Starlink არის SpaceX-ის მასშტაბური პროექტი, რომლის მიზანია, დაახლოებით, 12,000 პატარა თანამგზავრისგან შექმნას ურთიერთდაკავშირებული ქსელი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
SpaceX-ის განცხადებით, აშშ-ის მასშტაბით Starlink-ის ახალი სატელიტური ინტერნეტმომსახურებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია და პოტენციურ მომხმარებელთა რიცხვი 700 000-ს აღწევს.
დიდი საზოგადოებრივი დაინტერესებიდან გამომდინარე, SpaceX-მა კომუნიკაციების ფედერალურ კომისიაში ავტორიზებული მომხმარებლის ტერმინალების რაოდენობის 1 მილიონიდან 5 მილიონამდე გაზრდა მოითხოვა. ტერმინალები არის მოწყობილობები, რომლებსაც მომხმარებლები კომპანიის სატელიტურ ინტერნეტქსელთან დასაკავშირებლად გამოიყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ახლახანს SpaceX-მა Starlink-ის ვებსაიტები განაახლა, რათა პოტენციურმა მომხმარებლებმა მუდმივად შეძლონ სიახლეების მიღება Starlink-ის მომსახურების არეალის გაფართოების შესახებ. საიტზე დარეგისტრირება უფასოა, რისთვისაც მხოლოდ ელექტრონული ფოსტისა და საფოსტო მისამართის მითითებაა საჭირო.
SpaceX მიმდინარე ზაფხულს Starlink-ის მომსახურების კერძო ბეტა ტესტირებას აპირებს, რომელსაც საჯარო ბეტა ტესტირება მოჰყვება. ილონ მასკის განცხადებით, კომპანია კომერციული მომსახურების შეთავაზებას აშშ-ის ჩრდილოეთ და კანადის სამხრეთ რეგიონებში წლის ბოლომდე დაიწყებს, რის შემდეგაც სატელიტური ქსელი 2021 წლიდან გაცილებით უფრო სწრაფად და გლობალურად გავრცელდება. ამასთან, Starlink-ის ქსელს არანაირი შეფერხება არ ექნება და მისი ინტერნეტსიჩქარე დედამიწაზე არსებულ სერვისებს მეტოქეობას გაუწევს.