ეს ტექსტი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც კომიქსებს ილუსტრირებულ საბავშვო წიგნებად აღიქვამს. რეალურად, კომიქსები ძალიან ბევრ პრობლემასა და სოციალურ საკითხს აერთიანებს. დროის სვლასთან ერთად ქალი სუპერგმირების ამბები უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება.
„როცა გმირი საჭიროა, ის იბადება. შესაძლოა ეს ნააზრევი უბრალოა და ოცნებას ჰგავს, მაგრამ რეალურად, საზოგადოება და კულტურები ქმნიან მითიურ გმირებს, რომლებიც მათ სჭირდებათ: ჰერკულესი, მეფე არტური, ბეოვულფი და ასობით გამოგონილი გმირი წარმოაჩენენ მათივე ქვეყანას . ისინი აერთიანებენ მათ მიმდევრებს და ქმნიან სამყაროს გააზრების საერთო წესს. ეს გმირები ერთგვარი სიმბოლოები არიან მათი საზოგადოების ღირებულებების და გამოკვეთენ უნიკალურ კულტურულ მახასიათებლებს. გმირები არ იბრძვიან მხოლოდ კონკრეტული საზოგადოებისთვის, არამედ შთააგონებენ მათ რომ საკუთარი თავისთვისაც იბრძოლონ, აკავშირებენ ჯგუფებს, რომლებიც კრიზისული პერიოდის დროს ერთმანეთს ემიჯნებიან.“
ამ სიტყვებით იწყება ჯეფრი ჯონსონის წიგნი „„Super-History- comic book superheroes and American society”. დღეს კომიქსებზე და იმ სუპერგმირებზე ვისაუბრებ, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ჯერ ამერიკული საზოგადოების, შემდეგ კი დანარჩენი მსოფლიოს ხედვა. ჩემი და კომიქსების სიყვარული X-MEN-ებიდან დაიწყო და საყვარელი სუპერგმირიც Storm-ი იყო, მერე გავიგე, რომ მთლიანად მათი ამბავი, LGBT თემისა და დანარჩენი საზოგადოების ბრძოლის მეტაფორა იყო.
„მეგონა, რომ სისულელეს ვწერდით. მარტინი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მას მხოლოდ ბავშვები და ახალგაზრდები წაიკითხავდნენ. ამიტომ ის სიტყვებში მზღუდავდა და არც სურდა, რომ ეს ისტორია გამეგრძელებინა, რადგან მკითხველს არ ექნებოდა სურვილი მათი ისტორიები დაემახსოვრებინა. ამიტომ მჯეროდა რომ ნაგავს ვწერდი“ . ეს სიტყვები ეკუთვნის სტენ ლის, რომელიც იქსმენების ისტორიას ქმნიდა. მანამდე არსებული სუპერგმირების ძალა ძირითადად ან სამეცნიერო ექსპერიმენტის ან რაიმე კატასტროფის შედეგი იყო. X-men-ების შემთხვევაში კი ისინი „ნიჭით“ იყვნენ დაბადებულნი, სწორედ ამ თანდაყოლილი ნიჭის გამო მათ უწევდათ გაქცევა ყოველდღიურობისგან. ეს გაქცევისა და დამალვის თემატიკა „სხვებისგან“, როგორც დაროვსკი აღნიშნავს, სოციალური პრობლემის თვალსაჩინოება იყო. თუკი სხვა გმირებს ბრძოლა უწევდათ სამართლიანობისთვის და თავისუფლებისთვის, X-men-ები იმ სამყაროს დასაცავად იბრძოდნენ, რომელსაც ისინი სძულდა.
სუპერგმირები ყოველთვის აცოცხლებდნენ კომიქსებში სოციალურად თუ პოლიტიკურად აქტუალურ თემატიკას. შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა პირველი გრაფიკული ნოველების თემა სწორედ ომი იყო, გაჩნდნენ სუპერგოგოებიც. ქალები მანამდე კომიქსებში მეორეხარისხოვან როლს ირგებდნენ, რომანტიკული და სექსუალური მიმართულებით, მაგრამ ამის შემდეგ ტენდენცია შეიცვალა.
ერთ-ერთი ყველაზე ძველი სუპერგმირი ქალი Fantomah გახლავთ. ეგვიპტელი ქალი, რომელიც უკვდავი იყო და ბოროტებას ებრძოდა. თუმცა ის არც ისე პოპულარული აღმოჩნდა. 1940 წელს DC-მ შექმნა Wonder woman-ი, ამაზონის პრინცესა, რომელიც ქალღმერთის ძალებს ფლობდა. ჩარლს მარსტონი, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგი იყო და ჩართული იყო კომიქსის შექმნაში, ამბობდა, რომ მხოლოდ კაცი პერსონაჟები უკვე საინტერესო აღარ იყო, მათი სიძლიერეც და გამჭრიახობაც უკვე ნაცნობი გახდა მკითხველისთვის. ის წერდა :
„გოგოებს აღარ სურთ მოერგონ იმ ქალურობის არქეტიპს, რომელიც ჩვენში ცხოვრობს. მათ არ სურთ იყვნენ ნაზები, მორჩილები და მშვიდობის მოყვარულები. მათი ძლიერი თვისებები რატომღაც მიჩქმალულია. აუცილებლად უნდა არსებობდეს პერსონაჟი, რომელიც ქალებს მუდმივად შეახსენებს, რომ ისინი ერთდროულად ძლიერები და ლამაზები არიან.“
Wonder woman-ის კომიქსებში არის ერთი საინტერესო დეტალი. თუკი ამაზონში მცხოვრები ქალების სამაჯურები ერთმანეთს მიუახლოვდება ისინი ძალას დაკარგავენ. კომიქსის ავტორის მტკიცებით, ეს იმ „მონობის“ და ჩაგვრის მეტაფორაა, რომელიც მამაკაცების მხრიდან მოდიოდა 40-იან წლებში და რომელიც ასე ასუსტებდა ქალის ძლიერ შინაგან სამყაროს.
40-იანი წლების კომიქსებში საკმაოდ დამახინჯებული იყო ქალის როლი საზოგადოებაში. მაგალითად, თუკი რომელიმე სუპერგმირს ვინმეს მოტყუება სურდა ან დახმარებას ითხოვდა ის ქალად გარდაისახებოდა და თავს სუსტ არსებად წარმოაჩენდა.
60-იანი წლებიდან სიტუაცია იცვლება და ქალი სუპერგმირები ან ბოროტმოქმედები არიან ან მხარდამჭერი პერსონაჟები ხდებიან, რომლებიც ეხმარებიან მთავარ გმირებს. მაგალითად catwoman, Lois lane (superman-იდან) და ა.შ
70-იანი წლებიდან კი კომიქსებში ჩნდება ფემინისტური მოძრაობები. ორივე მხარე, სუპერგმირიც და ბოროტმოქმედიც ხშირად ქალია. ისინი ყოველდღიურად ამსხვრევენ სტეროტიპებს და არაფრით ჩამოუვარდებიან კაც პერსონაჟებს. ამ ეპოქის ყველაზე კარგი ცნობილი პერსონაჟი კაპიტანი MARVEL-ია, რომელიც MS. MARVEL-ის სახელითაც არის ცნობილი. ითვლება, რომ მარველის სამყაროში ის ყველაზე ძლიერი სუპერგმირია. მისი ერთ-ერთი კომიქსის სლოგანი ასე ჟღერდა “This Female Fights Back!”.
წერა STORM-ით დავიწყე და მისი ამბითვე დავამთავრებ. სტენ ლის რწმუნებით, ის ფერადკანიანი ქალების უფლებების გამოძახილია და მუდმივად მათი მეტაფორა იყო. X-MEN-ებში მუტანტის მეტაფორაც რაიმე თანდაყოლილი ან თავისთავადი ნიშნით დისკრიმინაციის მეტაფორაა, იმ ამბის გადმოსაცემად თუ როგორ ემიჯნება საზოგადოება უმცირესობებს.