2021 წლიდან, ტურისტები დედამიწის ზედაპირიდან ოცდაათი კილომეტრის მოშორებით, საჰაერო ბუშტით შეძლებენ ასვლას, – ამ პროექტზე, რომელსაც „ნეპტუნი“ ჰქვია ამერიკული Space Perspective მუშაობს. პირველი სატესტო გაფრენა კომპანიამ 2021 წლის დასაწყისისთვის ჩანიშნა, რომელიც ფლორიდაში, „ნასას“ კენედის სახელობის ცენტრიდან აიღებს სათავეს.
სატესტო გაფრენისას კოსმოსურ ხომალდზე ეკიპაჟი არ იქნება, თუმცა, ამის მიუხედავად, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ექვსსაათიან მოგზაურობას, სულ მალე, ადამიანებიც დასწრებიან. „მიზნად დავისახეთ იმ გზის შეცვლა, რომლითაც ადამიანები კოსმოსში ხვდებიან. ამით დედამიწის სასარგებლოდ მიმდინარე კვლევებს და ჩვენსა და პლანეტას შორის არსებული კავშირის გაღრმავებას შევუწყობთ ხელს“, – ამბობს Space Perspective-ის დამაარსებელი, ჯეინ პოინტერი.
ეს მოგზაურობა ექვს საათს გასტანს, რა დროსაც ტურისტები დედამიწის ზედაპირს ოცდაათი კილომეტრით დაშორდებიან. უკან დაბრუნებას კი, მხოლოდ და მხოლოდ ორი საათი დასჭირდება.
„ნეპტუნის“ დიზაინზე ბრიტანულმა PriestmanGoode-მა იმუშავა, იმ სტუდიამ, რომელიც ასევე ილონ მასკის Hyperloop-ის სატრანსპორტო სისტემის დიზაინს ჰქმნის. „ყველა იმ ელემენტზე ვიფიქრეთ, რომელიც ამ გამოცდილებას არამხოლოდ დასამახსოვრებლად, არამედ კომფორტულადაც აქცევდა“, – ამბობს დიზაინერი ნაიჯელ გუდი.