სხვა სიურეალისტი ქალი მხატვრები

ფრიდა კალო ყველაზე ცნობილი და პოპულარული არტისტია, იმდენად პოპულარული, რომ თუკი გვთხოვენ გავიხსენოთ სხვა ქალი სიურეალისტი მხატვრები, ალბათ ძალიან გაგვიჭირდება პასუხის გაცემა. სტატიაში გაეცნობით ხუთ უზომოდ ნიჭიერ მულტიდისციპლინარულ არტისტს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სიურეალიზმის განვითარებასა და გამრავალფეროვნებაში.

გერტრუდა აბერკრომბი

გერტრუდა 1909 წელს ტეხასში დაიბადა. მისი მშობლები საოპერო კომპანიაში მუშაობდნენ და მოგზაურობდნენ გერტრუდასთან ერთად ამერიკისა და ევროპის გარშემო. პირველი მსოფლიო ომის გამო მათ ჩიკაგოში დაბრუნება მოუწიათ. გერტრუდამ ილინოისის უნივერსიტეტში უცხო ენების მიმართულებით დაიწყო სწავლა, მაგრამ პარალელურად ესწრებოდა ჩიკაგოს სახელოვნებო აკადემიის ლექციებს. აბერკომი თავის მეუღლესთან ერთად ჩიკაგოში ვიქტორიანულ სახლში ცხოვრობდა, სადაც თავის მეგობარ ჯაზის მუსიკოსებთან ერთად აწყობდა ხალხმრავალ და ექსტრავაგანტულ წვეულებებს. ხატვა შედარებით გვიან დაიწყო. როგორც თვითონ ამბობდა, ის შთაგონებული იყო რენე მაგრიტის ნამუშევრებით. მის ნახატებში ჭარბობს მთვარიანი ღამის მოტივები, ასევე ბუები და კატები.

გერტრუდა აბერკრომბი- „ხაფანგში“
გერტრუდა აბერკრომბი- „ხაფანგში“

„მე არ მიზიდავს რთული და ჩახლართული რამეები, არც ნაცნობი ადგილები, მე მიყვარს მარტივი უცნაურობების ხატვა, რადგან ჩემი შემოქმედება პირდაპირ ჩემი ცნობიერიდან მოდის და ის აუცილებლად მარტივი უნდა იყოს.“

რემედიოს ვარო

რემედიოსი შეძლებული ესპანური ოჯახიდან იყო, ხატვა მამამ ასწავლა და ხშირად მოზაურობდა კიდეც ოჯახთან ერთად ესპანეთსა და ჩრდილო აფრიკაში. მადრიდის უნივერისტეტის დასრულების შემდეგ ბარსელონაში გადაცხოვრდა, სადაც შეუერთდა სიურელისტების ჯგუფს და გაიცნო მისი მომავალი მეუღლე – პოეტი ბენჯამინ პერე.

რემედიოს ვარო- „ვეგეტარიანელი ვამპირები“
რემედიოს ვარო- „ვეგეტარიანელი ვამპირები“

1941 წელს ფრანკოს რეჟიმსა და გერმანიის მიერ ოკუპირებულ საფრანგეთს მექსიკაში გაექცნენ. მან სწორედ მექსიკაში განავითარა და დახვეწა თავისი სტილი. რემედიოსის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინეს ასევე ქალმა არტისტებმა, მხატვარმა ლეონორა კარინგტონმა და ფოტოგრაფმა კატი ჰორნამ. ვაროს ნამუშევრები ყველაზე გიჟურ სიზმრებს ჰგავს, სადაც ადამიანები სხვადახვა მისტიური და ალქიმიური საქმიანობით არიან დაკავებულები.

ჰელენ ლუნდებერგი

ჰელენი ჩიკაგოში დაიბადა, მაგრამ ოჯახი კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად როდესაც ის 4 წლის იყო. მამისი უძრავი ქონების აგენტი იყო და ხშირად უწევდა მოგზაურობა, ჰელენი სულ თან დაჰყავდა. როგორც თავად მხატვარი იხსენებს, მისი ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი მოგონება მანქანის ფანჯრიდან დანახული კალიფორნიის ხედები იყო, რაც შემდეგ რამდენიმე ნამუშევრის ინსპირაციაც გახდა.

ჰელენი დაინტერესებული იყო ბუნებით, სიცოცხლის ყველაზე მარტივი ფორმებიდან დაწყებული, გალაქტიკებით დამთავრებული იკვლევდა ყველაფერს. მისი, როგორც მეცნიერისა და მკვლევრის მიდგომები ძალიან ფრთხილი და მკაცრი იყო, სურდა ორი კონტრადიქტორული ცნება – ვნება და კონტროლი გაეერთიანებინა და ისე გადმოეცა თავის ნაშრომებსა თუ შემოქმედებაში.

ჰელენ ლუნდებერგი - „ინეზას პორტრეტი“
ჰელენ ლუნდებერგი – „ინეზას პორტრეტი“

ლუნდებერგს ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალ და მოაზროვნე მხატვრად მიიჩნევდნენ თავისი თანამედროვეები. მას და მის მეუღლეს ეკუთვნით პოსტ-სიურეალისტური მანიფესტი, რომელიც ევროპული სიურეალიზმის საპასუხოდ შეიქმნა. ჰელენს სჯეროდა, რომ არაცნობიერი უფრო დახვეწილი და რაციონალური ფორმებით შეიძლებოდა გადმოცემულიყო, ვიდრე ამას ევროპელი სიურეალისტები აკეთებდნენ.

მერეტ ოპენჰეიმი

მერეტი ევროპული სიურეალიზმის ცენტრალური ფიგურაა. ის იყო, როგორც მენ რაის ეროტიული ფოტო სერიიის მუზა, ასევე მხატვარი და ფოტოგრაფი. ოპენჰეიმი გაიდეალებული ჰყავდათ ანრი ბრეტონს, მარქს ერნსტს. ის ევროპელ სიურეალისტებს აღაფრთოვანებდა საკუთარი გამდებაობით გახსნილობითა და ნიჭიერებით. მერეტი ხატავდა სიზმრებს, ქმნიდა ერთი შეხედვით შეუძლებელ კომპოზიციებს. იკვლევდა ქალის იდენტობას, სხეულსა და მათ სექსუალობას.

მერეტ ოპენჰეიმი- “ბეწვით დაფარული ფინჯანი“
მერეტ ოპენჰეიმი- “ბეწვით დაფარული ფინჯანი“

 

მერეტის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია ბეწვით დაფარული ფინჯანი ლამბაქთან და კოვზთან ერთად. ამ ნამუშევრის იდეა 1936 წელს გაუჩნდა, როდესაც პაბლო პიკასოსთან და დორა მაართან ერთად საუზმობდა ერთ-ერთი პარიზულ კაფეში. მერეტს ბეწვით დაფარული სამაჯური ეკეთა და ხუმრობით თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი დავფაროთ ბეწვით. ის ამ გზით ცდილობდა ერთი შეხედვით საოჯახო და ყოფითი ნივთები გარდაექმნა ეროტიულ სიმბოლოებად და გამოესახა ყველაზე მოულოდნელ ფორმებში.

როსა როლანდა

როსა კალიფორნიაში დაიბადა, ბავშვობაში ტანვარჯიშის გაკვეთილებს ესწრებოდა, სადაც მისმა მასწავლებელმა შთააგონა რომ ცეკვას გაჰყოლოდა. საბოლოოდ როსა ბროდვეის ძალიან წარმატებული მოცეკვავე გახდა, რამდენიმე დასთან ერთად ევროპაშიც იმოგზაურა. 28 წლის როსა შეხვდა მექსიკელ მხატვარს მიგელ კოვარუბიასს, ორივე ერთსა და იმავე პროექტზე მუშაობდნენ. მიგელი როგორც მხატვარი და ილუსტრატორი, როსა როგორც მოცეკვავე. „Rancho Mexicano“ – ასე ერქვა შოუს, რომელმაც ძალიან დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა როსას.

როსა როლანდა- ავტოპორტრეტი
როსა როლანდა- ავტოპორტრეტი

მიუხედავად დიდი წარმატებისა როსამ ცეკვას თავი დაანება და მიგელის გავლენით, რომელიც შემდგომ მისი მეუღლე გახდა, ხატვა დაიწყო. ის მექსიკაში გადაცხოვრდა კოვარუბიასთან ერთად, სადაც შეხვდა იმ დროის ყველაზე ცნობილ და წარმატებულ არტისტებს. როსას სტილის ჩამოყალიბებაში მისმა მეგობრებმა ფრიდა კალომ და თინა მადოტიმ დიდი როლი ითამაშეს. განსაკუთრებით გამოარჩევენ როსას ფემინისტურ მოტივებზე შექმნილ ნამუშევრებს.