ესპანეთი საბაზისო შემოსავლის დანერგვას გეგმავს. ჯერჯერობით დაზუსტებული არაა რეფორმა საყოველთაო იქნება, თუ მხოლოდ კონკრეტულ მოწყვლად ჯგუფებს შეეხება. UBI-ს რეფორმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ესპანეთი გახდება ევროპაში პირველი სახელმწიფო, რომელიც საყოველთაო საბაზისო შემოსავალს დანერგავს. Universal Basic Income (UBI) სოციალური პროგრამაა, რომლის დროსაც სახელმწიფო თავის თითოეულ მოქალაქეზე გარკვეულ თანხას რეგულარულად, ყოველგვარი პირობის გარეშე გასცემს.
ამ გადაწყვეტილების პირველადი მიზანი კორონავირუსის კრიზისის დროს მოსახლეობის დახმარებაა, თუმცა როგორც ცნობილია, ესპანეთი ამ რეფორმის შენარჩუნებას მომავალშიც გეგმავს.
ესპანეთის სოციალური უსაფრთხოების მინისტრის განცხადებით ეს ნაბიჯი წარმოადგენს „მუდმივი უსაფრთხოების ბადეს ყველაზე დაუცველი ჯგუფებისათვის.“
ესპანეთი კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა და დადასტურებული შემთხვევებით ევროპაში მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება.
UBI-ს გამოცდილება სხვა ქვეყნებში
ირანის გამოკლებით, რომელმაც საყოველთაო საბაზისო შემოსავალი 2011 წელს დანერგა, UBI სრულყოფილად ჯერჯერობით სხვა არცერთ ქვეყანას განუხორციელებია.
UBI-ს კრიტიკოსთა აზრით, პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ რეგულარული, უპირობო შემოსავალი უმუშევრობას ახალისებს. აღსანიშნავია, რომ ეკონომისტების მიერ გამოქვეყნებული რეპორტის მიხედვით, ირანში საყოველთაო საბაზისო შემოსავალს დასაქმების დონეზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა არ ჰქონია.
UBI-ს ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი ფინეთში ჩატარდა. სატესტო პროგრამა ორი წელი გაგრძელდა და 2019 წელს დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში, უმუშევარი ფინელები ყოველთვიურად 560 ევროს იღებდნენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფინეთში პროგრამამ დადებითი გავლენა იქონია ბენეფიციარების ბედნიერებისა და ჯანმრთელობის დონეზე, თუმცა UBI პოზიტიურად არ ასახულა მათ მიერ სამუშაო ადგილის პოვნაზე.