ბავშვობის სამი მეგობარი, განსხვავებული უნარები და საერთო მიზნები, – ეს „სპილოუა“ –ცელქი და მოუსვენარი ბავშვების ბრენდი. სოფოს, ტასოსა და მარინკას ორ-ორი შვილი ჰყავთ, თავდაპირველად მათი მოტივაციაც შვილებისთვის მოსახერხებელი და ფერადი სამოსის შექმნა იყო. მოულოდნელად კი „სპილოუ“ საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ბელგიისა და ევროპის სხვა ქვეყნების მაღაზიათა ვიტრინებში გამოჩნდა.
ძალას და ენერგიას ერთმანეთისგან იღებენ, სიახლეებს არასდროს უშინდებიან და აღმართულ დაბრკოლებებს საუკეთესო შესაძლებლობებად გარდაქმნიან. Spilow, Dolce & Gabanna, Lanvin, Emillio Pucci, Lauren Ruth – ეს ის ხუთეულია, რომელშიც ბრიტანულმა გამოცემამ THE SUN ქართული ბრენდი საუკეთესო დიზაინერული პირბადის შემქმნელთა შორის დაასახელა.
სოფო: სამივე დამფუძნებელი ბავშვობის მეგობრები ვართ და ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ხშირად გვესმოდა, მეგობრებთან საქმის წამოწყება არ ღირს, თუმცა პირიქით აღმოჩნდა – ერთმანეთის შესაძლებლობებისა და ხასიათის კარგად ცნობა საქმის კეთებაში მხოლოდ ხელს გვიწყობს.
პროფესიით კინომცოდნე სოფო ჩხაიძე კომპანიის დირექტორია, ადამიანებთან ურთიერთობა მისი ძლიერი მხარეა, შესაბამისად, ადგილობრივი გაყიდვები, გუნდისა და ოპერაციების მართვა ევალება.
ეკონომიკისა და სამართლის სპეციალისტი, ტასო ჯაფარიძე კომპანიის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს, პროფესიით ჟურნალისტი მარინკა ღარიბაშვილი კი, ვინაიდან საქართველოში არ ცხოვრობს, სოციალურ მედიის მართვით, საერთაშორისო გამოფენებითა და საერთაშორისო გაყიდვებით არის დაკავებული.
სტარტაპ-იდეა
რა გახდა ბრენდის შექმნის საწყისი მოტივაცია
სოფო: „სპილოუს“ ინსპირაცია ჩვენი მოუსვენარი და ცელქი შვილები არიან. სამივეს ორ-ორი შვილი გვყავს. მოგეხსენებათ, ბავშვები სწრაფად იზრდებიან, შესაბამისად, მათთვის ტანსაცმლის შეძენა ხშირად გვიწევდა. დავფიქრდით, თუ რა არის მნიშვნელოვანი ტანსაცმლის არჩევისას მშობლებისთვის, რომლებიც აღზრდის თანამედროვე ტენდენციებს ადევნებენ თვალს და, რაც მთავარია, რა სჭირდებათ თანამედროვე ბავშვებს.
ტასო: ჩვენი აზრით, იმისათვის, რათა ადამიანი თავდაჯერებული და ბედნიერი გაიზარდოს, მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს მხიარული და თავისუფალი ბავშვობა, თამაში ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვქმნით ისეთ ტანსაცმელს, რომელიც კომფორტულია და ამასთან ერთად – მხიარული და ფერადი.
მარინკა: თამაში და აქტიური ცხოვრება ბავშვების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ არ გვინდა, შევზღუდოთ მათი ცელქობა, პირიქით, „სპილოუს“ ტანსაცმელი ცელქი ბავშვებისთვისაა.
კონცეფცია
რით არის Spilow განსაკუთრებული
სოფო: ჩვენი ტანსაცმელი ხელს უწყობს როლურ თამაშებს, რათა ბავშვებმა გამოიყენონ მათი შემოქმედებითობა, განუვითარდეთ წარმოსახვის უნარი და მოხერხებულობა. გვჯერა, რომ თამაშის დროს ბავშვები ბევრს სწავლობენ და მომავალი გამოწვევებისთვის ემზადებიან.
ჩვენი ყველაზე პოპულარული პროდუქტია დინოზავრი ჟაკეტი, რომელიც „სპილოუს“ სავიზიტო ბარათიც გახდა, ის თან ტანსაცმელია და თან გარდასახვის საშუალებაც.
გვაქვს „მოსნტრი ჟაკეტები“, „ბალერინა ჟაკეტები“, „დრაკონი კაბები“, „ვითომ კაბები“ და ასე შემდეგ…
„სპილოუ“ ქმნის ტანსაცმელს, თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანებისათვის, რომელთაც უყვართ თავგადასავლები. ბავშვების ცნობისმოყვარეობაა, რაც ჩვენ შთაგვაგონებს, შევქმნათ ტანსაცმელი, რომელიც ერთნაირად მოსწონთ პატარებს და უფროსებს.
გამოწვევები, ძლიერი და სუსტი მხარეები
„სპილოუ“ უკვე მე-5 წელია, რაც ადგილობრივ ბაზარზეა. ბრენდის ცნობადობა საქართველოში საკმაოდ მაღალია, მათი სამოსი და აქსესეუარები ბავშვებსაც და მშობლებსაც თანაბრად უყვართ.
მარინკა: 2019 წლიდან „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებით მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო ონლაინ გამოფენებში, Playtime Paris – პარიზში და Pitti Bimbo – ფლორენციაში. სწორედ გამოფენებიდან შემოსული შეკვეთების მეშვეობით მოხვდა „სპილოუ“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღაზიებში – საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში, ბელგიაში, საბერძნეთსა და ლიბანში.
2020 წლის აპრილში, პანდემიის დაწყებიდან ძალიან მალე, მაღაზიის დახურვა მოგვიწია, გაგვიმართლა, რომ უკვე გვქონდა ჩვენი ვებ-გვერდი. მომხმარებელთა ქცევაც მკვეთრად შეიცვალა და გაყიდვების მთავარი წყარო სწორედ ვებ-გვერდი გახდა.
ტასო: იმისათვის, რათა პანდემიის დროს მუშაობა არ შეგვეწყვიტა, გადავწყვიტეთ, პირბადეების წარმოებაც დაგვეწყო, თავდაპირველად, მათ ჩვენივე პროდუქციის ნარჩენებისგან ვკერავდით და საქართველოში პოპულარობა მალევე მოვიპოვეთ.
2020 წლის გაზაფხულზე პირბადის შოვნა არც ისე ადვილი იყო. მარინკა ამ დროს ლონდონში ცხოვრობდა და თავისთვისაც კი ვერ ყიდულობდა პირბადეს. მაშინ მივხვდით, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მთელ მსოფლიოში იდგა და გადავწყვიტეთ, „სპილოუს“ პირბადეები „ამაზონის“ საშუალებით ექსპორტზე გაგვეტანა.
სწორედ მაშინ გამოჩნდა პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“, რომელსაც, შვედეთის საელჩოს დაფინანსებით, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ავიღეთ გრანტი და დავიქირავეთ კომპანია დიდ ბრიტანეთში, რომელმაც „სპილოუს“ პირბადეები ბრიტანულ „ამაზონზე“ განათავსა. უკვე მეშვიდე თვეა, „ამაზონზე“ ჩვენი პროდუქცია იყიდება და მომხმარებლებისგან 200-ზე მეტი კარგი შეფასება დავიმსახურეთ.
მარინკა: ერთი მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო ამბავიც გადაგვხდა თავს. ბრიტანულმა გამოცემამ THE SUN, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი ყოველდღიური გაზეთია, „სპილოუს“ პირბადე 5 საუკეთესო დიზაინერულ პირბადეს შორის დაასახელა – Spilow, Dolce Gabanna, Lanvin, Emillio Pucci, Lauren Ruth – ჩამონათვალი ასე გამოიყურებოდა.
პარტნიორები, მიზნები და იდეები
ტასო: საერთაშორისო ბაზარზე მიღწეულმა წარმატებებმა კიდევ უფრო დიდი სტიმული მოგვცა. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პლატფორმებზე და, პირველ რიგში, ამაზონზე გავიტანოთ ჩვენი საბავშვო ტანსაცმელი და ამისთვის მუშაობა უკვე დავიწყეთ.
გვინდა, „სპილოუ“ ისეთივე პოპულარული და ბავშვების საყვარელი ბრენდი გახდეს მთელ მსოფლიოში, როგორიც საქართველოშია.
სოფო: რამდენიმე დღის წინ ჩვენმა მეგობარმა გვითხრა, თქვენ გამო ჩემს შვილს “სპილო” ინგლისურად “Spilow” ჰგონია და ვერაფრით გადავარწმუნეო. გვინდა, რომ უცხოელ ბავშვებსაც ასე ეგონოთ. გვინდა, რომ სიტყვა „სპილოუ“ მთელ მსოფლიოში ბავშვობასთან და სიცელქესთან ასოცირდებოდეს.
მარინკა: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს სათამაშოების კომპანია „ჩიკატაისთან“ ერთად ვახორციელებთ. „სპილოუს“ ტანსაცმლის ნარჩენი ქსოვილებისგან „ჩიკატაი“ ლამაზ სათამაშოებს ქმნის.
ორივე კომპანია გაეროს მდგრადობის საერთაშორისო ინიციატივის, GLOBAL Compact-ის წევრები ვართ.
დაბრკოლებები და პრობლემები
ტასო: ამ ოთხი წლის მანძილზე ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა, იყო ადამიანური ფაქტორებიც და ფინანსურიც. გამოცდილების არქონის გამო, დიდი დრო დაგვჭირდა, რათა საკუთარ შეცდომებზე გვესწავლა. ამ სფეროში პირველი ბრენდი ვიყავით საქართველოში. გვიწევდა ჩვენით გაგვეკვლია გზა. ჩვენით მოვიძიეთ საერთაშორისო გამოფენები და დაფინასებისთვის მივმართეთ „აწარმოე საქართველოს“, რომელიც მაშინ ჯერ ამ სფეროს არ აფინანსებდა.
საკმაოდ დიდ პრობლემას გვიქმნის ნედლეული, რომელთა საქართველოს ბაზარზე მოპოვებაც შეუძლებელია, გვიწევს იმპორტი სხვადასხვა ქვეყნებიდან.
მარინკა: ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რათა შეგვექმნა ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც თავისი შეფუთვითა და ბრენდირებული მასალებით მაღალი ხარისხისა და სტანდარტის იქნებოდა. ამის გაკეთება საქართველოში არც ისე ადვილია, ბევრი რამის თურქეთიდან ჩამოტანა გვიწევს, რაზეც გული გვწყდება.
სოფო: პანდემიამაც შეგვიქმნა გარკვეული დაბრკოლებები. ჩინეთის ნომერ პირველ საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელს ჩვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა, თუმცა, არსებული ვითარების გამო, ახლა ეს პროექტი შეჩერებულია.
რისკები, მარცხის საფრთხე და წარმატების გარანტიები
მარინკა: რა თქმა უნდა, ბიზნესის არსებობის დროს ყოველთვის არსებობს რისკები, თუმცა წლევანდელმა წელმა კარგად დაგვანახა, რომ ამ რისკებს ყოველთვის წინასწარ ვერ გათვლი. ის, რომ ასეთ რთულ პერიოდში გადავრჩით და შევძელით ადაპტაცია, გვაძლევს თავდაჯერებას, რომ ყოველთვის გამოჩნდება გეგმა “B”…
ჩემი აზრით, წარმატების ძირითადი გარანტიაა, გჯეროდეს და მოგწონდეს ის, რასაც აკეთებ და მარცხის განცდის შიშით არ დანებდე.
დაგროვილი გამოცდილება, მენტორები და რჩევები
ტასო: ძალიან გვიხარია, რომ „სპილოუსთვის“ ყველაზე რთულ პერიოდებში ყოველთვის ჩნდებოდნენ ადამიანები, რომელთა რჩევა, კონსულტაცია და მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს გვაძლევდა.
უჩა ურუშაძე, რომელიც დაგვეხმარა ბრენდის სტრატეგიის შემუშავებაში.
ლევან ლეფსვერიძე, რომელმაც მოგვცა რჩევები საკომუნიკაციო მიმართულებით.
მაია ჯაფარიძე, რომელსაც 16-წლიანი გამოცდილება აქვს საცალო ვაჭრობასა და მოდის სფეროში, საერთაშორისო გამოფენებზე და ბაზარზე გასვლის წინ ძალიან საჭირო ტრეინინგი ჩაგვიტარა.
ასევე, დიდი მადლობა ირინა ქიტიაშვილს, ლევან გიორგაძეს, მარიამ ქოიავასა და თორნიკე ჩხაიძეს, ნიკა ქურდიანს, რომელმაც არ მოგვცა საშუალება ყურები ჩამოგვეყარა.
მარინკა: აუცილებლად უნდა ვახსენოთ GIZ-ის კლასტერი GAFA – ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია, რომელშიც გაერთიანებულები ვართ ამ სფეროს წარმომადგენლები და შესაძლებლობა გვეძლევა, ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და დაბრკოლებების გადალახვაში დავეხმაროთ.
დამწყები სტარტაპერებისთვის კონკრეტული რჩევების მიცემა სარისკოდ მიაჩნიათ, თუმცა დაუღალავი შრომისმოყვარეობისა და საქმისადმი ერთგულების ნამდვილად სწამთ.
სოფო: ყველა სფერო და პროდუქტი ინდივიდუალურია, ამიტომ რთულია, ზოგადი რჩევის მიცემა. მინიმალური დანახარჯებით შექმნან პირველადი პროდუქტი და შემდეგ მოარგონ ბაზრის მოთხოვნებს. კონცენტრირდნენ იმ ღირებულებაზე, რასაც ქმნიან და არ შეწირონ ყოველდღიურ რუტინულ სამუშაოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.