სამოქალაქო უფლებების დამცველები აშშ-ში მსხვილ გლობალურ კორპორაციებს Facebook-ზე რეკლამირების შეჩერებისკენ მოუწოდებენ. უფლებადამცველები თვლიან, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი სოციალური ქსელი საკმარისად არ მოქმედებს სიძულვილის წინააღმდეგ.
უფლებადამცველთა ექვსმა ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანია „შეჩერდეს სიძულვილი სარგებლისთვის“ (#StopHateforProfit). წინა წელს Facebook-მა $70 მილიარდი გამოიმუშავა რეკლამებით, რის საფუძველზეც გაზეთ The Los Angeles Times-ის გვერდებზე ორგანიზატორები წერენ: „რას გააკეთებდით $70 მილიარდით? ჩვენ ვიცით რა გააკეთა Facebook-მა“.
„კამპანია არის პასუხი მრავალი წლის განმავლობაში Facebook-ის მიერ ნებადართულ რასიზმსა და ძალადობაზე და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაზე“, – აცხადებს ფერადკანიანთა წინსვლის ეროვნული ასოციაცია (NAACP), ანტი ცილისწამების ლიგა (ADL) და სხვა ორგანიზაციები.
მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ნიკ კლეგმა, Facebook-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა. ის ამბობს, რომ კომპანია ეწინააღმდეგება სიძულვილს და ბოლო თვეების განმავლობაში სიძულვილის შემცველი 10 მილიონი პოსტი წაიშალა.
ბოიკოტი Facebook-ის წინააღმდეგ მანამდე გაგრძელდება, სანამ სოციალური ქსელი საჭირო ზომებს არ მიიღებს მის პლატფორმაზე სიძულვილის შესაჩერებლად.