.
მიუხედავად იმისა, რომ სიუზენს თავის დროზე არ ჰქონდა გამოცდილება ამ სფეროში და ბევრი არაფერი იცოდა კომპიუტერის შესახებ, მაინც დასთანხმდა სამსახურის შეთავაზებას – მალევე მოახერხა ერთ-ერთი საუკეთესო გამხდარიყო ამ სფეროში, გაუძლო იმ წნეხს, რომელიც Apple-ში მუშაობას თან ახლდა, არაერთხელ მოუწია შეეცვალა ნამუშევრები და საბოლოოდ ყველაფერი სწორად გააკეთა. მისი 30-წლიანი კარიერა დღესაც წარმატებით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ის არაერთ მსხვილ პროექტზე იმუშავებს მომავალში, რადგან მისი მინიმალისტური, უბრალო და უნიკალური სტილი დღესაც რელევანტურია.