სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დეპრესიის მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს

Photo Credits to Stanford Medicine News Center

თავის ტვინის მაგნიტური სტიმულაციის ახალი ფორმის გამოყენებით სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დეპრესიასთან ბრძოლის ახალი მეთოდი Stanford Accelerated Intelligent Neuromodulation Therapy (SAINT) შეიმუშავეს. კვლევის თანახმად, აღნიშნული მეთოდის გამოყენების შემდეგ კვლევის მონაწილეთა 90%-ს დეპრესიის ნიშნები სრულიად გაუქრა.

ტმს (ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია) მიმართულია ნერვული სტრუქტურის ფუნქციური მდგომარეობის შესაცვლელად, თავის ტვინის არტერიული და ვენური სისტემის მიმოქცევის პათოლოგიებისა  და ამით გამოწვეული ნევროლოგიური დარღვევების, ვეგეტონევროზის, დეპრესიის სხვადასხვა ფორმების დროს.

სტენფორდის მკვლევრების მიერ შემუშავებული მეთოდი ტმს-ის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ, დეპრესიის მკურნალობის ერთ-ერთ საშუალებადაა დამტკიცებული.

ვინაიდან ნეიროფსიქოლოგიური ეფექტი მაგნიტური პულსების გაზრდასა და მკურნალობის ტემპის დაჩქარებას გულისხმობს, გაუმჯობესდა უსაფრთხოების პროტოკოლიც.

თერაპიის ჩატარებამდე, 21 პაციენტს სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ტესტის მეშვეობით ღრმა დეპრესია დაუდგინდა, ასევე, თითოეულ მათგანს ჰქონდა სუიციდური ფიქრები, რომელსაც უშედეგო მედიკამენტური მკურნალობით ებრძოდნენ. ჩატარებული თერაპიის შემდეგ 19 მათგანი გამოჯანმრთელდა, ხოლო სუიციდური ფიქრები არცერთ პაციენტს აღარ აღენიშნება.

როგორც მკვლევრები აცხადებენ, გვერდითი მოვლენა, რომელიც პაციენტებს აწუხებდათ, იყო მხოლოდ დაღლილობა და დისკომფორტი მკურნალობის პერიოდში.

ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს ,რომ მთელი ზრდასრულობის ასაკში სტანჯავდა დეპრესია და უიმედობის განცდა, ასევე, ჰქონდა სუიციდური ფიქრები. მკურნალობის წყალობით, მისი მდგომარეობა სესიიდან-სესიამდე საგრძნობლად უმჯობესდებოდა და ახლა იგი სრულიად ჯანმრთელია.

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები გეგმავენ SAINT0ის ეფექტურობა გამოსცადონ ნარკომანიაზე, ობსესიურ-კომპულსიური და აუტიზმის სპექტრის აშლილობებზეც.