გლობალური კომპანია უნივერსუმი დამსაქმებლის ბრენდინგში მიმდინარე ძირითად ტენდენციებს აქვეყნებს მათ მიერ ჩატარებულ უახლეს გლობალურ კვლევაზე დაყრდნობით.
ტენდენცია #1: მიუხედავად უპრეცედენტოდ გაზრდილი უმუშევრობისა, სასურველი კანდიდატის მოძიება და შერჩევა გართულდა:
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ დამსაქმებლის მადა იზრდება, თუმცა კანდიდატები ნაკლებად რისკავენ დღეს და არ სურთ სამსახურის ცვლილება.
ამავდროულად, პრე-პანდემიურ პერიოდს თუ შევადარებთ, ვაკანსიაზე გაცილებით დიდი რაოდენობის მაღალკვალიფიციური კანდიდატის მოზღვავება შეინიშნება – ეს ქართველი დამსაქმებლებისთვისაც , დარწმუნებული ვარ, თვალსაჩინოა. მეორე სირთულე სწორედ შერჩევის პროცესია – არაერთი ორგანიზაცია დღეს ცვლის შერჩევის პოლიტიკას და აქცენტს აკეთებს არა იმაზე, თუ რა იცის კანდიდატმა, არამედ რისი სწავლის უნარი აქვს. ე.წ. learning agility – ქართულად რომ ვთარგმნოთ, რამდენად არის კანდიდატი მომართული, მუდმივად აითვისოს ახალი უნარები და შეიძინოს ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით, რომ მრავალფეროვანი მიდგომებით იმუშაოს. სიახლის მიმღებლობა – ალბათ ყველაზე ადეკვატური შესატყვისია – კანდიდატების შერჩევაში წამყვანი ფაქტორია დღეს. რიგით მეორე ფაქტორი – მრავალფეროვნების მიმღებლობაა (openness to diversity). ეს ორი მამოძრავებელი, როგორც ხედავთ, არ ეხება მხოლოდ შეხედულებებს ან ღირებულებათა სისტემას, არამედ ადაპტირების და სხვადასხვა გარემოში მუშაობის უნარს. დღევანდელ სიტუაციაში არცაა გასაკვირი, რომ კომპანიების მთავარი საზრუნავია არ შეფერხდეს შემოქმედებითი პროცესი და ცხადია, ზემოთ აღნიშნული ადამიანური ფაქტორები ინოვაციების განვითარებისთვის ახლა სასიცოცხლოა.
და ბოლოს, სტარტაპები, როგორც ტალანტების მიზიდულობის ცენტრი, კარგავენ პოზიციებს. ეს ბუნებრივიცაა, ნაკლებრისკიანი გარემო ახლა მნიშვნელოვანია. Uber-ის მიერ თანამშრომელთა 25%-იანი შემცირებისა და Airbnb-ის საპროგნოზო წლიური მოგების განახევრების ფონზე, სტარტაპების მიმართ დამოკიდებულება ამ ეტაპზე სხვაგვარია. მსხვილი კომპანიები ტალანტების “გადმობირებას” წარმატებით ახერხებს ახლა – მათი 70% სტარტაპებს იყენებს პირველად სამიზნედ. თუკი 2018-2019 წლებში სტარტაპები მსხვილი კომპანიების მთავარი კონკურენტი იყო (38% ასე ფიქრობდა) , ახლა ეს მაჩვენებელი 17%-მდეა შემცირებული.
უნივერსუმის კვლევაში ყოველწლიურად 1.2 მილიონი სტუდენტი და ახალგაზრდა პროფესიონალი და მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლად აღიარებული 90 კომპანია (World Most Attractive Employer) იღებს მონაწილეობას. ტენდენციები წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და ასახავს დასაქმების ბაზარზე მიმდინარე მთავარ მოვლენებს. მალე კვლევაში საქართველოს მონაცემებსაც ვიხილავთ და ქართულ კომპანიებს ექნებათ საშუალება, თავიანთი სტრატეგია შეადარონ როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ კომპანიებს (Fortune 500 და სხვა დიდ ორგანიზაციები) და გამართულ და საყოველთაოდ აპრობირებულ კვლევაზე და მეთოდიკაზე დაყრდნობით მიიღონ მათი საქმიანობისთვის საჭირო გადაწყვეტილებები როგორც თანამშრომლების მოზიდვის, ისე მათი შენარჩუნებისთვის.
უნივერსუმის საუკეთესო დამსაქმებლის რეიტინგები ოქროს სტანდარტია დასაქმების ბაზარზე და აღიარების გარდა, ის საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს მთელს მსოფლიოში, კვლევაზე და მონაცემებზე დაყრდნობით მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და გაზომონ თავიანთი საქმიანობის ეფექტურობა.
კვლევა 2020 წლის 26 თებერვლიდან 14 აპრილამდე ჩატარდა და მასში 1,130-მა მაღალი რგოლის მენეჯერმა მიიღო მონაწილეობა – მათ შორის, მარკეტინგის, HR-ის, ტალანტების აკვიზიციისა და რეკრუტმენტის მიმართულების ხელმძღვანელები იყვნენ. კვლევა მოიცავს 36 ინდუსტრიას და 49 ქვეყანას ევროპაში, აზიასა და ამერიკაში.