1990-იანი წლების ყველაზე პოპულარული პოპ-ჯგუფი, „Spice Girls“ ერთიანდება და პრაიდის თვის ფარგლებში LGBTQ+ თემის მხარდასაჭერად კამპანიას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯგუფის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდიდან ვიგებთ.
ჯგუფის წევრებმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე „Spice Girls“-ის ერთ-ერთი წევრის და დღეს უკვე კარგად ცნობილი დიზაინერის, ვიქტორია ბექჰემის 2021 წლის „Pride“ კოლექციიდან მოირგეს მაისურები,, რომლებზეც LGBTQ+ საზოგადოების მხარდასაჭერად წარწერა „Proud and wannabe your lover“ არის დატანილი. მხარდაჭერის გამოცხადების გარდა, ამ ფორმით ისინი საზოგადოებას 1996 წელს გამოცემულ საკუთარ სადებიუტო სინგლს „Wannabe“ ახსენებენ, რომელსაც 8 ივლისს გამოსვლიდან 25 წელი უსრულდება.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორია ბექჰემის აღნიშნული მაისურების კოლექციის გაყიდვიდან მიღებული თანხა გაერთიანებული სამეფოს იმ საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება, რომელიც LGBTQ+ საზოგადოებაში უსახლკარობის პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ პოპ-ჯგუფი, „Spice Girls“ 1994 წელს ჩამოყალიბდა. ძალიან მალე, დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, ის 1990-იანი წლების ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ მუსიკალურ ჯგუფად ითვლებოდა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი სწორედ მათ სადებიუტო სინგლს „Wannabe“-ს მიუძღვის.