Space International-ის ტექნოლოგიური განვითარება ქალი ლიდერების გადმოსახედიდან
Space International-ი თიბისი ჯგუფის პირველი საერთაშორისო ქართული ფინტექ-კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2018 წელს დაფუძნდა და მალევე, საერთაშორისო კომპანიად იქცა. დღეს, Space International-ის პლატფორმაზე აწყობილი ციფრული ბანკები საქართველოსა და უზბეკეთში ოპერირებს. საერთო ჯამში, კომპანიას სამ მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, ამათგან ორი მილიონი – უზბეკეთში. უზბეკეთის ბაზარზე, ისევე, როგორც საქართველოში, ნეობანკ „სფეისის“ შემთხვევაში, კომპანია საცალო დაკრედიტების მიმართულებას ავითარებს და მომხმარებლებს სრულად ახალ, ტექნოლოგიურად დახვეწილ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტივ საბანკო გამოცდილებას სთავაზობს.
როგორც Space International-ში ამბობენ, კომპანიის წარმატებას, დიდწილად კომპანიის თანამშრომლები, ანუ სფეისელები განაპირობებენ, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან იმ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებსაც მილიონობით ადამიანი, ორ ქვეყანაში იყენებს. ბოლო წლების განმავლობაში, Space International-ი ძალიან გაიზარდა და იმ იდეას, რომელსაც საფუძველი ხუთმა ადამიანმა ჩაუყარა, დღეს კომპანიის 270-მდე თანამშრომელი აგრძელებს. ამასთან, სასიამოვნო სამუშაო გარემოს შესაქმნელად, Space International-ი საკუთარ თანამშრომლებს ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს სთავაზობს, რამაც, შესაძლოა, ტექნოლოგიებში ჩართულ ქალ თანამშრომლებს მეტი მოტივაცია მისცეს, მით უფრო, რომ ქალები Space International-ის სამუშაო ძალის თითქმის ნახევარს შეადგენენ.
სხვათა შორის, კომპანიის წარმატებას, მისი მესვეურები, ნაწილობრივ, ჯანსაღ გენდერულ ბალანსსაც მიაწერენ, რომელიც, მათი თქმით, კომპანიაში ბუნებრივად და ყოველგვარი კვოტირების გარეშე შეიქმნა. შერჩევის ბუნებრიობა იგრძნობა საუბარშიც: ამ სტატიისთვის, Space International-ის ტექნოლოგიური მიმართულების ხუთ ლიდერ ქალს ველაპარაკე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თითოეული მათგანი კომპანიის მიერ მეტად დაფასებულია, რაც, ცხადია, დადებითად აისახება მათ პროდუქტიულობაზე და ბედნიერების ზოგად დონეზე. ბედნიერი თანამშრომელი კი, როგორც საქვეყნოდ ცნობილია, წარმატებული კომპანიის საწინდარია.
Space International-ის წარმატებულ ქალ თანამშრომლებს, ცხადია, ასევე ველაპარაკე, მათ ყოველდღიურობაზე, სამუშაო გარემოზე, კომპანიის კორპორაციულ კულტურაზე, მოტივაციის წყაროებსა და კომპანიის მომავალზე, რომელიც, მათი თქმით, მეტად ნათელი და საერთაშორისოა. თითოეული რესპონდენტის ისტორია იმდენად დამოუკიდებელი, სრულყოფილი და საინტერესოა, რომ უპრიანი იქნება, ამბის თხრობა საუბრის, უფრო კი ინტერვიუების ფორმატში გავაგრძელოთ.
რუსკა ქურდოვანიძე
საკრედიტო პროდუქტების ტრაიბის ლიდი
რუსკა, როდის მოხვდი „სფეისში“ და რა გზა გაიარე მას შემდეგ?
„სფეისის“ გუნდს 2018 წელს შემოვუერთდი, კარდინალურად განსხვავებული სფეროდან – თიბისიში ვმუშაობდი, ჯერ მარკეტინგში, მერე კი ბიზნესის მიმართულებით. ტექნოლოგიებთან ჩემი ურთიერთობაც სწორედ თიბისიში დაიწყო, მაგრამ უფრო ზედაპირულად. „სფეისის“ გუნდს რომ შემოვუერთდი, ძალიან პატარა იყო, რადგან კომპანია და, ზოგადად, ეს მიმართულება, ჩვენს ქვეყანაში სწორედ მაშინ იდგამდა ფეხს. „სფეისში“ მოხვედრა ცვლილებებს ნიშნავდა, რადგან სრულიად ახალ გარემოში, ტექნოლოგიებში მოვხვდი.
რუსკა, როგორია შენი ყოველდღიურობა და გუნდი, რომელსაც უძღვები?
ჩვენი გუნდის წევრები, უმეტესწილად, მილენიალები და ჯენზი თაობის წარმომადგენლები არიან და თავისებური ხასიათის გამო, მათ ჩინ-მედლებით, ჰალსტუხებითა და კონტრაქტებით ვერ მართავ – ამისთვის ზედმეტად კრეატიულები და თავისუფლები არიან. თუმცა, ეს თავისუფლება, ცხადია, არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში, რაშიც ეჯაილი და სკრამის ფრეიმვორქი გვეხმარება, რომელიც მენეჯმენტს უფრო ადამიანურს ხდის. თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ მისი ინდივიდუალიზმი და შინაგანი თავისუფლება, კომპანიას წინა პლანზე აქვს წამოწეული.
„სფეისში“ ეჯაილით, სკრამის ფრეიმვორქით ვმუშაობთ და წლის და კვარტლის დონეზე ვიგეგმებით, ანუ ზუსტად ვიცით, რა არის ჩვენი მთავარი მიზანი და რა დაგვჭირდება მის მისაღწევად. სკრამის ფრეიმვორქი, თავის წილ, კონკრეტულ ცერემონიებს გულისხმობს, მათ შორის სპრინტ-გრუმინგს, სპრინგ-ფლენინგს, სპრინტ-რივიუსა და რეტროსპექტივას. გამოდის, რომ დროის ნებისმიერ მონაკვეთში, გუნდის თითოეულმა წევრმა ზუსტად იცის მისი დავალებები და ჰყავს ზედამხედველი, რომელიც მის პროგრესს თვალს ადევნებს.
რა ამოტივირებს შენს გუნდს ყველაზე მეტად და როგორია „სფეის ინთერნეიშენალის“ კორპორაციული კულტურა?
ჩემი აზრით, კოდის წერა, ისევე, როგორც დეველოპმენტი და, ზოგადად, ტექნოლოგიები – შემოქმედებაა, რადგან ამ გზით, ბევრი პროცესის კრეატიულად გადაწყვეტა შეიძლება. აი, სწორედ ეს კრეატიული გადაწყვეტები, დავალებების შესრულება, შენ მიერ შექმნილი პროდუქტების შეგრძნება და „სფეის ინთერნეიშენალის“ პლატფორმით მათი ორ ქვეყანაში მასშტაბირება არის ის, რაც გუნდს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.
„სფეისის“ კორპორაციული კულტურა, რომელიც თითოეულ სფეისელს გათავისებული აქვს, ძალიან გამოკვეთილია და რამდენიმე მდგენელს ეფუძნება. პირველი – ნდობაა, რადგან თვითორგანიზებადი გუნდების პირობებში, თანამშრომლები ერთმანეთს უსიტყვოდ უნდა ენდობოდნენ. მეორე – ემპათიაა, რადგან სფეისელები ემპათიურები არიან არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ კლიენტების მიმართაც, ისინი ხომ ჩვენი მთავარი სტეიკჰოლდერები არიან. მესამე მდგენელი კი ისაა, რომ „სფეისში“ გადაბრალების კულტურა არ გვაქვს – პირიქით, პასუხისმგებლობას ყველა ვინაწილებთ და კონკრეტულ ადამიანზე ჯოხი არასდროს ტყდება.
პირადად შენ რა გამოტივირებს?
მე, პირველ რიგში, ჩემი გუნდი მამოტივირებს, რომლის გარეშე, ვერაფერს ვიზამდი. გუნდთან ერთად, ცხადია, მამოტივირებს კომპანიის შედეგი და ტემპი, რომელიც, ჩემი სამუშაო თავგადასავლებიდან გამომდინარე, ისედაც სწრაფი იყო და „სფეისში“ კიდევ უფრო დაჩქარდა. ტექნოლოგიებშიც ხომ ასეა, ტემპი თუ დააგდე, ესე იგი აუტსაიდერი ხარ, მაგრამ „სფეისში“ ყველაფერი სხვანაირადაა, რადგან ეს პლატფორმა მოდუნების საშუალებას არ გაძლევს.
მაკა ხაბეიშვილი
მონაცემების მართვის, ანალიტიკისა და CRM-ის ლიდი
მაკა, რა გზა გამოიარე, სანამ „სფეისში“ მოხვდებოდი?
„სფეისში“ მუშაობა, ფაქტობრივად, იდეის შექმნის დღიდან დავიწყე, ანუ იმ რამდენიმე ადამიანში ვიყავი, ვინც „სფეისი“ შექმნა. თავის დროზე, პროექტის ფინანსების მიმართულებას ვხელმძღვანელობდი – ბიზნესგეგმის შედგენა და პროექტის კომერციალიზაცია მევალებოდა. სრულ განაკვეთზე სამუშაოდ „სფეისში“ სამი წლის წინ გადმოვედი და კვლავ ფინანსები და რეპორტინგი შევითავსე, მაგრამ გასულ წელს, ამ მიმართულებებს ჩავეხსენი.
მოგვიანებით, მონაცემების მიმართულება ჩავიბარე, რომელიც დღეს, ოთხ მიმართულებას აერთიანებს, ესენია: მონაცემთა ინჟინერია, ბიზნეს ანალიტიკა, მონაცემთა მეცნიერება და მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა, ანუ CRM-ი. „სფეის ინთერნეიშენალში“ მონაცემებს ძალიან ვაფასებთ და ვცდილობთ, რომ თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება გამართულ ანალიტიკას დავაფუძნოთ.
მონაცემებთან ურთიერთობით ყოველდღიურად დიდ ცოდნას გამოვიმუშავებთ: მონაცემებს გარდავქმნით ინფორმაციად, ხოლო ინფორმაციას ცოდნის მისაღებად ვიყენებთ, რომლის დახმარებით, კლიენტს მასზე მორგებულ პროდუქტს ვუქმნით. შესაბამისად, ვცდილობთ, მონაცემები, რომელიც ჩვენთვის ფასდაუდებელ აქტივს წარმოადგენს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, როგორც ჩვენთვის, ასევე კლიენტის სასარგებლოდ.
მაკა, რადგან „სფეისში“ კლიენტებთან ფიზიკური ურთიერთობა არ გაქვთ, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა, ანუ CRM-ი, კომპანიისთვის ალბათ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასეა?
„სფეისში“ სხვადასხვა ტიპის მონაცემებს ვაგროვებთ, ცხადია, კონფიდენციალურობის საზღვრებში. თუნდაც ის ცოდნა, თუ რას და რა ვადაში აკეთებს შენი მომხმარებელი რეგისტრაციის შემდეგ, უკვე სასარგებლოა, რადგან საშუალებას გაძლევს დაინახო, რა არის პრობლემატური და რა – მარტივი. ყველანაირად ვცდილობთ, ასეთ კონკურენტულ, დინამიკურ და შესაძლებლობებით აღვსილ სამყაროში მომხმარებლებს ჩვენთან დარჩენის სურვილი შევუქმნათ, რაც, ცხადია, მათთვის საუკეთესო პროდუქტის შეთავაზებაში გამოიხატება.
მაკა, როგორი გუნდი გყავს და როგორ აისახება მათზე „სფეისის“ კორპორაციული კულტურა?
„სფეისში“, კომპანიის არსებობის პირველივე დღიდან, ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რაშიც თითოეული ადამიანის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, „სფეისს“ სხვა ორგანიზაციებისგან ის გამოარჩევს, რომ ჩვენთან, თანამშრომლები უფროს-უმცროსებად და მეტი თუ ნაკლები გამოცდილების მქონე პროფესიონალებად არ იყოფიან, რადგან ყველა სფეისელი ამბიციური და თანასწორია და შეუძლია, საერთო საქმეში დიდი წილი შეიტანოს. თუმცა, ამისთვის ყველა რგოლის ადამიანმა პირადი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რასაც აკეთებს. ზოგადად, მჯერა, რომ თუ ადამიანს სრულად გათავისებული არ აქვს, თუ რაოდენ დიდი წვლილი შეაქვს საქმეში, ეფექტიანად ვერაფერს გააკეთებს.
შენ რა გაძლევს მოტივაციას?
ჩემთვის, როგორც „სფეისში“ პირველივე დღიდან ჩართული ადამიანისთვის, მოტივაცია ის არის, რასაც ვქმნით – აპლიკაციას, რომელიც იმდენად მასშტაბირებადია, რომ საერთაშორისო ბაზარზე უსაზღვრო შესაძლებლობებს გვიქადის. საქართველოში ბევრი დიდი კომპანიაა, რომელიც ლოკალურად ძალიან წარმატებულია, მაგრამ მათი შესაძლებლობები, ხშირად, საქართველოშივე იწურება – ჩვენთვის კი, ზღვარი უბრალოდ არ არსებობს.
ნინო აბრამიშვილი
ხარისხის უზრუნველყოფის ლიდი
ნინო, ფინანსებიდან ჯერ ტექნოლოგიებში აღმოჩნდი, მერე კი ნეობანკში – როგორი იყო ეს გზა?
ტექნოლოგიებში ხუთი წლის წინ, ფინანსებიდან გადმოვედი და ამ დროის განმავლობაში, ვცადე როგორც ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულება, ასევე ანალიტიკა და დიზაინი. მოგვიანებით, 2021 წლის აგვისტოში, „სფეისში“ გადმოვედი. პირველ ქართულ ნეობანკში მუშაობა ჩემთვის სიახლესთან ასოცირდებოდა, რაც თავისთავად იყო მოტივაციისა და ინსპირაციის წყარო. ტრადიციული ფინანსებისა და ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, ნეობანკში შეგიძლია ყოველდღიურად გაიზარდო, თანაც ძალიან სწრაფად, რაც, ჩემი აზრით, დღევანდელი ტექნოლოგიური ტალანტებისთვის განსაკუთრებით მომხიბვლელია. ამასთან, „სფეისში“ უნიკალურ პროდუქტს ვქნით, რომელიც ამ დრომდე, ბევრს არ გამოუცდია, რაც ასევე შესაძლებლობაა.
რას ნიშნავს ხარისხის უზრუნველყოფა და რა ყოველდღიურ პროცესებს გულისხმობს ის?
ხარისხის უზრუნველყოფა, პირველ რიგში, მომხმარებლამდე მაქსიმალურად გამართული პროდუქტის მიტანას გულისხმობს, მაგრამ პროდუქტთან ერთად, მომხმარებელმა ის გამოცდილებაც უნდა მიიღოს, რომელიც მისთვის „სფეისმა“ ჩაიფიქრა. ამგვარად, ხარისხის უზრუნველყოფა, ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, მხოლოდ ტესტირებას და დეველოპერების მიერ შექმნილი პროდუქტების გადამოწმებას კი არ გულისხმობს, არამედ პროდუქტისა და სამომხმარებლო გამოცდილების ხარისხის უზრუნველყოფას, განვითარების თითოეულ ეტაპზე. რეალურად, ტესტირების პროცესს უფრო გლობალურად ვუყურებთ, რადგან გვინდა, პროდუქტი აკმაყოფილებდეს არა მხოლოდ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, არამედ მოერგოს ჩვენი მომხმარებლების გემოვნებასაც.
ნინო, როგორია შენი გუნდი და რას ფიქრობ „სფეისის“ კორპორაციულ კულტურაზე?
ჩემი გუნდი გამოკვეთილად მრავალფეროვანია, რაც ძალიან მახარებს – ბევრი თანამშრომელი გვყავს, ვინც, ადრე, ჩემსავით, ფინანსებში მუშაობდა, მაგრამ არიან, ზოგადად, ტექნოლოგიური ტალანტის მქონე ადამიანები და სხვა ინდუსტრიებიდან მოსული ტესტერებიც. სფეისელებიც გვყავს, რომლებმაც „სფეისში“ მუშაობა პილოტებად დაიწყეს, მაგრამ ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განვითარდნენ. თითოეულ მათგანს განსხვავებული ხედვა აქვს, რაც სხვადასხვა პრობლემის დანახვის საშუალებას აძლევთ – ასე მაქსიმალურად ბევრი წინაღობის გადალახვა შეგვიძლია. სხვათა შორის, მრავალფეროვნებას რეკრუტინგის დროსაც ვაკვირდებით, რადგან ვცდილობთ გუნდი ისეთი ადამიანებით დავაკომპლექტოთ, ვინც ჩვენს გუნდს უფრო განსხვავებულ გამოცდილებას შესძენს.
ნინო, რა გაძლევს მოტივაციას, როგორც გუნდთან ურთიერთობისას, ასევე ახალი პროდუქტისა თუ ტექნოლოგიის ტესტირებისას?
„სფეისში“ ჩემს გუნდთან სერვანტ-ლიდერშიფის მეთოდით (ქართ. „ლიდერი, როგორც მსახური“) ვურთიერთობ, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი გუნდის წევრებს დავალებები მივცე და თან, მათ ემოციურ, ტექნიკურ და საერთოდ ყველანაირი წინაპირობა შევუქმნა, საკუთარი საქმე ეფექტიანად რომ აკეთონ. ძალიან მახარებს, რომ მსახურებით, ამ ადამიანებს საუკეთესოებისკენ ვუბიძგებ. ამასთან, ამ მიდგომას საპირისპირო მიმართულებაც აქვს, რაც გუნდის წევრებისგან მუდმივი უკუკავშირის მიღებას გულისხმობს – მაინტერესებს რა აკლიათ, რისი გაუმჯობესება უნდათ და რა სჭირდებათ, რომ ყოველდღიურად საუკეთესო შედეგი დადონ.
პროდუქტს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ დღეს, „სფეისი“ ტექ. ტალანტებისთვის საუკეთესო სამუშაო ადგილს წარმოადგენს მთელ საქართველოში და თავად ეს ფაქტი, დიდ მოტივაციას მგვრის. დღეს, „სფეის ინთერნეიშენალი“ მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს იყენებს და მათ ყველა საკუთარ პროცესში ნერგავს, ორ ქვეყანაში. ამასთან, აუცილებლად უნდა გამოვყო ის, რომ „სფეისში“ ექსპერიმენტების ჩატარება შეგვიძლია. ექსპერიმენტებს, ზოგჯერ, შეცდომები მოჰყვება, რომლებსაც განვითარებისთვის ვიყენებთ, რაც, საბოლოო ჯამში, პროფესიულად გვზრდის, შინაგან თავისუფლებას გვანიჭებს და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმიზაციის შესაძლებლობას გვაძლევს.
ნათია ჭანტურია
ყოველდღიური საბანკო ოპერაციების და დეპოზიტების ტრაიბის ლიდი
ნათია, როგორია შენი სფეისური თავგადასავალი?
„სფეისში“ თიბისიდან გადმოვედი, სადაც ექვსი წელი, სულ სხვა სფეროში, მარკეტინგში ვმუშაობდი – განათლებითაც მარკეტერი ვარ. წლების განმავლობაში, თიბისიში რამდენიმე მიმართულება გამოვიცვალე და ბოლოს, „სფეისში“ გადმოსვლა ვარჩიე. ეს ის დროა, პირველი ქართული ციფრული ბანკი, ანუ „სფეისი“ ახალი დასტარტული რომ იყო, რამაც ცოტათი შემაშინა კიდეც, რადგან ზუსტად არ ვიცოდი, კომპანიაში რა როლი მექნებოდა. თავიდან ხალხიც ცოტა იყო, ასე მაქსიმუმ ორმოცდაათი, მაგრამ დროთა განმავლობაში თანამშრომლების რაოდენობაც გაიზარდა და ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტებისაც, რომლებიც ახლა ორ ბაზარზე, საქართველოსა და უზბეკეთში იყიდება.
ნათია, გეხმარება თუ არა მარკეტინგის ცოდნა „სფეისში“?
თიბისიში მიღებული გამოცდილება დღემდე ძალიან მეხმარება იმაში, რომ ზუსტად მივხვდე, პროდუქტს რა სახის პოზიციონირება, კომუნიკაცია და შეფუთვა სჭირდება. ცხადია, მუდმივად ვაკვირდები უკუკავშირს. ტექნოლოგიურ სფეროში მნიშვნელოვანია ინდუსტრიის გულისცემას გრძნობდე და ყველა ახალ ტრენდს დასაწყისშივე ცნობდე, რათა გაიგო, მომხმარებელს რა სურს. ამასთან, თვალი უნდა ადევნო კონკურენტებსაც, რაც ჩვენს შემთხვევაში, გლობალურ მასშტაბს გულისხმობს – აუცილებლად უნდა იცოდე, ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები და აპლიკაციები მომხმარებლებს რა პროდუქტებს სთავაზობენ. ამ ყველაფერთან ერთად, ცხადია, ჩემი გუნდი ჩართული არის დიზაინშიც, რადგან როცა პროდუქტს ქმნი, უნდა გესმოდეს, მომხმარებელი მას რამდენად მარტივად აღიქვამს.
საქართველოში „სფეისს“ ანალოგი უბრალოდ არ აქვს, ასე რომ მინდა გკითხო – როგორია კორპორაციული კულტურა იმ კომპანიაში, რომელიც ბაზარზე თამაშის წესებს და ტრენდებს აწესებს?
„სფეისში“ იმდენ დროს ვატარებთ, რომ მე და ჩემი გუნდის წევრები, მას მხოლოდ სამსახურად არ აღვიქვამთ. შესაბამისად, ეს სამსახურებრივი საქმიანობა, რომელიც მეგობრობაში გადაგვივიდა, ჩვენი მთავარი საერთო ღირებულებაა, რომელსაც თითოეული სფეისელი იზიარებს. ამასთან, ერთმანეთის მიმართ ძალიან ემპათიურები ვართ, რაც ჩვენს თავდაჯერებულობასთან და ცნობისმოყვარეობასთან შეზავებით ქმნის იმ შედეგებს, რომელსაც საქართველოსა და უზბეკეთში მივაღწიეთ. სხვათა შორის, ჩვენი უზბეკი კოლეგებიც ჩვენნაირები არიან.
რა გამოარჩევს „სფეისს“ სხვა ნეობანკებისგან?
შინაგანი მოტივაციით აღვსილი ადამიანები, რომელთაც კარგის კეთება უყვართ. შეიძლება, ხშირად, არც თუ ისე დიდ პროექტებზე ვმუშაობთ ან ისეთ რამეს ვავითარებთ, რაც, პრინციპში, უკვე გაგვიკეთებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სფეისელები ყველა გამოწვევას, დიდს თუ მცირეს, ინტერესით უდგებიან. ეს ადამიანები რომ არა, „სფეისი“ ის არ იქნებოდა, რაც დღეს არის. ჩვენთან ჰიბრიდული მოდელი ფუნქციონირებს, ანუ ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ, საიდან იმუშავებენ, მაგრამ მე პირადად „სფეისი“ იმდენად მიყვარს, რომ, აი, მეხუთე წელია, რაც ოფისში დავდივარ, რადგან ამ ადამიანებთან პირისპირ მუშაობა ძალიან მსიამოვნებს.
ანა ქარქაშაძე
სისტემური ანალიტიკის გუნდის ლიდი
ანა, როდის მოხვდი „სფეისში“ და რა კარიერული ზრდა განიცადე მას შემდეგ?
სხვათა შორის, „სფეისის“ ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი ვარ, მაგრამ ბევრი ჩემი კოლეგისგან განსხვავებით, პროფესია არ შემიცვლია. „სფეისში“ რომ გადმოვდიოდი, ზუსტად ვიცოდი „სფეისი“ რას მომცემდა და მე რას მივცემდი. დღემდე ასე მოვდივართ და ასე გავიზარდეთ – „სფეისი“ ხუთი თანამშრომლიდან ორას ორმოცდაათ ადამიანამდე, მე კი ბიზნესის ანალიტიკოსობიდან – ამ მიმართულებით ლიდამდე. ამ წლებში ბევრი წინაღობის გადალახვა მოგვიწია – პირველი, რა თქმა უნდა, საქართველოში პირველი ნეობანკის შექმნა იყო, რასაც, ვფიქრობ, თავი წარმატებით გავართვით.
ანა, რას ნიშნავს ანალიტიკოსობა და საერთოდ, როგორია შენი ყოველდღიურობა?
ჩვენი როლი, რომელიც პროდუქტის მფლობელებთან და მთავარ სტეიკჰოლდერებთან ერთად ამოცანის ნათლად ჩამოყალიბებაში და მის ტექნიკურ გამართვაში მდგომარეობს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ექსპერტულ ცოდნას მოითხოვს და ვცდილობთ, ჩვენი გუნდის წევრებს ორივე ეს უნარი თანაბრად ჰქონდეთ განვითარებული – ამ ყველაფერში, ცხადია, ჩვენი დეველოპერული გუნდი გვეხმარება. ბიზნესის ანალიტიკოსები, რეალურად, ხიდის ფუნქციას ვასრულებთ ბიზნესის მიერ დასმულ მიზნებსა და მათ სისრულეში მოსაყვანად შექმნილ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს შორის.
ჩვენი ყოველდღიურობა მენეჯმენტთან კონკრეტული მოთხოვნების განხილვით იწყება, რადგან გვსურს გავიგოთ, ბიზნესს რა სჭირდება. ვცდილობთ, ამ მოთხოვნას ჩავუღრმავდეთ, გავამდიდროთ და კითხვები დავსვათ, რადგან ხშირად, ამოცანის მოცვა სულ რაღაც ერთი წინადადებით შეიძლება. რეალურად, ჩვენ ხიდი ვართ არა მხოლოდ ბიზნესსა და ტექნოლოგიებს შორის, არამედ იმ მრავალ ჩართულ რეგულატორთანაც, რომელიც საქართველოსა და უზბეკეთში საკანონმდებლო ჩარჩოს ადგენს. მარტივად რომ გითხრათ, ამ ყველა მხარისგან ინფორმაციის მიღება, გაერთიანება, გაანალიზება და საერთო ტექნიკური გადაწყვეტის შემუშავება გვევალება.
რამდენად განსხვავებულია ეს პროცესები ნეობანკში ტრადიციულ ბანკთან შედარებით?
ნეობანკში სიახლეების არ გვეშინია და შეგვიძლია, უფრო თამამი და ტექნოლოგიურად ღია გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მივიღოთ, რასაც ტრადიციული ბანკი ერიდება, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე. ჩვენ კი, ნეობანკში, გვაქვს ეს ფუფუნება, რაც ჩვენი წარმატების საიდუმლოცაა.
ანა, რა გამოარჩევს „სფეისს“ ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან?
კულტურა, რომელიც კომპანიაში იმ ადამიანებმა დაამკვიდრეს, წლების წინ, „სფეისის“ შენება რომ დაიწყეს. ეს კულტურა დაფუძნებულია თავისუფლებაზე, მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე. საქართველოში რომ გავეშვით, ასეთი სამაგიდო წიგნიც გვქონდა – „სფეისური ოდისეა“… ძალიან ვამაყობ, რომ ამ ყველაფერში ჩემი წვლილიც მიმიძღვის.
რა არის „სფეისური ოდისეა“?
სფეისური თავგადასავალი გვასწავლის, რომ სფეისელი თავმდაბალი, მაგრამ ამავდროულად, თამამი უნდა იყოს, რაც შეიძლება პარადოქსულადაც ჟღერდეს. სფეისელი თამამი უნდა იყოს გადაწყვეტილებებში, მაგრამ თავმდაბალი ადამიანებთან ურთიერთობისას. ჩვენი კორპორაციული კულტურა ადამიანურ ღირებულებებს უფრო ეფუძნება, ვიდრე სტანდარტულ იერარქიას და თავიდან, მოწყობაც ასეთი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა, რომ უფროს-უმცროსობა და კონკრეტული როლები არ გვქონდა. სფეისური თავგადასავლის თანახმად, თამამი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო, მაგრამ ადამიანების მიმართ ყოველთვის ღიაობა შეინარჩუნო.