ლიტერატურულ სამყაროში ამბის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ხმა, რომელიც კითხვის დროს ჩაგვესმის. ეს ხმა მთხრობელს ეკუთვნის, რომელიც ხან კლდის პირზე მდგარი ბავშვების გადარჩენაზე ოცნებობს, ხან ექსცენტრიულ მეგობარს ეხმარება საიდუმლოებით მოცული საქმეების გახსნაში, ზოგჯერ კი ომის საშინელებისგან თავის დასაღწევად დღიურს წერს. ისიც ხშირად ხდება, რომ ხმის პატრონის გაცნობა წიგნის ბოლო გვერდის ჩამთავრების შემდეგაც კი არ გვიწერია.
უამრავ საინტერესო პერსონაჟს შორის ლიტერატურაში ისეთი უჩვეულო ხმებიც არსებობს, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ გვსმენია ისტორიები, რომლებსაც ისინი წიგნის ფურცლებიდან გვიჩურჩულებენ. ისინი გვახსენებენ, რომ კარგი ამბავი შინაარსზე კი არა, მთხრობელზეა დამოკიდებული.
Forbes Woman წარმოგიდგენთ ექვს წიგნს, რომელთა უჩვეულო მთხრობელები თავს ნებისმიერ მკითხველს დაამახსოვრებენ.
მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“
შეიძლება იფიქროთ, რომ კიდევ ერთი ისტორია მეორე მსოფლიო ომისა და ნაცისტური გერმანიის რეჟიმის შესახებს ვერაფერს გეტყვით ისეთს, რაც აქამდე არ იცოდით და თქვენ მართალიც იქნებით…ნაწილობრივ. „წიგნის ქურდი“ პატარა გოგონას ისტორიაა, რომელიც ომის ქარცეცხლში გახვეულ წიგნებს იპარავს. მრავალჯერ გაგონილსა და თითქმის გახუნებულ ამბებს ახალ სულს ადამიანების სულების წაყვანით დაკავებული სიკვდილი ჩუქნის. მთხრობელი სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროს განსაკუთრებით გადატვირთული სიკვდილია, რომელიც საქმის კეთების პარალელურად ადამიანებსაც აკვირდება. ერთხელაც სიკვდილს თვალში წიგნის ქურდი, ლიზელ მემინგერი ხვდება და მისით ისე ინტერესდება, რომ, მიუხედავად უამრავი საქმისა, მკითხველს ლიზელის ისტორიას მოუთხრობს.
მეორე მსოფლიო ომზე უამრავი ადამიანის აზრი გსმენიათ, მაგრამ ის თუ იცით, რას ფიქრობს სიკვდილი ადამიანებზე, რომლებიც ისედაც დაკავებულ სიკვდილს საქმეს არ ულევენ?
დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“
თუ ჩემი შერის სტილი წემთხვევით გაპარული შეცდომა არ გონიათ მაწინ მომდევნო მთხრობელსა და შიგნს შარდგენა არ ჭირდება.
ჩარლი გორდონი პერსონაჟთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა ფიქციურობის დაჯერება ყოველი ფურცლის ჩაკითხვის შემდეგ უფრო და უფრო რთული ხდება. ჩარლი სამედიცინო ექსპერიმენტში იღებს მონაწილეობას, რომლის მიზანიც მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გაზრდაა. ჩარლი თავის ისტორიას დღიურით გვიყვება. სიტყვები ჩარლის გონებრივ შესაძლებლობებთან ერთად იცვლება და მკითხველს თანდათან ავიწყდება, რომ ხელში ნამდვილი ადამიანის დღიური კი არა, წიგნი უჭირავს.
ჩარლის სიტყვები გულგრილს ვერავის დატოვებს, ამიტომ წიგნის მაღაზიიდან გამოსულებს გირჩევთ სახლისკენ ყვავილებიც გაიყოლოთ; ვეჭვობთ, წიგნის დასრულებისთანავე მათი უკანა ეზოში დაწყობის სურვილს ვერ გაუმკლავდებით.
ემა დონაჰიუს „ოთახი“
„დღეს ხუთი წლის ვარ. წუხელ, კარადაში, დაძინებისას ოთხის ვიყავი, მაგრამ როცა სიბნელეში საწოლში ვიღვიძებ, ოთხი ხუთით იცვლება.“
რა შეიძლება ჰქონდეს მოსაყოლი 5 წლის ბიჭს? ის ხომ სამყაროს თითქმის არ იცნობს?! სინამდვილეში, 5 წლის ჯეკმა სამყაროს თითოეული კუთხე-კუნჭული ზეპირად იცის, რადგან ბავშვის სამყარო ერთი ოთახია. ჯეკი ოთახის გარეთ არასდროს ყოფილა. მას არასდროს უნახავს ბალახი, ტბა, ძაღლი, თანატოლსაც კი არასდროს შეხვედრია. არასდროს ჩაუსუნთქავს თავისუფალი ჰაერი, დედისგან განსხვავებით.
ერთ დღეს ბებერმა ნიკმა ახალგაზრდა გოგო მოიტაცა და ოთახში გამოამწყვდია. ეს გოგო ჯეკის „დე“ იყო. ეს ამბავი შეიძლება მოძალადესაც მოეთხრო და თავისუფლებაწართმეულ დედასაც, მაგრამ ავტორმა მთხრობელად 5 წლის ჯეკი აირჩია, რომლის ბავშვურ ფანტაზიებსა და ნამდვილი სამყაროსადმი დაუცხრომელ ინტერესს ოთახის კედლები ვეღარ იტევს.
ელის სიბოლდის „საყვარელი ძვლები“
„მე გვარად სელმონი ვარ, რაც „ორაგულს“ ნიშნავს, სახელად კი სიუზი მქვია. თოთხმეტი წლის ვიყავი, როდესაც მომკლეს – ეს კი 1973 წლის 6 დეკემბერს მოხდა.“ – ასე იწყება ელის სიბოლდის „საყვარელი ძვლები“.
თინეიჯერის მკვლელობა, მკვლელის ძიება, ოჯახის სევდა, გაურკვევლობა და ათასი ვარაუდი იმის შესახებ, თუ რა მოუვიდა 14 წლის გოგონას – „საყვარელი ძვლები“ ერთი ჩვეულებრივი წიგნი იქნებოდა, მთხრობელი თავად გარდაცვლილი გოგონა რომ არ ყოფილიყო. წიგნის სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, სიუზი ოჯახს, მეგობრებსა და საკუთარ მკვლელს ზეციდან აკვირდება და მკითხველს მთლიან ამბავს უყვება. რას ფიქრობენ, რას გრძნობენ გოგონები, რომელთაც სიცოცხლე მოძალადეებმა წაართვეს? რას გრძნობს ოჯახი, რომელსაც სანუგეშებლად გარდაცვლილის საყვარელი ძვლებიც კი არ აქვს?
მარკ ჰედონის „რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები“
კრისტოფერმა ზეპირად იცის მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსა და მათი დედაქალაქების სახელები, აგრეთვე, ყველა მარტივი რიცხვი 7057-მდე. კრისტოფერს ძალიან უნდა ჩააბაროს მათემატიკის გამოცდა და მომავალში ასტრონავტი გახდეს. კრისტოფერს არ უყვარს როცა ეხებიან, ვერ იტანს ყვითელ და ყავისფერ ფერებს. კრისტოფერს ძალიან აინტერესებს, რა შეემთხვა ღამით ძაღლს.
წიგნში „რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები“ მთხრობელი ასპერგერის სინდრომის მქონე 15 წლის კრისტოფერია, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობ და ხშირად უინტერესო სამყაროს განსხვავებულად და ძალიან საინტერესოდ აღიქვამს. როგორც ყველა ადამიანს, კრისტოფერს უამრავი რამის ეშინია, მაგრამ, ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით, ბიჭი ძალიან მამაცია და მზადაა სირთულეებთან გასამკლავებლად ყველა გზა მოსინჯოს.
აღსანიშნავია, რომ წიგნის ავტორი, მარკ ჰედონი, რამდენიმე წლის განმავლობაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობდა, რამაც კრისტოფერის პერსონაჟის დამაჯერებლობა განაპირობა.
ორჰან ფამუქის „მე წითელი მქვია“
უჩვეულო მთხრობელებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლიდით ორჰან ფამუქის წიგნს „მე წითელი მქვია“.
ისტორიული ფაქტები, სიყვარული, ფილოსოფიური თავსატეხები – XVl საუკუნის სტამბოლის კულტურული ცხოვრების საინტერესო დეტალებს განსხვავებული მთხრობელები გვაცნობენ. მართლაც, წიგნი სხვადასხვა მთხრობელის მიერ პირველ პირში მოყოლილი ამბების ერთობლიობაა. აქ ამბებს რეალური თუ დახატული ადამიანები, ცხოველები თუ საგნები მოგვითხრობენ. მთხრობელთა ჩამონათვალი გრძელია: გარდაცვლილი ადამიანის გვამი, ძაღლი, მონეტა, თავად წითელი ფერიც კი – თითოეული მათგანის ხმა განსხვავებული ფერია, რომელთა ერთობლიობაც XVl საუკუნის სტამბოლის დიდ ტილოს ქმნის, რომლის შთაბეჭდილების ქვეშაც წიგნის დახურვის შემდეგ კიდევ დიდხანს დარჩებით.