SpaceX Crew Dragon-ის ისტორიული მისია დასრულდა

30 მაისს, SpaceX Crew Dragon-ის გაშვების წუთიდან კოსმოსური ფრენის ახალი ეპოქა დაიწყო. ამერიკელი ასტრონავტები – რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი, ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით Crew Dragon ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით გაფრინდნენ.

მოვლენის მიმართ მიპყრობილი განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: 2011 წლის Space Shuttle-ის პროგრამის დასრულების შემდეგ ეს ამერიკის მიწიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევაა. ასევე, პირველად ჩვენი პლანეტის ისტორიაში ადამიანი ორბიტაზე კომერციულად აშენებული კოსმოსური ხომალდით გაფრინდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად, დაახლოებით, 80 მილიონ დოლარს იხდიდა. SpaceX-ის საფრენი აპარატით კი კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება. ამასთან, SpaceX-ის რაკეტების მრავალჯერადად გამოყენების პერსპექტივა კოსმოსური ფრენის ხარჯებს საგრძნობლად შეამცირებს. საყურადღებოა ისიც, რომ ხომალდს 4 ადამიანის გადაყვანის და 220 ფუნტზე მეტი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა აქვს, რაც გუნდის წევრების რაოდენობას გაზრდის.

2 თვის შემდეგ, 2020 წლის 2 აგვისტოს კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟი მექსიკის ყურეში დაეშვა. ასტრონავტებმა კოსმოსურ სადგურზე 63 დღე გაატარეს, სადაც შეამოწმეს SpaceX-ის სისტემები და მახასიათებლები. ბენკენმა და ჰერლიმ ხომალდს Endeavour უწოდეს.

პროექტი NASA-ს მისია Demo-2-ის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანი სამომავლო გრძელვადიანი ფრენებისთვის Crew Dragon-ის სისტემების გამოცდა იყო.

NASA ექვსი კვირის განმავლობაში Demo-2–ის მონაცემების განხილვას აპირებს. რის შემდეგაც, სექტემბრის ბოლოს SpaceX Crew Dragon-ის პირველი საოპერაციო მისია იგეგმება, რომელიც 4 ადამიანისგან შედგება.

ეკიპაჟის წევრები იქნებიან NASA-ს ასტრონავტები: მაიკ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შანონ უოკერი და JAXA-ს ასტრონავტი სოიჩი ნოგუჩი.

ისტორიული მოვლენა SpaceX-ის და NASA-ს ერთობლივი დაუღალავი შრომის შედეგია, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს კოსმოსის ათვისების პროცესს.